ჩემი ლექსები

***
- ქეთო, წერ?!
- არა, რას ამბობთ... ხანდახან სული იწყებს ჩურჩულს!
____________________
***
ბაღს გავაშენებ,
იქ ვახარებ ზღვისფერ ლილიებს,
დაღლილ თითებით
ავამღერებ მტვრიან კლავიშებს...
მზის სხივებივით
დავევლები ღამის სიცივეს,
ფიქრებდაღლილი გავაჩუმებ
გულგრილ ქარიშხლებს.

ბაღს გავაშენებ,
წყალს დავუსხამ ველურ შროშანებს,
მომლოდინე ხმით დაგიძახებ
შენ...
 ერთს...
  მოწყალეს.

ენძელას  ჩრდილში
დავჯდები და დაგელოდები
როგორც უმზეო,
 ფიქრდამქრალი,
  ჩუმი მოსაყდრე!
____________________
*** 
და თუ გაზაფხულზე ვაზი აცრემლდება,
ვაშლი ისევ ვაშლის მკლავებს - აყვავებს.
ნისლი გაქრება და ცა მოიწმინდება,
სიზიფე აცდუნებს სიკვდილს - დამარცხებულს.

და თუ ის იები კვლავ გამოჩნდებიან,
სულს შეაგებებენ წვიმების არიებს,
მზეთუნახავები მზესთან იცეკვებენ,
ხელსაც შემოჰკრავენ გრძნებიან დაირებს.

და თუ გაზაფხული ზეცად აიჭრება,
მერცხალს მომიყვანს და ქარებს შეაჩვენებს,
გული ამევსება, ნატვრა ამიხდება,
ისე ავტირდები, ვეღარც შემაჩერებთ!
____________________
მომიტევეთ!
მომიტევეთ ესე ზღაპართმეტყველება,
გულის გულში სიყვარულის გაკერპება,
სიმართლისთვის ჭრელი ნიღბის აფარება,
ჯოჯოხეთის ვარსკვლავებით განათება.

შემიცოდეთ, შემიბრალეთ მე - ცოდვილი,
ლექსის სტრიქონს რომ ქედდახრით ემონება,
უძღებ თვალებს შევანათებ დიდ სამყაროს,
ჩემი ფრაზა აღსარება გეგონებათ.

მომიტევეთ, სიყვარული მომიტევეთ,
ჩემი მთების, ამ ლურჯი ცის გაღმერთება.
დედამიწის ტკივილებთან შეგუება
და ადამის ნეტარებით დამარცხება...

შემიბრალეთ სამოთხიდან განდევნილი,
შეაშველეთ ჩემს ნაბიჯებს ფრთხილად ხელი,
ეშმაკის ქვა მომაშორეთ, წახდენილი,
გზაარეულს წამეკვრება, ვიცი, ფეხი...

მაპატიეთ, სულსწრაფობა მაპატიეთ,
უთქმელობა ვერ შევძელი, გავამხილე,
ნამთვრალევი ოჩოკოჩი შემეფეთა,
მოვუყევი, თუმც კი ბევრჯერ გამაფრთხილეთ.

შემიცოდეთ, დიდი ნდობის მსხვერპლად ვიქეც,
ქალღმერთ დალის მეგობრობა დავუპირე,
მშვილდ - ისარი ამურს როცა დავუმიზნე,
ბედისწერას სწორედ მაშინ გავუღიმე.

დალის თმებით შევუკარი ხელი ამურს,
ზღაპრის გმირის სამოსელი შემოვიცვი,
ოჩოკოჩის ნაფეხურებს ისე გავყევ,
მგონია, რომ ცოდვებს ვერსით შემოვიცლი.

