შენც ხომ ხედავ......
შემოდგომის მზე
საკლასო ოთახის
ფანჯრებს ევლებოდა.
ცდილობდა, შიგნით
შეეხედა, მოსწავლეთა ჟრიამულში გახვეულიყო. სინათლედ, სითბოდ და
სიყვარულად დაეღვარა
სხივები პატარების
სახეებზე...მოჰფერებოდა თვალებს, რომლებიც გაფაციცებულები შესცქეროდნენ დაფასთან
მდგარ ახალგაზრდა ქალს.
-
დედასავით თბილი
ხმა აქვს!-გაიფიქრა ელენემ.
-
დედასავით მიყურებს...-
მიაყოლა ფიქრს.
მასწავლებელმა წიგნი გადაშალა,
რ. ინანიშვილის მოთხრობას დახედა.
„დედა“ - თემა
ღრმაა და… საინტერესო, პრობლემა მარადიული - დედაშვილობის მადლით
გამთბარი...მაგრამ ელენე?!- ნისლივით მოეფინა ქეთო მასწავლებლის გულს სევდა.ბავშვისკენ
არ გაუხედავს, ისე დაინახა გოგონას დიდი, ლამაზი,დარდიანი თვალები.
-აბა, ბავშვებო!- სიჩუმე დაარღვია მასწავლებლის ხმამ და... დაიწყეს პაუზებით
კითხვა. მოსწავლეთა წკრიალა ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ელენეს ფიქრებს პერიოდულად
ერეოდნენ თანაკლასელების ბედნიერი შეძახილები, დარდი დიდდებოდა
. მასწავლებლის ნათქვამმა კი უცებ
შეირბინა გოგონას გულში, დარდი გასწია, ფიქრი შეაკრთო...
-იცით, ბავშვებო, ცხოვრება დიდია და დაუსაბამო. ის მიწაზე იწყება და ზეცაში
გრძელდება. დედის ამაგი ფასდაუდებელია, მისი ლოცვა კი ყველაზე ძლიერი.ზოგის დედიკო
სახლშია,ზოგის - სამსახურში, ზოგის -სხვა ქვეყანაში, ზოგის კი ზევით, ცაში, უფლის სახლში
ცხოვრობს.ყოველ წუთს, ყოველ წამს თვალს ადევნებს შვილს და მისთვის ლოცულობს. ბედნიერია,
როცა შვილი ბედნიერია...წუხს, როცა შვილი ცუდ ხასიათზეა.ზეცაში ცხოვრება სიკვდილი არ
არის, ეს გარდაცვალებაა- ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადანაცვლება.
გიფიქრიათ, რომ ადამიანის ცხოვრება ასე ინაცვლებს, ოღონდ სხვადასხვა დროს.
მე იცით, ახლა მამა მიყურებს ციდან. დიდიხანია ის ცაში ცხოვრობს. ყოველთვის ვცდილობ,
თავი მოვაწონო,- თქვა ქალმა, ფარდა გადასწია, ფანჯარა გამოაღო და ცისკენ აიხედა.
შემოდგომის მზემ გაიხარა,ღია ფანჯრიდან ჯერ სხივები შეაპარა საკლასო ოთახში,
მერე თვითონაც სევიდა და მერხზე ჩამოჯდა.
-მერე, არ ტირით, მასწავლებელო?-იკითხა მათემ.
-არა, მათე, არ ვტირი...მშობლები ხომ ძალიან ნერვიულობენ, როცა შვილები
ტირიან.მე კი არ მინდა, ვანერვიულო მამა...- უპასუხა ქეთომ, მოსწავლეებს თვალი აარიდა,
ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადაყლაპა...მთავარია, ცრემლი შევაკავოო!- გაიფიქრა.
პაუზებით კითხვა გააგრძელეს,რამდენიმე კითხვას ელენემაც უპასუხა. მასწავლებელმა
დაფაზე დაწერა: „იცი, რა მინდა გითხრა,დედა!“ რაც უცებ გაგახსენდებათ, ის დაწერეთო!-
მიუთითა მოსწავლეებს.
-რამხელა უნდა გამომივიდეს?- იკითხა ერთმა.
-ქულებს დაგვიწერთ? - დაინტერესდა მეორე.
-ლამაზად დავწეროთ? - წამოიძახა მათემ და თვითონვე გაეღიმა თავის ნათქვამზე.
-მხატვრული ტყუილები ვწეროთ თუ გულწრფელები ვიყოთო?- იკითხა ყველაზე მოუსვენარმა..
ქეთო მასწავლებელმა პასუხების ნაცვლად გაიღიმა,მოსწავლეებს თვალი გადაავლო,
არ გამოჰპარვია, ელენემ მშვიდად გადაშალა რვეული, თვალი ღია ფანჯრისკენ გააპარა, ცას
ახედა, რამდენიმე წუთი ასე იჯდა, მერე კი წერა დაიწყო. მასწავლებელმა მერხებს შორის
ჩაიარა. ელენეს ლამაზი, მრგვალი ასოებით ეწერა: „მენატრები, დედა! მე კარგად ვსწავლობ,
ამას ხომ შენც ხედავ. ვეცდები, ხშირად აღარ ვიტირო...“
შემოდგომის მზე ელენეს ნაწერს დასთამაშებდა .
***
მეორე დღეს მასწავლებელმა
გასწორებული რვეულები დაურიგა მოსწავლეებს. ელენეს მერხზე გადაშლილი რვეული ედო, მისი
ნაწერის დაბლა ვარდისფერი კალმით მასწავლებლის კომენტარი ეწერა: „ ყოჩაღ, ელენე! რა
ლამაზად გიწერია, სასვენ ნიშნებსაც სწორად იყენებ...მახარებს შენი მონდომება!“ გახარებული
გოგონა ხან რვეულს უყურებდა, ხან ცისკენ აპარაბდა თვალს.მასწავლებლის კითხვაზე: აბა,
რა გვქონდა გაკვეთილადო? თამამად ასწია ხელი.
საკლასო ოთახს
ქეთო მასწავლებლის ღიმილი ათბობდა, მოსწავლის წკრიალა ხმა რევაზ ინანიშვილის სიტყვებს
იმეორებდა: „დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე...“ გარეთ კი შემოდგომის მზე ბედნიერად იცინოდა...მისი
სიცილი ზეცასაც ესმოდა და დედამიწასაც.
ქეთევან ილურიძე
________________________________
________________________________
გიპოვე...
(დოკუმენტური
ზღაპარი)
გიპოვე...
გეძებე და გიპოვე!
შენ მარტო იყავი მაშინ, როცა დამკარგე.
ახლა მე ვარ მარტო, ამ პოვნის შესახებ
ხომ ჯერ არ იცი!
წამოვალ...
თბილისიდან ბევრ კილომეტრს გამოვივლი.
ძალებს მოვიკრებ და ღიმილით შეგხვდები. მე ხომ ცხოვრებამ ღიმილი მასწავლა.
ახლა ღამეა. გრძელი და უსასრულო ღამე.
ჩემს შვილებს სძინავთ, ვუყურებ და სხეული მიკრთის. ვიცი, ასე ადვილად ვერ პოულობენ...
მე კი გიპოვე. რატომ?! ჩემი მშობლები მომეხმარნენ. თვალებს ვხუჭავ და მახსენდება, სამი
თვის წინ სიზმარი ვნახე.
სამი თვის წინ
ჩემს მშობლებთან ვარ. დედაჩემი და მამაჩემი დაგმანული
ფანჯრის გაღებას ცდილობენ. წვალობენ, აღებენ.
-
ნინო,
შვილო, მოდი აქ! - მეძახის მამა.
-
მოდი,
ჩქარა, მოდი! - აგრძელებს დედა.
-
გავაღეთ,
წადი, ჩვენ გიშვებთ, წადი! - მეუბნებიან და მეღვიძება. ისევ ჩამესმის ხმა: ჩვენ გიშვებთ,
წადი!
