მოდის დაღლილი მამრი, სახლის ზღურბლზე ჯდება,
ნაჯაფი ხელები უწყვია მუხლებზე და დაღლილი თვალებით
უყურებს ვაშლის
ხეს...
(ის ყვავის!)
ვაშლის ხე ყვავის; სადაცაა კვირტებიდან ნაყოფი დაიბადება,
სიმწიფესაც შეიპარებს და მოსაწყვეტად დაუძახებს ადამს...
(სჭირდებათ შვილებს!)
შვილები იზრდებიან, ადამი კი ვერ იხსენებს ედემს,
სამაგიეროდ, ახსოვს, რომ „მიწაა და მიწად იქცევა“, მანამდე
კი უნდა იჯაფოს...
(ესაა ცხოვრება!)
ცხოვრება გრძელდება. ვაშლის ხე ნაყოფით ივსება,
ადამი გულგრილად შესცქერის, ქალი ოთახის ყურეს მიჰყუდებია,
უყურებს ქმრის ტვირთსავე მხრებს და გრძნობს სინანულს...
ევას ნამდვილად სცხვენია მასში. ცდილობს, ქმარს ტვირთი შეუმსუბუქოს...(ედემი უკვე დაკარგულია)
ქეთევან
ილურიძე
No comments:
Post a Comment