მომიტევეთ ჩემი ზღაპართმეტყველება,
ვარსკვლავთა თვლა, სიჩუმე და პატიება,
უღრან ტყიდან ხეტიალით დაბრუნება,
სიცილი და ჯერთ უთქმელი დაპირება!
____________________
უნდა მოვასწრო
უნდა მოვასწრო, ბევრი რამე უნდა მოვასწრო,
მზეს თმა ჩავუწნა, წყალწაღებულს ხავსი ვაჩვენო,
იას ამოსვლა დავულოცო, ცას ხმა ვაწვდინო,
ეკალ - ბარდები ფეხით ვთელო, სიო ვარწიო.
შვილებს ცხოვრება შევაყვარო, დღე ვუფერადო,
წვიმასთან ერთად ავტირდე და მას ვუთანაგრძნო,
ოცნებებს თავი მოვუყარო, ლექსად ვაქციო,
ყვავილებიდან იასამანი გამოვარჩიო.
უნდა მოვასწრო, რამდენის თქმა უნდა მოვასწრო,
აისის სხივი შევაგებო რძისფერ ლილიებს,
საკვამურიდან კერას ალი ამოვადინო,
თან გავუღიმო გზად შეხვედრილ ყველა ღიმილებს.
უნდა მოვასწრო... აჩქარებით ვეძებ ნატვრის ხეს,
ვიცი, სინდისმა იმის ძირში რომ დაივანა.
ფეხაჩქარებით მოვდივარ და მაინცა ვნანობ,
ამ სიჩქარეში შენთან მოსვლა დამაგვიანდა...
____________________
იმ სივრციდან გაგონილი
როცა ვერ არქმევ სახელებს გრძნობებს,
როცა ვერ იტევს სიხარულს გული,
როცა იისფერ პეპლების ცეკვას
მოაქვთ სიმშვილე...
     სიმშვიდე სრული!

როცა ცხოვრების ქარიც მშვიდია,
როცა ცა ღელავს,
     ზღვა იწყებს დუმილს,
როცა ფიქრები შენით იწყება,
წვიმა ვერ ფარავს სიკეთის სურვილს.

როცა ნუშის ხე მზის სხივებს ჰყვარობს,
როცა ცა იწყებს ვარდისფრად თოვას,
გაუღე შენს გულს გულის კარები,
და დაელოდე, მზე მართლა მოვა...
____________________________
                            ისევ თქვენ - შვილებივით რომ მიყვარხართ
(ეს ლექსი თქვენ დამაწერინეთ -თამარმა, ორმა მარიმ, ვასომ, ორმა ნიკამ, სამმა გიომ, ორმა დიტომ, ორმა ავთომ, ზურამ, ლექსომ....)

წლები წლებად რჩება,
                  ჟამი - ჟამად,
წუთები გარბიან და ვხვდები,
მე თქვენთან ვისწავლე
   წარსულში სიარული,
მებმევა თქვენთან ერთად
                           ფრთებიც...

წლები უცებ ქრება,
        ზარი ირეკება,
ცხოვრება ლამაზდება თქვენით,
მე თქვენთან ვისწავლე
      დევების დამარცხება,
თქვენი წარმატებით
               ვთვრები...

მე თქვენთან ვისწავლე
      პატარას სულის განცდა,
როცა მოგონილთან ვრჩებით,
მე თქვენთან ვისწავლე
       ღიმილით მოსმენა,
როცა გაკვეთილებს ყვებით...

წლები წლებად რჩება,
                  ჟამი - ჟამად,
ჩვენ ერთად დავწერეთ
                              მითი,
თქვენი ნაწერები ჩემთვის
                          ძვირფასია,
წერეთ, გამახარეთ მისით...

ფიქრი ფიქრია და
     ფიქრი - ღიმილია,
ხანდახან საჭიროა ცრემლიც,
როცა დაძინების დიდი
                       ქარაფისკენ
იგი ნის გარეშე მიდის.
*
მე თქვენთან ვისწავლე სიყვარული
სხვისი გაჩენილი შვილის,
თქვენი ტკივილის გულთან მიტანა და
ღამითაც თქვენზე ფიქრი.

მე თქვენთან ვისწავლე,
თქვენით ვარ ამაყი,
არ გვინდა ამაზე ფიცი...
ჩემგან რა ისწავლეთ,
ან რა განიცადეთ
ჩუმად ვარ, პასუხს დრო იტყვის...

                                                                                        ქეთევან ილურიძე
___________________________________________
                                          სცხვენია ევას
მოდის დაღლილი მამრი, სახლის ზღურბლზე ჯდება,
ნაჯაფი ხელები უწყვია მუხლებზე და დაღლილი თვალებით
უყურებს ვაშლის ხეს...
(ის ყვავის!)
ვაშლის ხე ყვავის; სადაცაა კვირტებიდან ნაყოფი დაიბადება,
სიმწიფესაც შეიპარებს და მოსაწყვეტად დაუძახებს ადამს...
(სჭირდებათ შვილებს!)
შვილები იზრდებიან, ადამი კი ვერ იხსენებს ედემს,
სამაგიეროდ, ახსოვს, რომ „მიწაა და მიწად იქცევა“, მანამდე
კი უნდა იჯაფოს...
(ესაა ცხოვრება!)
ცხოვრება გრძელდება. ვაშლის ხე ნაყოფით ივსება,
ადამი გულგრილად შესცქერის, ქალი ოთახის ყურეს მიჰყუდებია,
უყურებს ქმრის ტვირთსავე მხრებს და გრძნობს სინანულს... ევას ნამდვილად სცხვენია მასში. ცდილობს, ქმარს ტვირთი შეუმსუბუქოს...(ედემი უკვე დაკარგულია)