მიკვირს,
ნეტა, სად მიშვებენ?!
ნუთუ,
შენთან?!
მაშინ
ხომ ჯერ არ გეძებდი...
მოძებნა არა, მაგრამ გარკვევა რამდენჯერმე დავაპირე. დავაპირე
და გადავიფიქრე, ჩემი
ცხოვრება იმდენ ეპიზოდს იტევდა, რომ ვერ ვხვდებოდი, ამისთვისაც თუ მქონდა ადგილი. ღამით
ავმდგარვარ, ჩამირთავს კომპიუტერი და მოსაძიებელ ველში შენი სახელი და გვარი ჩამიწერია.
ის ველი ვრცელია.
დავკარგულვარ და მერე ფიქრებით დაღლილს
ჩამძინებია. სულ ეს იყო. სათქმელად ადვილია, რომ სულ ეს იყო... გულში სატარებლად მძიმე
და მტკივნეული.
მახსენდება:
ძალიან ადრე
დილაა. დედა საუზმეს მიმზადებს და თან
მეუბნება: ნინო, ლამაზი კაბა ჩაიცვი... ყველაზე ლამაზი კაბა. მე და მამამ ნათელას საფლავზე
უნდა წაგიყვანოთ.
მიხარია.
კახეთში მივდივართ.
-
ოღონდ
იცოდე, იქ ვინც რა უნდა გითხრას, არ დაუჯერო, ხომ...
-
რა
უნდა მითხრან, დე?! - ვეკითხები და დიდი ცისფერი თვალები გაკვირვებით მევსება.
-
არ
ვიცი! - იბნევა დედა.
-
აი,
იქ ნათელას დედა იქნება...., - ვეღარ აგრძელებს, უბრალოდ მიყურებს.
-
მერე?!
- ვეკითხები.
-
ხო,
იქ ნათელას დედა იქნება. შეიძლება გითხრას, შენ დედაშენმა არ გაგაჩინაო. ის მოხუცია
და შეიძლება ასეთი რამ თქვას..., - ძლივს მიხსნის და მიყურებს.
-
არა,
დედა, არა! არ მოვუსმენ, არც დავუჯერებ! - ვპირდები და თან ვსაუზმობ. გულწრფელია ჩემი
დაპირება. მე ხომ მშობლებმა ლამაზი ზღაპრით გამზარდეს.
ოთახში შემოდის მამა.
წასასვლელად ვემზადებით.
ლამაზი ზღაპარი
პატარა ვარ, 4-5 წლის. დედა ალბომს მათვალიერებინებს.
-
ეს
ნათელაა, ნინო! - მეუბნება ქალზე, რომელსაც მამაჩემთან უამრავი სურათი აქვს გადაღებული,
-
ესენი
ცოლ-ქმარი იყვნენ. ბევრი წელი იცხოვრეს ერთად. შენს მამიკოს შვილი უნდოდა, ჩემთან დამეგობრდა,
მე და მამამ შენ გაგაჩინეთ. რომ გაგაჩინე, ძალიან ცუდად ვიყავი. ექიმები ამბობდნენ:
მოკვდებაო. ხოდა, შენი დარდი რომ არ წამყოლოდა, მამაშენს ვთხოვე - წაუყვანე ნათელას,
შენ და ნათელამ გაზარდეთ-მეთქი.
სურათებს ვათვალიერებ, დედას ვუსმენ, ყველაფერს ვერ
ვგებულობ, მაგრამ ყველაფერი მამახსოვრდება.
-
მერე?!
- აგრძელებს დედა, - მერე ნათელა გარდაიცვალა, მე გამოვკეთდი და ღმერთმა შენთან მომიყვანა.
მე გაგაჩინე, ნინო, ჩემი შვილი ხარ! ნახე, მე და შენ ერთნაირი თვალის ფერი გვაქვს.
სარკესთან მივყავარ.
ამ ზღაპარში სიყვარული იმარჯვებს. სარკიდან ოთხი ცისფერი
თვალი იყურება. „იყო და არა იყო რა...“ მე
და დედას ერთი ფერის თვალები გვაქვს. „ჭირი იქა, ლხინი - აქა“, ვეხუტები და ვკოცნი...
ლხინი აქა!
ლხინი აქა!
მე დედასი ვარ...
მე მამასი ვარ...
სულ - მთელი ბავშვობა
ვიზრდები სიყვარულითა და ზრუნვით. მე
- ავთოს და მარინეს შვილს - უამრავი სურვილი მისრულდება. ფიქრობდნენ ჩემს სიხარულზე,
მომავალზე, სწავლა-განათლებაზე. სიმშვიდე იყო ჩემ ირგვლივ, სიმშვიდე და ჩვეულებროვი
ცხოვრება, ეჭვების გარეშე ნდობა.
ოცდაშვიდი წლისამ მოულოდნელად ახალი ზღაპრის
დასაწყისი მოვისმინე. ეს ზღაპარი აღარ იყო ისეთი ლამაზი, როგორიც დედამ მიამბო... ახალმა
„იყო და არა იყო რამ“ სული ამიფორიაქა, ჩემს ცხოვრებას სიმშვიდე დააკარგვინა... „იყო
და არა იყო რა“ - ნინო, შენ ჩვენი და ხარ! ნინო, შენ ჩვენი და ხარ... ბევრნი ვიყავით
და შენ ნათელა მამიდას მიგაშვილა მამამ... შენ ჩვენი ხარ... შენ ჩვენი ხარ...ჩვენი
და ხარ, ნინო!
მორჩა...
გაწბილდა ბავშვობის ზღაპარი!
„იყო და არა იყო რა“ - რატომ იყო მერე? რატომ?
და თუ იყო, რატომ აქამდე არ იყო, ნეტა?!
ერთ თეთრ ღამეს მეორე მიჰყვა, მეორეს - მესამე... ყველაფერს
კი ერთი კითხვა დასდევდა თან - რატომ...
შემაწუხა კითხვამ და ერთ დღეს სახეშეშლილი, შეცბუნებული
მივუახლოვდი დედას, ჩემს ფერ თვალებს ჩავხედე და ხმამაღლა გავიმეორე ბოლო პერიოდში
აკვიატებული კითხვა - რატომ? მერე მივაყოლე: მიმალავდით? მომატყუეთ? თურმე...
დედა შეცბა, მამას გადახედა.
მამასაც დაეტყო აღელვება, მაგრამ მითხრა:
არა, ნინო, ეგ სიმართლე არ არის!
-
აბა,
რა არის სიმართლე ის, რაც 27 წელი ვიცოდი? - ვიკითხე ისე, რომ ვიგრძენი, ყველაზე მეტად
ახლა პასუხის მოსმენა გამიჭირდებოდა.
-
არ
ვიცი... მაგრამ ის კი ვიცი, რომ შენ ნათელას ძმიშვილი არ ხარ! ეგ სიმართლე არ არის,
ნინო! - მიპასუხა და ოთახიდან გავიდა.
გავიდა...
ლაპარაკი დედამ განაგრძო, მხოლოდ ცალკეული სიტყვები
მესმოდა. მესმოდა, ვერ ვგებულობდი, რას მეუბნებოდა...
27 წლის შემდეგ
ახალმა ზღაპარმა ახალ გმირად მაქცია. ბევრნი
არიან - რვანი. ჩემთან მოდიან, მეც მივდივარ.დედისერთა აღარ ვარ, მაგრამ რატომ გამიკეთეს
მაინც და მაინც მე?! რატომ გამინაპირეს მაინც და მაინც მე?! რა იქნებოდა, გავზრდილიყავი
მათთან ერთად - ჩემებთან ერთად... გვეცხოვრა ერთი სიხარულითა და ერთი ტკივილით. ისინი
ბევრნი არიან, მე - ერთი...
