Tuesday, September 12, 2017

მე და შენ

    შენ შეძელი , საკუთარ თავში მე მეპოვა,...აი, ისეთი, ლაღი, უდარდელი, გახსნილი, უშუალო. შენ შეძელი, ცხოვრება შემყვარებოდა - ბედნიერი, წინააღმდეგობებით სავსე, საოცრად სწრაფი.
   შენ შეძელი, ლურჯი ცის სიღრმეში საოცრად მოკამკამე ვარსკვლავის ციაგი დამენახა, გამომერჩია და მერე მასზე ბევრი მეფიქრა.
   შენ ლაჟვარდოვანი დღე გამითენე, ღამის წყვდიადის შიში დამაძლევინე, ლექსი დამაწერინე და სხვისი ფიქრების კითხვა მასწავლე.
    შენ სიყვარულის ძალა დამანახე _ აი, ისეთი, ძლიერი, სულის დამანგრეველი. სიძულვილის საშიში ფერი შემაძულე, პატიების უნარით სული ამიმაღლე, შურისძიება განმარიდე. გრძნობა გრძნობად მიქციე, წუხილი - წუხილად, სიხარული _ სიხარულად... წელიწადის ყველა დრო გაზაფხულად.
შენ უსაძღვრო ხარ და უკიდეგანო.
მე მე ვარ და შენით ვარ მე...
ვინ ხარ შენ?
იქნებ დედა ხარ ( ჩემი სიცოცხლის დასაწყისი)
იქნებ მამა ხარ ( ცრემლიანი მონატრება)
იქნებ და ხარ ( ჩემი სისხლი და ხორცი)
იქნებ ქმარი ხარ ( ჩემი ნახევარი)
იქნებ შვილი ხარ ( ჩემი სიცოცხლის გაგრძელება)
იქნებ მოყვასი ხარ ( ერთგულებაშემოსილი)
იქნებ მტერი ხარ (ბალღამიანი გული)
არ ვიცი, ვინ ხარ!
მთავარია, რომ შენ შენ ხარ, მე კი შენით ვიქეცი მედ...
ვფიქრობ, ცხოვრებაც მხოლოდ ეს არის--- მე და შენ!!!!!

                                   ქეთევან ილურიძე

No comments:

Post a Comment