                                                                              ქეთევან ილურიძე
______________________________
                                                         ბედნიერება
ხანდახან მგონია, რომ ბედნიერებას საკუთარი ხელებით ვძერწავ,
მერე საგულდაგულოდ ვფუთავ და ასეთი ფორმით ვაჩვენებ
                                                                                          გამვლელთ,
რომელთაც ისე აინტერესებთ სხვისი ცხოვრება,
                                                                 რომ საკუთარს ადვილად ივიწყებენ...
ვხვდები, დღის ბოლოს დაღლილ - დაქანცული
                                         რატომ ვჯდები საჩრდილობლად
                                                                          იმ ხის ქვეშ...
რატომ მეშინია მზის სხივების და რატომ მაწუხებს
ადამიანთა სევდა,
მაგრამ არ ვამხელ...
ჩემში დამალულ ევასაც არ ვუმხელ ხშირად.
რადგან ვიცი, ჩემი ცხოვრება მე არ მეკუთვნის
მხოლოდ და მხოლოდ,
იმდენი თვალი ინაწილებს
ხანდახან მას, რომ მეშინია,
მე მხოლოდ სიცარიელე არ დამრჩეს მისგან...
მეშინია, ამიტომაც საკუთარი ხელით ისევ ვძერწავ
ბედნიერებას,
რომელიც დღეს თუ არა, ხვალ ისევ დასჭირდებათ
სხვებს...
P.S - მიხარია,
მე ვცოცხლობ თქვენთვის!

                                                                                  ქეთევან ილურიძე
________________________________________
                 ერთაწმინდა - (ტაძარი, სადაც პაატა სააკაძის თავია დამარხული...)
შვილის სიცოცხლე სამშობლოს წილ მტერს დაუტოვა,
პატარას თავი თუმც უღირდა მას მთელ ცხოვრებად...
ძღენი არ სურდა, ვაჟკაცობას თავად უძღვნიდა,
გამოუგზავნეს სპარსეთიდად სკივრი რომელსაც...

სპარსის საჩუქარს ერთაწმინდა დღეს თრთოლვით უვლის,
ტაძრის სიჩუმეს ვერ არღვევენ სანთლის ალებიც,
წარსულის აჩრდილს სიწმინდესთან ისე მივყავართ,
თითქოს გვიმზერენ განწირული შვილის თვალები.

                                                                                            ქეთევან ილურიძე









______________________________________________
ჩემს დედიკოს
რად მიმაჩვიე, მყვარებოდა ცხოვრება ძლიერ,
რად მიმაჩვიე, ვყოფილიყავ ასე ერთგული...
რად მიმითითე, მემწუხარა მე სხვის მაგიერ,
გულში ჩამეკრა, შემეფარა ყველა ეული.

რად დამანახე, რომ ღიმილი უკვდავებაა,
პატიები კი ნიჭი არის, ზეხორციელი,
სიყვარულისთვის ეს სოფელი ძლიერ ცოტაა,
სიძულვილისთვის ვერ იცხოვრებს ადამიანი.

რად გამიწყერი, როცა შური უნდა მეძია,
რად გამიბრაზდი, როცა შენთან დავიწუწუნე,
არ მომიწონე, როცა ერთხელ წარბი შევიკარ,
გული გატკინე, როცა ბრაზით ჩავიბუზღუნე.

შენ მიმაჩვიე, მყვარებოდა მოყვასი ძლიერ,
შენ მიმითითე, რომ ღიმილით მეცხოვრა მუდა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ შენი ანაბეჭდია,
ამ ყველაფრისთვის უფალს უნდა მადლობა ვუთხრა!
                                                                                                    ქეთევან ილურიძე
________________________________________________
                                  ფერეიდნელი ქართველის ნათქვამი
ორი მზე მწვავს,
ორი მთვარე სარკმელს მიღებს...
ორი რწმენა,
ორი ენის პატრონიც ვარ.
შვილებს აქ ვზრდი,
აქა ვცხოვრობ,
მაგრამ ვიცი,
რომ ჩემს ფესვებს მოწყვეტილი
                               ქართველი ვარ.