ვიცვამ, ვემზადები, ისევ მათთან მივდივარ...
-
სად
მიდიხარ, ნინო? - მეკითხება დედა.
-
სად
მიდიხარ, ნინო, იმათთან? - მეკითხება მამა.
-
იმათთან
არა, იქ მივდივარ, სადაც სიმართლეა, - ვპასუხობ ბრაზით...
-
სიმართლე?
რომელი სიმართლე? რა სიმართლე? - ხმას უწევს დედა (ასეთი არასდროს მახსოვს). სიმართლე
გინდა? აი, ეს მოძებნე, მაშინ... აი, სიმართლე და მაგიდაზე რაღაც დააგდო...
ოთახში საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა.
მამამ მაგიდისკენ გააპარა თვალი, დედამ ზურგი შემაქცია
და ცრემლები დამიმალა, ფანჯარა გამოაღო, ალბათ, ჰაერიც აღარ ჰყოფნიდა.
მაგიდას დავხედე, დაბადების მოწმობა ეგდო... ახალი,
სუფთა, თითქოს ხელუხლებელი დაბადების მოწმობა.
-
ეს
მოძებნე! - გავიმეორე დედას ნათქვამი.
-
ვინ
მოვძებნო?! - შევხედე მამას.
ავიღე, გადავშალე და „იყო და არა იყო რა“...
ჩემი დაბადების რიცხვი, თვე წელი...
სახელი - თამარი
გვარი...............
დედა...............
თამარი და არა ნინო...
შემეშინდა...
მივხვდი, სული სხეულში აღარ მეტეოდა.
მივხვდი, გული საგულეში აღარ ჩერდებოდა...
მივხვდი, წარსულს მომავალი აღარ მოასვენებდა...
მივხვდი, ნინოს თამარი აუცილებლად დასტანჯავდა...
მივხვდი, ჩავიკეცე და მწარედ ავტირდი.
ჩაკეცილი ვერ ვიქნებოდი დიდხანს. ჩემთან ერთად ოთახში
ორი ძლიერი ადამიანი იყო - ჩემი დედა და ჩემი მამა. ისე გამზარდეს, რომ პირველი ზღაპრის
ჭეშმარიტებაში ეჭვი არასდროს შემიტანია... ისე გამზარდეს, რომ არასდროს არაფრის შემშინებია...
ისე გამზარდეს, რომ თამამად ვეუბნებოდი ხალხს (თუ ვერ მიცნობდნენ) : მე ავთოს ნინო
ვარ-მეთქი.
ახლაც თამამად წამოვდექი.
მამას გავუღიმე, დედა ჩემკენ შემოვატრიალე და ვუთხარი
: არ მინდა, ის ისევ შეინახე!
ოთახში ვიყავით მე, დედა, მამა და სადღაც კუთხეში აჩრდილად
მდგარი თამარი.
მაშინ მე ვაჯობე სამივეს...
მე გავაგრძელე ცხოვრება... არავინ იცოდა, რომ სადღაც
შიგნით, სხეულის შიგნით, უხილავ ნაწილს რაღაც აკლდა და ის - ნაწილის ნაწილი ძალიან
მტკიოდა.
იმ 10 წელში
მამას სასთუმალთან:
-
ნუ
გეშინია, მამა, კარგად იქნები! აი, შენი შვილიშვილებიც - გიორგი და მარი აქ არიან.
ხომ იცი, როგორ უყვარხარ გიორგის... გტკივა?! ნუ ნერვიულობ, ნუ! ვის ხედავ?! ვის?!
ნათელას?! რას ეუბნები?! ნუ, ნუ ჰპირდები, რომ მალე მიხვალ მასთან... ნუ გეშინია, მამა,
მომკიდე ხელი! მეც მიყვარხარ, მამა! მე არ გაგიშვებ ხელს...
ხელს მიჭერს...
თუმცა, ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო დღეა!
რამდენიმე წლის შემდეგ დედას სასთუმალთან:
-
ნუ
გეშინია, დედა, ექიმმა თქვა, მალე გაგწერთო. ძალიან მიყვარხარ, გულში მიყვარხარ! აი,
ჩაიხედე სარკეში, დღეს უკეთესი ფერი გაქვს.
ორივე ვიყურებით პატარა სარკეში.
იქიდან ოთხი ცისფერი თვალი გვიყურებს.
ვკოცნი...
თუმცა, დედა მალე ხუჭავს თავის ცისფერ თვალებს!
ერთი წლის შემდეგ
ფიქრს ფიქრი ემატება, დარდს - დარდი, ინტერესს - ინტერესი.
ვინ იყო?! რატომ თქვა უარი?! რატომ?! ვმუშაობ, შვილებთან ვარ, დავდივარ, ვცხოვრობ,
მაგრამ თან დამყვება - გაკვირვება, ინტერესი და ისევ - რატომ?!
ნუთუ, არავინაა, ვინც იცის...
იცის რამე...
იცის სიმართლე!
იცის თუნდაც უბრალო დეტალი, რომელიც ჩემს ფიქრს სალბუნად
დაედება. რომელიც მიშველის, სულ ცოტა ხნით მაინც მიშველის... სამჯერ დაწყებული ზღაპრიდან
ერთ - ერთს მაინც დაამთავრებს ისე, რომ მე მანუგეშებს.
ჩემი შვილის ბანკეტზე
ჩემი შვილი, ჩემი გიორგი...
უკვე რამხელაა! ბანკეტზე ირევიან ლამაზ - ლამაზ ფორმებში
გამოწყობილი გოგო-ბიჭები. მელოდია დარბაზში იღვრება და აცოცხლებს გრძნობებს. ცეკვავენ...
ჩემი გიორგი მეწყვილესთან ცეკვავს. უდარდელია მათი მიხვრა - მოხვრა. თავისუფარი...
ცეკვა დავდგითო... მთელი სხეულით ცეკვავენ... ცოტა ეშლებათ და თავადვე ეცინებათ. უსასრულოდ
გააგრძელეთ, ბავშვებო, ურთიერთობები. ბედნიერება სწორედ ეს არის!
დიდებივით დადიან, თუმცა შიგადაშიგ ავიწყდებათ და ისე
ანცობენ, როგორც თანაკლასელებს სჩვევიათ. ირგვლივ სიცილა, სილაღეა, სიყვარულია... დარბაზში
ორი და ზის, იქით, მასწავლებლების მაგიდასთან. ერთი დამრიგებელია, მეორე - ქართულს
ასწავლიდათ. ორივე კარგად იცნობს ჩემს ბავშვობას, ავლაბარში, ერთ ეზოში ვიზრდებოდით.
ადრე უფროსს, მარიკას, ვუთხარი: ყველაფერ გვიან გავიგე-მეთქი.
შემომხედა და სითბოთი სავსე ღიმილით გამიღიმა. არაფერი უკითხავს... ვიფიქრე, ალბათ,
ამან არაფერი იცის-მეთქი. მერე კი სულ მეფერებოდა, ყველა შეხვედრაზე ვგრძნობდი, რომ
მისი ვიყავი... რომ თვითონაც ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო. სიყვარულით იხსენებდა ავთოს,
ნათელას... რომ ორივე ძალიან ახლობელი იყო მისი ოჯახის. ერთხელ გაკვრით მითხრა: ბიძაჩემს
მოგანათვლინესო. ნათელას ასე უნდოდაო.
ჩემთან გადმოჯდა.
არ ვიცი, ჩემს თვალებში რა ამოიკითხა, რომ მითხრა: ნინო,
დედაჩემთან უნდა წაგიყვანო ერთხელ... გინდა, დაგელაპარაკოს?! შევხედე, ვუპასუხე: წამიყვანე...
მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა: თუ გინდა, მე გეტყვი...
რაც ვიცი, ყველაფერს გეტყვი...
მეტყვის... ნეტა რას მეტყვის?! ახალი „იყო და არა იყო
რა“ უნდა მოვისმინო თუ ისევ ძველი?! შეძლებს ნინო ამდენს?! შეძლებს თუ ვერ შეძლებს?!
ავფორიაქდი... მაგიდიდან წამოვხტი... გიორგისთან მივედი, ვეკვავდა... სურათები გადავუღე.
ან იქნებ არც გადავუღე. უბრალოდ, მეჭირა აპარატი და დრო გამყავდა. ძალა მოვიკრიბე,
მარიკასთან დავბრუნდი, ჩამოვჯექი, შევხედე და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი:
-
მომიყევი!
37
წლის წინ
მარიკამ დიდი, მეტყველი
თვალები მშვიდად მომანათა, მუხლზე ხელი დამადო და ჩვეული სიმშვიდით დაიწყო:
-
არ
ვიცი, რა იცი შენ... არ ვიცი, ვინ რა გიამბო.მე თვითონ შევესწარი ყველაფერს. მაშინ
პატარა ვიყავი, 10-11 წლის, საკმაოდ მეტიჩარა. მამაჩემის მანქანით მოგიყვანეს. ნათელამ
სთხოვა. კარებთან დაგაწვინეს. დედაჩემმა მეზობლების გასაგონად შესძახა: გამოდი, ნათელა,
ნახე ბავშვი მოგიგდესო. მახსოვს ნათელას სიხარული, ავთოს გაოცება (ნათელამ ეს საქმე
ავთოს გარეშე მოაგვარა), მახსოვხარ შენ - ძალიან პატარა, 2 თვის...
მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო (მიუხედავად გარეგნული
სიმშვიდისა, უჭირდა საუბარი): ზამთარი იყო, შეგიყვანეს ოთახში. წითელ კუბოკრულ სახვევში
იყავი გამოკრული. გაგხსნეს... ბოთლით საჭმელი გქონდა და დაბადების მოწმობა. მე, მეტიჩარამ,
ჩავიხედე დაბადების მოწმობაში - თამარი გერქვა, გვარიც მახსოვს.................
ნათელამ გადაწყვიტა, არც დაბადების რიცხვს შეცვლიდა,
არც თვეს, არც წელს... სახელს კი აუცილებლად! ნინო დაგარქვეს, ავთოს ბებიის სახელი...
-
რატომ
გამიმეტა ნეტა იმან?!
რატომ?! - ახალმა „რატომ“ შემაწუხა... მოდი, მარიკა
აივანზე გავიდეთ...
ბავშვების ჟრიამული, მუსიკა და ბევრი სახე ვეღარ ავიტანე.
ავდექით... გავედით.
ღამის სიო მოგვეფინა სახეებზე, ჩალის სკამებზე ჩამოვსხედით,
ყავა მოვითხოვეთ... ორივე ჩუმად ვიყავით, უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს.
ჩვენს მაგიდას მეორე და მოუახლოვდა, ისიც ჩვენთან ჩამოჯდა.
ხან მე მიყურებდა, ხან - მარიკას.
-
იქნებ ვიპოვო... ვიპოვო და ვკითხო, რატომ თქვა უარი
ჩემზე...
-
მოდი,
ნუ იპოვი! ნუ მოძებნი, ნინო! - მირჩია პატარა დამ.
სამივეს გაგვეცინა.
-
საკუთარი
ნებით არ მიუტოვებიხარ... მამაჩემისგან მახსოვს: პატარა იყოვო, ძალიან ლამაზიო, ტიროდაო...
მანქანის ნომერს თოვლი მივაყარე, არ დაიმახსოვროსო. მშობლებმა აიძულესო... იქნებ, ისიც
გეძებდა. ნინო, მაგრამ ვერ შეძლებდა პოვნას. შენ ხომ სულ ახალი საბუთებით გაგაგრძელებინეს
ცხოვრება...
მე ყველაფერი კარგად მახსოვს, ნინო! უბრალოდ, მშობლებმა
გამაფრთხილეს, რომ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. მეც არსად არასდროს არაფერი მითქვამს!
დღეს ვყვები პირველად!
-
თუ
ასეა, მოდი, ნინო, მოვძებნოთ! ჩვენც მოგეხმარებით! - რჩევა შეცვალა პატარა დამ.
ისევ გაგვეცინა სამივეს.
ზევიდან მთვარე დაგვცქეროდა, მომეჩვენა, რომ ისიც იცინოდა.
ორი კვირის შემდეგ
მარიკასთან საუბარმა რაღაც უცნაური ძალით ამავსო. სიმტკიცე
შემმატა და ინტერესი გამიძლიერა. ბრაზი გააქრო: საკუთარი ნებით არაო... პატარა იყოო...
ტიროდაო!
საერთოდ, უცნაური გოგოა... ნუგეშიც იცის და გამხნევებაც,
სწორი გზის ჩვენებაც. ხშირად შემინიშნავს, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი ამაში!
ნეტა, აქამდე მეკითხა რამე!
მარიკასთან საუბრის შემდეგ ორ კვირაში გიპოვე. ორი თვის
თამარმა ოცდაჩვიდმეტი წლის ნინოს სძლია. შეუძლებელი შევძელი, ბევრი რამ შევიტყვე. ისიც
გავიგე, ჩემს შემდეგ შვილი აღარ გაგიჩენია.
გიპოვე...
ვგრძნობ, გავჩნდი და ჩემი სხეულის უხილავი ნაწილი დამრჩა
შენს სხეულში. ალბათ, ის ნაწილი მტკიოდა და ვერ ვშველოდი. იქნებ შენც გტკიოდა... იქნებ
შენც ვერ იშუშებდი ჩემს ნარჩენს - შენს სხეულში დარჩენილს. ვერ იშუშებდი იმიტომ, რომ
უხილავი იყო, ნაგლეჯი იყო, პატარაც იყო და დიდიც, მაგრამ ჩვენი იყო - ორივესი.
მე მოვალ...
მოვალ ორი თვის თამარი და ოცდაჩვიდმეტი წლის ნინო...
ნეტა შენ რომელს მიიღებ?! რომელს გაუღიმებ?! რომელს ჩაიხუტებ?!
მე მოვალ...
მოვალ და გეტყვი, რომ შენი მოსაყოლი ზღაპრები ცხოვრებამ
მიამბო... მოვალ და გეტყვი, რომ მე შენი გაგრძელება ვარ... მოვალ, სიტყვებს დავალაგებ
და ყველაფერს გეტყვი... გეტყვი განცდილსა და განსაცდელზე. მოგიყვები ნათელასა და მარინეზე,
რომლებმაც შენი დაწყებული საქმე გააგრძელეს. მოგიყვები მამაზე, რომელმაც თავისი დიდი
ხელები მომხვია, გულში ჩამიხუტა და ასე მატარა მთელი ბავშვობა.
ჩემს შვილებს მოგიყვან..
და მერე დავჯდები, თავს ჩაგიდებ კალთაში და დაველოდები,
როდის მომიყვები შენეულ ზღაპარს...
როდის დაიწყებ „იყო და არა იყო რას...“
მიჩვეული ვარ ზღაპრების მოსმენას, ნუ დაიბნევი!
ხვალ ჩვენი შეხვედრის დღეა...
ხვალ ჩემში გამარჯვებული ორი თვის თამარი გამოეშურება
ბაღდადს... ხვალ თამარი ნინოს მოიყვანს შენთან...
მე - ზღაპრების გმირი ვარ, ძლიერი და მუდამ მართალი...
მე ძლიერი ვარ, ძალიან ძლიერი -მე შენ გიპოვე!
ქ. ილურიძე
_______________________________
ქ. ილურიძე
_______________________________
მე და
შენ
შენ შეძელი
, საკუთარ თავში მე მეპოვა,...აი,
ისეთი, ლაღი, უდარდელი, გახსნილი, უშუალო. შენ შეძელი, ცხოვრება შემყვარებოდა - ბედნიერი,
წინააღმდეგობებით სავსე, საოცრად სწრაფი.