ორი ცა მწვავს,
ამ ორი ცის ქუხილს ვისმენ...
ორი ქარი,
ორი ღრუბლის პატრონიც ვარ,
შაჰ - აბასის განაჩენით
აქა ვცხოვრობ,
აქ პატარა, ერთი გოჯა
         მარტყოფიც მაქვს.

ორი მზე მწვავს,
ორი გული ერთად მიძგერს...
აქ გურჯი ვარ,
ვლოცულობ და
აქ მაქვს ბინა...
ოცნებები სულს მიშლის და
                            მაიმედებს,
კვლავ ვიხილავ მონატრებულ
                             კახთა მიწას...

                                                                          ქეთევან ილურიძე
_____________________________________
***
მოგიძღვნი- მეთქი,
გითხარი და შენ გაგეღიმა.
რა არის ლექსი?
სულის ერთი ამოოხრება...
ლექსი კი არა, უფრო დიდი---
სული მოგიძღვენ,
ჩემი ცხოვრების ბედისწერის
ამოქროლება....

მოგიძღვნი-მეთქი,
გითხარი და გამოგიწოდე
ხელისგულებზე დაწერილი 
პატარა ლექსი,
წვიმის წვეთებით წაშლილიყო 
სტრიქონები და
იკითხებოდა სამი სიტყვა:
მე...
   შენ...და
         ღმერთი....
                                             ქეთევან ილურიძე
_______________________________________
***
ვეღარ შეველიე მოგონებებს,
ვეღარც ატირებულ რითმებს...
გრძნობა არეული დააბიჯებს
და ჩემს მაჯისცემას ისმენს...
                                               ქეთევან ილურიძე
_________________________________________
***
ავდევნებივარ გაზაფხულს,
მეც მას ვემსგავსი ხშირად,
ზამთარში მერცხალს ვეძებ და
ზაფხულში-ბღუჯა იას.
შემოდგომით კი ვენახში,
მწიფე მტევნებს თავზე,
ვხედავ მაისის განთიადს,
მერე ლექსებს ვწერ მათზე.
შევფარებივარ გაზაფხულს,
ერთად დავდივართ მუდამ,
ასე იმიტომ ხდება, რომ
სულსაც უყვარს და გულსაც....
                                           ქეთევან ილურიძე
____________________________________
გულწრფელი დაპირებება (ხალხურ მოტივზე)
ცხოვრების ცხრაკარას მოგატარებ,
ნისლებ გადაგიყრი სარკმლიდან,
მზის სხივებს დაგიფენ და ისე გატარებ,
ნატერფალს გულისგულში ჩავიტან...

კაშკაშა ვარსკვლავებს შენს თვალებს ვადარებ,
ჯიხვის ყანწს შევსვამ და გადიდებ,
ოცნებებს უცხოდ რა შავაფერადებ,
მერე თუნდ ქალაქშიც წაგიყვან.

სატევარს გავწმენდ და მომავალს დავგეგმავ,
შენზე ფიქრს მივანდობ იმედს,
ზეცაში ვარსკვლავებს დაგითვლი,
გაკოცებ მხოლოდ იმდენს.

მთის წვერზე ლამაზ კოშკს აგიშენებ,
გაცხოვრებ ცასთან ახლოს,
წყაროზე ჩადრით ჩაგატარებ,
ღიმილს რომ ხელი არ ახლონ...

ცხოვრების ცხრაკარს მოგატარებ,
დარდებ შენ გაფანტე, ქარო!
ლამაზად ვიცხოვრებ და გაცხოვრებ,
თუ არ დამეზარა, ქალო!
                                                                                ქ. ილურიძე
___________________________________
მამას...
არ მიყვარს უშენო აპრილები -
წვიმები ტკივილებს აცოცხლებენ!
ჩიტის ჭიკჭიკი და მზის ამოსვლა -
გულის სხივს ვეღარ აოცებენ!

არ მიყვარს უშენო აპრილები,
არ მიყვარს უშენო აისები -
ფიქრები ფიქრებად იფანტება,
მე კვლავ მონატრებით ავივსები!

არ მიყვარს უშენო აპრილები -
დრო გადის, დროს როგორ ვუპატრონო?!
შენი ნაბიჯების ხმა ჩამესმის,
ვერ გხედავ, გზა არის უსასრულო!...
                             ქ. ილურიძე (2018 წლის ოქტომბერი)

1 comment:

  1. ვკითხულობ და, მძივი მახსენდება. ლამაზი, სხარტი... საინტერესო ადამიანი ხარ.

    ReplyDelete