შენ შეძელი,
ლურჯი ცის სიღრმეში საოცრად მოკამკამე ვარსკვლავის ციაგი დამენახა, გამომერჩია და მერე
მასზე ბევრი მეფიქრა.
შენ ლაჟვარდოვანი
დღე გამითენე, ღამის წყვდიადის შიში დამაძლევინე, ლექსი დამაწერინე და სხვისი ფიქრების
კითხვა მასწავლე.
შენ სიყვარულის
ძალა დამანახე _ აი, ისეთი, ძლიერი, სულის დამანგრეველი. სიძულვილის საშიში ფერი შემაძულე,
პატიების უნარით სული ამიმაღლე, შურისძიება განმარიდე. გრძნობა გრძნობად მიქციე, წუხილი
- წუხილად, სიხარული _ სიხარულად... წელიწადის ყველა დრო გაზაფხულად.
შენ უსაძღვრო ხარ და უკიდეგანო.
მე მე ვარ და შენით ვარ მე...
ვინ ხარ შენ?
იქნებ დედა ხარ ( ჩემი სიცოცხლის დასაწყისი)
იქნებ მამა ხარ ( ცრემლიანი მონატრება)
იქნებ და ხარ ( ჩემი სისხლი და ხორცი)
იქნებ ქმარი ხარ ( ჩემი ნახევარი)
იქნებ შვილი ხარ ( ჩემი სიცოცხლის გაგრძელება)
იქნებ მოყვასი ხარ ( ერთგულებაშემოსილი)
იქნებ მტერი ხარ (ბალღამიანი გული)
არ ვიცი, ვინ ხარ!
მთავარია, რომ შენ შენ ხარ, მე კი შენით ვიქეცი მედ...
ვფიქრობ, ცხოვრებაც მხოლოდ ეს არის--- მე და შენ!!!!!
ქეთევან ილურიძე
_______________________________________________ქეთევან ილურიძე
სარკესთან
სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს თვალებში ვუყურებ. წლები გასულა, სახესაც დასტყობია, განსაკუთრებით თვალებს. მათში გაფერმკრთალებულა უდარდელობა და მის ნაცვლად დაღლა, ზრუნვა, დარდი ჩამდგარა. ფიქრები ფიქრებს აჰყოლია, წუხილი – წუხილს და თვალებთან ახლოს, შუბლზე მოკალათებულან.
თვალებს ვხუჭავ და ასე ვეძებ სარკეში იმ პატარა გოგოს, ძალიან კარგად რომ ვიცნობ. ვპოულობ, ზუსტად ისეთია – ძალიან ლაღი და მოჭიკჭიკე, მამის ფერებითა და დედის ზრუნვით გათამამებული. მის თვალებში ღიმილი დგას, სიმშვიდე და ღიმილი ერთად. ჩვენს შორის ბურუსია, ნისლნარევი.
... ფეხის ხმით ვცნობ, ნელ–ნელა შემოდის მამა. კითხვასაც ვგრძნობ და სხული მეჭიმება:
– რას შვები, ქეთო? მზად ხარ?
წავედით სკოლაში?
(ხმა იმდენად თბილია, რომ აწმყოს მავიწყებს)
პასუხად დედას ხმა მესმის:
– ფრთხილად იარეთ,.ცუდი ამინდია... გზებია მოყინული.
მივდივართ, მანქანამდე მამას უჭირავს ჩემი ჩანთა. წინ ვჯდები, ჩემი ადგილია. მთელი გზა ვლაპარაკობ, არ ვჩუმდები. მამას ხან ეღიმება, ხან ჩემს კითხვებს პასუხობს. შევთანხმდით, საღამოს სოფელში უნდა წავიდეთ, მამა სამსახურიდან რომ დაბრუნდება, მაშინ... მერე რა, რომ ცუდი ამინდია... (დაღლა?! მეღიმება, არასდროს დაუწუწუნია!)
მანქანა სკოლასთან ჩერდება.
– სკოლიდან რა უნდა მომიტანო?
– ხუთიანები.
– აბა, რა! მაშ, ტყუილად ხომ არ მოგიყვანე?!
იცინის...
პატარა ქეთო კიბეებზე არბის... იცინის იმ სიცილით, მამამ რომ აჩუქა დილით... არბის და ჯერ არ იცის, რამდენიმე წელში ეს დილა ძალიან, ძალიან რომ მოენატრება. არც ის იცის, მიუხედავად ცხოვრების ორომტრიალისა, მამის ნაჩუქარი სიცილით რომ უნდა იცხოვროს მუდამ...
სარკის წინ ვდგავარ თვალდახუჭული.
ვიცი, რომ ჩემ წინ პატარა გოგო აღარ დგას.
მენატრება... ისე მენატრება და ისე მტკივა, რომ თვალების გახელას ვერ ვახერხებ.
სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს თვალებში ვუყურებ. წლები გასულა, სახესაც დასტყობია, განსაკუთრებით თვალებს. მათში გაფერმკრთალებულა უდარდელობა და მის ნაცვლად დაღლა, ზრუნვა, დარდი ჩამდგარა. ფიქრები ფიქრებს აჰყოლია, წუხილი – წუხილს და თვალებთან ახლოს, შუბლზე მოკალათებულან.
თვალებს ვხუჭავ და ასე ვეძებ სარკეში იმ პატარა გოგოს, ძალიან კარგად რომ ვიცნობ. ვპოულობ, ზუსტად ისეთია – ძალიან ლაღი და მოჭიკჭიკე, მამის ფერებითა და დედის ზრუნვით გათამამებული. მის თვალებში ღიმილი დგას, სიმშვიდე და ღიმილი ერთად. ჩვენს შორის ბურუსია, ნისლნარევი.
... ფეხის ხმით ვცნობ, ნელ–ნელა შემოდის მამა. კითხვასაც ვგრძნობ და სხული მეჭიმება:
– რას შვები, ქეთო? მზად ხარ?
წავედით სკოლაში?
(ხმა იმდენად თბილია, რომ აწმყოს მავიწყებს)
პასუხად დედას ხმა მესმის:
– ფრთხილად იარეთ,.ცუდი ამინდია... გზებია მოყინული.
მივდივართ, მანქანამდე მამას უჭირავს ჩემი ჩანთა. წინ ვჯდები, ჩემი ადგილია. მთელი გზა ვლაპარაკობ, არ ვჩუმდები. მამას ხან ეღიმება, ხან ჩემს კითხვებს პასუხობს. შევთანხმდით, საღამოს სოფელში უნდა წავიდეთ, მამა სამსახურიდან რომ დაბრუნდება, მაშინ... მერე რა, რომ ცუდი ამინდია... (დაღლა?! მეღიმება, არასდროს დაუწუწუნია!)
მანქანა სკოლასთან ჩერდება.
– სკოლიდან რა უნდა მომიტანო?
– ხუთიანები.
– აბა, რა! მაშ, ტყუილად ხომ არ მოგიყვანე?!
იცინის...
პატარა ქეთო კიბეებზე არბის... იცინის იმ სიცილით, მამამ რომ აჩუქა დილით... არბის და ჯერ არ იცის, რამდენიმე წელში ეს დილა ძალიან, ძალიან რომ მოენატრება. არც ის იცის, მიუხედავად ცხოვრების ორომტრიალისა, მამის ნაჩუქარი სიცილით რომ უნდა იცხოვროს მუდამ...
სარკის წინ ვდგავარ თვალდახუჭული.
ვიცი, რომ ჩემ წინ პატარა გოგო აღარ დგას.
მენატრება... ისე მენატრება და ისე მტკივა, რომ თვალების გახელას ვერ ვახერხებ.
_________________________________________________
***
შენ ალგეთის ლეკვი ხარ!
შენ ჩემი ქვეყნის მომავალი ხარ!
შენ ხვალინდელი დღის გათენება ხარ!
თვალებში შემომხედე და მომისმინე! ცხოვრება შენია, სიცოცხლე ლამაზია, საღად ფიქრი - ჯანმრთელობაა, სიყვარული- გადარჩენაა...
იკითხე, ისწავლე, ცოდნა დაიგროვე და მამულს ისე უპატრონე. ძმას ხელი ჩასჭიდე, მოყვასი გულით შეიყვარე და იცოდე, სამშობლო მიწის ერთ გოჯსაც ვეღარ წაგართმევენ.
შეისისხლხორცე თანაგანცდა. შეძელი, ხანდახან ცხოვრებას სხვისი თვალითაც შეხედო. იცოდე, მაშინ აღარ შეგაწუხებს ბრაზი. საკუთარ თავს მიტევება ასწავლე. ადამის ძის მოღერებულ მუშტს ორივე ხელი მოჰკიდე, მაგრად მოჰკიდე, გააშლევინე და ხელი ჩამოართვი. ეცადე და გადაარჩინე, რომ ის მუშტის მონად არ იქცეს.
აპატიე... გული გატკინეს? გაწყენინეს? ცუდად შემოგხედეს? შენი ღირსება შეილახა? მაინც აპატიე... ამაღლდი სიძულვილზე, სამაგიეროს გადახდაზე...სისხლს ხომ სისხლით ვერ გადარეცხავ.მიიყვანე დამნაშავე სინანულამდე, „ სიკეთით სძლიე შენს მტერსა...“დარწმუნდები, ღირსეულს უღირსები ღირსებას ვერ შეულახავენ.
შეიყვარე მზე, სითბო, სინათლე. დაწერე, დახატე, გამოძერწე...იფიქრე სხვებზე. მიეცი საშუალება გულსა და გონებას, დრო და ადგილი ასწავლონ შენს ყოველ ნაბიჯს! შეიყვარე და გაუფრთხილდი. ყველაძე მთავარი სიყვარულის შენარჩუნებაა. შეიგრძენი ბედნიერება და ყოველ წუთს გახსოვდეს, შენი ბედნიერება სხვებსაც ეკუთვნით.
არც მწუხარებაა მხოლოდ სხვისი. სხვისი მწუხარება გაიყავი. დამიჯერე, ეს შენს ბედნიერებას არაფერს დააკლებს. უბრალოდ, შეძლებ, სხვას გაუადვილო ტვირთის ტარება.
ისწავლე მეგობრობის ფასი. გაითანაბრე შენი მეგობრები, იფიქრე მათზე. თუ მათ თვალებში დარდს შენიშნავ, საკუთარ თავს ჰკითხე: „რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა-თქო“.ამოუდექი მხარში, ნუ მიატოვებ ჭირსა და ლხინში. მუდამ გახსოვდეს, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. ნუ იქცევი საკუთარი თავის მტრად. წაიკითხე „ვეფხისტყაოსანი“ . რთული სასწავლია და არ გიყვარს? ბევრი საზეპირო მოგცეს და ინტერესი დაკარგე? არა! არ ისწავლო, წაიკითხე, აუცილებლად წაიკითხე...წაიკითხე , როგორც სიბრძნით სავსე წმინდა წიგნი. უბრალოდ, ყურადღებით კითხვას მიეჩვიე და მერე მიხვდები, რატომ მოგვეცა ჩვენ, „კაცთა“, უთვალავი ფერებით სავსე სამყარო... „იავთანდილე“ და მერე მასავით ამაყად თქვი: „ ნუ გეშინია! კაცი ვარ, ადამიანი!“-თქო.
შეიყვარე ვარსკვლავები, დაბნელებულცაზე რომ კიაფობენ. დაწერე... დახატე... გამოძერწე...იცეკვე...დაუკარი...იმღერე...ძალა შენებას მოახმარე და არა ნგრევას. ახალი ხე დარგე, მაგრამ მამაშენის დარგულსაც დაუსხი წყალი, ნუ გაახმობ! შენს ვენახში გახარებულ ვაზს მიწა გაუფხვიერე, მზე მიუშვი მასთან, გასხალი, ტოტები შეუსწორე, აკეთე ის, რასაც პაპაშენი აკეთებდა და სულ გახსოვდეს, რომ მისი ცხოვრების გაგრძელება ხარ. მისი სიცოცხლე შენში დარჩა, ნუ მოკლავ მას შენში! ნუ იქნები საკუთარი სისხლის მკვლელი!
სასთუმალთან ილიას და ვაჟას ნაწერები დაიწყე. ძილისწინ მხოლოდ ერთი გვერდი წაიკითხე და დამიჯერე, სწორად ფიქრს ისწავლი. არ დაიზარო, წაიკითხე...გადაშალე „კაცია-ადამიანი?!“...გადაშალე „მგზავრის წერლიები“...დააკვირდი, როგორ ზრდის ოთარაანთ ქვრივი თავის შვილს...თვალი მიადევნე, რა არის „დასაწყისი განთიადისა“...უკვე ისწავლე და აღარ გინდა ახლიდან წაკითხვა?მაინც წაიკითხე...მიხვდები, როგორ გაიზრდება და დაიხვეწება შენი შეხედულებები.გაინტერესებს, რა თქვა კლდემ მხოლოდ ერთხელ?გაინტერესებს, რა აწუხებს დაობლებულ შვლის ნუკრს. ხმელ წიფელს, იას? V –VI კლასებში რომ ისწავლე, საკმარისია?! არა, კიდევ წაიკითხე. იტირე შვლის ნუკრთან ერთად და ეგ ცრემლები გაგიწმენდს სულს... თუ ხმელ წიფელს ყურს კარგად დაუგდებ, მიგახვედრებს , როგორ უნდა მოექცე ბებიებსა და პაპებს, დარწმუნდები, რომ მათ ფესვებზე ამოსული ყლორტი ხარ- მათი ერთადერთი იმედი...ნუ მოუკლავ მათ იმედს!
თვალებში შემომხედე და გულწრფელად მომიყევი, რა გაწუხებს... ნუ დამიმალავ.შეიძლება, ცოტა გაგიბრაზდე, მაგრამ დამიჯერე, მოგეხმარები...სიბრაზე ნუ შეგაშინებს, ეგეც შენთვის მჭირდება, იცოდე.გაგიგებ, მეც ჩაგკიდებ ხელს..
დამეყრდენი...
მკითხე...
თუ საჭიროდ ჩათვლი, მირჩიე კიდეც. დამიმეგობრდი, მაგრამ სულ გახსოვდეს, რომ მე შენი უფროსი მეგობარი ვარ...
შენ კი ალგეთის ლეკვი...
შენ ჩემი ქვეყნის მომავალი ხარ...
შენ ხვალინდელი დღის გათენება ხარ! (ნუ დაღამდები...)
მე კი...
მე მშობელი ვარ შენი, რომელმაც სწორად სავალი ბილიკი უნდა გაგიკვალო.
მე დედა ვარ შენი, „ ქართლის ვედრება რომ უნდა ვისმინო“ და ისე აღვზარდო შენი სული ( და არა მარტო სხეული!)
მე მასწავლებელი ვარ, რომელმაც თითოეული გაკვეთილი შენი ბედნიერი მომავლისთვის უნდა დავგეგმო...
და თუ ეს ასეა, მაშინ თვალებში შემომხედე.შემომხედე და მომისმინე...მომისმინე, გთხოვ!
ქეთევან ილურიძე
2017 წლის დეკემბერი
__________________________________________
__________________________________________
ცხოვრება
მე რეჟისორი ვარ.
შენც რეჟისორი ხარ...
ისიც...
ჩვენ ვდგამთ საკუთარ ცხოვრებას.თუ ნიჭი გვიწყობს ხელს,სცენარის ავტორებიც ვართ. რთულია და უინტერესო "ცხოვრების დადგმა" სხვისი სცენარით. მსახიობებსაც თავად ვირჩევთ, საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით, ჩვენი ცხოვრების "უნიჭო" და "ნიჭიერი", "თავმდაბალი" და "ქედმაღალი", " გონიერი" და "უგუნური" მსახიობები ჩვენ რომ ამოვირჩიეთ. გარემოს ვაბრალებთ, ხან - ბედისწერას, ხან- წუთისოფელს.
ცხოვრება დიდი სცენაა.
ჩვენ კი განუწყვეტლივ ვთამაშობთ.
ვთამაშობთ დედაშვილობანას, სახლობანას, მასწავლებლობანას, მეზობლობანას, მეგობრობანას...( გახსოვთ, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დავიწყეთ ეს თამაში...).კითხულობ და მიბრაზდები: აბა, ქეთო, რას ამბობ? მე სულ ასეთი ვარ, არა, არა, არ შემიძლია თამაშიო! მეღიმება, როგორი ხარ? როგორი ეგეთი? სწორედ ეგ არის შენი როლი. როგორიც ხარ, ეგ უნდა შეასრულო კარგად.შენს ნიჭიერებაზეა დამოკიდებული, იყო თავისთავადი, სწორედ ეგეთი უყვარდე ხალხს.
ნიღაბსაც ვირგებთ. აქაც ბრაზდები. ნიღაბი არ გინდა? ნუ გინდა, თუმცა იცოდე, ხანდახან ეგეც საჭიროა. ცხოვრების რომელიმე ეპიზოდმა შეიძლება ეგეც მოგთხოვოს და შენ ისე უნდა მოირგო, რომ სასაცილო არ გახდე...ესეც ცხოვრებაა!
ის , სხვა, ჩვენზე ბედნიერია?
იქნებ, ის, სხვა, ჩვენზე ნიჭიერი რეჟისორია...
იქნებ, სცენარიც უფრო საინტერესო დაწერა ან დააწერინა ვინმეს...
იქნებ, ის, სხვა, ჩვენზე კარგად თამაშობს საკუთარი ცხოვრების სპექტაკლში...( ჩვენ ხომ არ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მის რეპეტიციებზე!)
მე რეჟისორი ვარ..
შენც...
ისიც..
და სხვაც..
მთავარია, ჩვენი ცხოვრების სპექტაკლის მთავარი თემა სიყვარული იყოს...იდეა კი ამ სიყვარულით ერთმანეთის ცხოვრების გალამაზება!!!!!
ქეთევან ილურიძე
21.01.2018 წელი
______________
იასამანი
პატარ-პატარა ოცნებებად დაიბადა.
ლურჯი რტოები შემოხვია სამყაროს და ცის სიღრმიდან ჩამოსული ნამი თვალებზე იცხო. საკუთარმა სურნელმა თავბრუ დაახვია. ვარსკვლავებად აენთო. დარდს სიხარული არჩია, ჩრდილს-მზე, ქარს-სიო, წელიწადის დანარჩენ დროებს - გაზაფხული....
ლურჯ კაბას სინათლის ფერი შეურია.
ტოტები ზეცისკენ აღაპყრო...
სიყვარულით გაიღიმა.
-ვინ ხარო?-ჰკითხა სხივმა, რომელიც მის ლურჯ რტოებზე ჩამოფრინდა,-არც ია ხარ და არც ყოჩივარდა... მაშ, ვინ ხარ?
-იასამანი! იასამანი! იასამანი! - გაცოცხლებული მუსიკალური ბგერებივით გაისმა ხმა...
ხმა და სურნელი იმ ლამაზი ყვავილისა, გუშინ პატარ-პატარა ოცნებებად რომ დაიბადა.
ქეთევან ილურიძე
13/III-2018 წელი
___________________________
______________
იასამანი
პატარ-პატარა ოცნებებად დაიბადა.
ლურჯი რტოები შემოხვია სამყაროს და ცის სიღრმიდან ჩამოსული ნამი თვალებზე იცხო. საკუთარმა სურნელმა თავბრუ დაახვია. ვარსკვლავებად აენთო. დარდს სიხარული არჩია, ჩრდილს-მზე, ქარს-სიო, წელიწადის დანარჩენ დროებს - გაზაფხული....
ლურჯ კაბას სინათლის ფერი შეურია.
ტოტები ზეცისკენ აღაპყრო...
სიყვარულით გაიღიმა.
-ვინ ხარო?-ჰკითხა სხივმა, რომელიც მის ლურჯ რტოებზე ჩამოფრინდა,-არც ია ხარ და არც ყოჩივარდა... მაშ, ვინ ხარ?
-იასამანი! იასამანი! იასამანი! - გაცოცხლებული მუსიკალური ბგერებივით გაისმა ხმა...
ხმა და სურნელი იმ ლამაზი ყვავილისა, გუშინ პატარ-პატარა ოცნებებად რომ დაიბადა.
ქეთევან ილურიძე
13/III-2018 წელი
___________________________
„ყველაზე კარგი
გაკვეთილები“
აღარ ტარდება
დღეს ბევრს ვსაუბრობთ მოზარდების სრულფასოვან აღზრდაზე,
მათ განათლებაზე. ვწერთ გაკვეთილების გეგმებს, ვარჩევთ სამოდელო გაკვეთილების სახეებს.
ვაყალიბებთ ჩვენს მიზნებს და შემდეგ ვკამათობთ, შევძელით თუ არა, რომ შედეგზე გავსულიყავით.
ზოგადი განათლების
ეროვნულ მიზნებში ვკითხულობთ: „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების
საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: ა)ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ საკუთრი პასუხისმგებლობის გააზრება.“ მიზანი, რასაკვირველია, დიდია და ღირებული.
წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა და უნარი უნდა ჰქონდეს სასწავლო დაწესებულებას, რომ თაობებს
ქვეყნის ინტერესები დაანახოს, გააცნობიერებინოს, რას ნიშნავს ტრადიციები, ღირებულებები
და მათ წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა შეაგრძნობინოს. მშობლები ყურადღებით ადევნებენ
თვალს სკოლის მუშაობას, მოლოდინი დიდი აქვთ, ხშირ შემთხვევაში შეფასებებსაც ცდილობენ, ხან ობიექტურები
არიან, ხან კი ზედმეტად კრიტიკულები. „კარგ სკოლაში დაჰყავთ ბავშვები“, მაგრამ მაინც
არ არიან კმაყოფილები. (ასეთ დროს ჩემთვის ბუნდოვანია, რას მოიაზრებს კარგი სკოლა,
კარგი გაკვეთილი, კარგი მასწავლებელი!)
მე ვიცი „კარგი
გაკვეთილი“, რომელიც, სამწუხაროდ აღარ ტარდება.
ილია ჭავჭავაძე
წერდა: „მამაჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა ყურისგდება
ზღაპრისა.“ მამა შვილებს იცით, როგორ ზღაპრებს უყვებოდა?! „ყველას უყვარს, შვილებო,
თავისი ქვეყანა და როცა უჭირს, ძნელია, კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს. ბევრიც
იმეტებდა თავს და ბევრმაც სახელი დაიგდო, სახელი გაითქვა თავისის ვაჟკაცობითა და ქვეყნის
თავდადებით. აი, ერთი ამისთანა ვაჟკაცის ამბავს გეტყვით და კარგად დაიმახსოვრეთ.“
(ილია ჭამჭავაძე, „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი“).
შვილებიც ისმენდნენ
და იმახსოვრებდნენ, რომ ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილმა ყიზილბაში ცხენიდან ჩამოაგდო, მაგრამ
არ მოკლა... ცოტნემ თაფლი წაისვა და თანამოძმეების გვერდით დაჯდა... ცხრა ძმა ხერხეულიძის
დედაც შვილებთან ერთდ ბრძოლის ველზე იმყოფებოდა... მამები შვილებს ვაჟკაცობაზე უამბობდნენ,
აქებდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც არ იყიდებოდა ფულადა.“
„ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ ეჯდა გვერდზედა
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა“ (ვაჟა, „სტუმარ-მასპინძელი“).
მამა-პაპის საგმირო საქმეებით ზრდიდნენ
პატარებს; მათ გონებაში ნელ-ნელა ილექსებოდა მონათხრობი. ბუნებრივად აანალიზებდნენ
საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ეცნობოდნენ ტრადიციებსა და ღირებულებებს... საკუთარი
პასუხისმგებლობაც ნელ-ნელა ჩნდებოდა.
რა ხდება დღეს?!
უსმენენ მოზარდები „დროულ კაცებს“?!
უყვებიან მამები წინაპრების საგმირო საქმეებს?! არსებობს კიდევ ის უხილავი, მტკიცე
ჯაჭვი, რომელიც თაობებს ასეთი საუბრების დროს ერთმანეთთან აკავშირებდა.
დღეს აღარ სცალიათ მამებს. მაშინ
კი ეცალათ?! მაშინ კი არ იყვნენ დატვირთულნი და დაკავებულნი?! იქნებ, მამებს მოსაყოლი
აღარ აქვთ?! იქნებ მამებიც ვეღარ პოულობენ სათქმელს?! თუ ასეა, რატომ ვემდურით მომავალ
თაობას?!... ისინ ხომ რასაც ჩავძახებთ, იმას ამოგვძახებენ...
სამწუხაროდ, რეალობაა, დღეს აღარ
ტარდება „ყველაზე კარგი გაკვეთილები“... დღეს ჩვენი შვილები „წრიპა ბიჭის დღიურებით“
(ჯეფ კინი) იზრდებიან... უფროსებმაც წავიკითხოთ ეს კომიქსი და მიხვდებით, რისი თქმა
მინდა...
მეშინია, საქართველო წრიპა ბიჭების
ქვეყნად არ იქცეს!
ისევ ჩავატაროთ „ყველაზე კარგი გაკვეთილები“!
ქ. ილურიძე
01. 03.
2019 წ.
______________________________
_______________________
წინსაფარი
დავბრუნდი
ვიცოდი,
ბევრი რომ მექნებოდა საფრენი. ვიცოდი, ფრთებიც დამეღლებოდა და გულიც, მაგრამ ეს არაფერია
იმ სურვილთან შედარებით, რომელსაც საქართველოში დაბრუნება ერქვა. ერთად ვიფრინოთო,
- უხმოდ ვუთხარით ერთმანეთს. აბა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ერთმანეთს ვპატრონობთ,
ვამხნევებთ და ასე ვთელავთ ცის კამარას.
მოვფრინავდით...
ცად
არაფერს ვეუბნებოდით ერთმანეთს. აფორიაქებული გულები გვიძგერდა, ყველა ვგრძნობდით ერთმანეთის
გრძნობას. საჭიკჭიკო ხმებსაც საქართველოსთვის ვინახავდით. იცით, რა საოცარი გრძნობაა
ცის ბილიკების გავლა, მათზე ჩვენი ნაფრთალი რომ ატყვია...
დაღლა
ვიგრძენით, მე თქვენ გეტყვით, სადმე ჩამოსკუპდები და დაისვენებ. ყველაზე გამოცდილმა
ბერდედამ ამბების გახსენება დაიწყო. არ ვიცი, იმ წუთებში ეს თავად უფრო სჭირდებოდა
თუ სხვებს. ჩვენი წინაპრისა და ბიჭო სესეს ამბავს იხსენებდა. აი, იმას, ქვა რომ ესროლა
თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ჩვენს ბაბუა მერცხალს. ამ ამბავმა ის პატარა ბიჭი გამახსენა,
ჩემი ბუდის სახლში რომ დაიბადა შარშან გაზაფხულზე. რანდენჯერაც ავჭიკჭიკდებოდი , ბიჭის
დედა ფარდას გადასწევდა და პატარას ეუბნებოდა: მზე შენთვის ანათებს, მერცხალი შენთვის
ჭიკჭიკებსო. მე ხმას კიდევ უფრო ვიუკეთესებდი, ნელ-ნელა, მეც დავიჯერე, რომ იმ პატარასთვის
ვჭიკჭიკებდი. ჩემი ბუდე... რამდენი ვიწვალე მის ასაშენებლად... როგორც ჩანს, ბერდედას
მცდელობა - ჩვენ აველაპარაკებინეთ, კარგად
გამიზნული იყო. დაღლილები ავლაპარაკდით, ჩვენს ბუდეებს ვიხსენებდით... ნეტავ, ისევ
თუ დაგვხვდებაო?! - იკითხა ერთმა. ამ შეკითხვას წუწუნი მოჰყვა. ყველამ თქვა სათქმელი,
წინასწარი სინანული, რამდენიმემ ცრემლებიც გადმოყარა, ასეთი დაღლილი ახალ ბუდეს როგორ
ავაშენებო.
ბერდედამ
გამოცდილი თვალით გადმოგვხედა და გამოცდილი სიტყვა გვითხრა: ნუ, შვილო, ნუ დაიბოღმებით!
ნუ იჯავრებთ წინასწარ დანგრეული ბუდეების გამო... ადამიანებსაც აქვთ, ალბათ, თავიანთი
სიმართლე. დაალაგებენ აივნებს, მოხვდებათ ხელში მიტოვებული ჩვენი სასახლეები, იფიქრებენ,
ჭუჭყის ბუდეაო, ღმერთო, გვაპატიეო და გადააგდებენ. მათ ხომ ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ
სხვების სიხარულისა და სხვისი ტკივილის გაზიარება. მათ ხშირად ერთმანეთის არ ესმით,
ერთმანეთს ვერ უფრთხილდებიან და ნუ გაიკვირვებთ, რომ ჩვენ გაგვიმეტონ... ისინი ხომ
ერთმანეთის ბუდეებსაც ადვილად ანგრევენ!
გამოცდილმა
ჭეშმარიტებამ თითქმის ყველა გააჩუმა... მე გამეღიმა. რაო? რას იღიმიო? -მკითხეს...
მე ცაში კიდევ უფრო მაღლა ავიჭერი, ერთი გემრიელად დავტრიალდი და ჩამოვძახე: მე ბუდე
დამხვდება! მე ისეთ სახლში მაქვს ბუდე, რომ მისმა პატრონებმა იციან მზისა და მერცხლის
ჭიკჭიკის მადლის ძალა.
მერცხლები
ჩემს ჭიკჭიკს აჰყვნენ.
ვიფრინეთ...
საქართველოს
სიო ვიგრძენით და უფრო მეტად გავიხმატკბილეთ... ცად ერთმანეთს დავშორდით. ყველა საკუთარი
ბუდისკენ გაეშურა.
ჩემი
ბუდე მოვძებნე... შეშინებული ვუახლოვდებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, ნამდვილად ვგრძნობდი,
რომ დამხვდებოდა. ფრთააკრეფით მივუახლოვდი. ჩემი სახლი, ჩემი ნაწვალ-ნაშრომი ფუძე ხელუხლებელი
დამხვდა.
ნუთუ
ამ სახლის პატრონს ჯერ არ დაულაგებია ნაზამთრალი აივანი?! დაალაგებს და ჩემს ბუდესაც
მოანგრევს?! - საკუთარი ნაფიქრის შემეშინა. დაღლილი სხეული ბუდეში ჩავასვენე. რა სჯობს
საკუთარ კუთხეში დასვენებას, თან ამხელა მგზავრობის შემდეგ! შევხედე საქართველოს ცას,
მთებს, ბუნებას... ავჭიკჭიკდი... ნელ-ნელა ხმას მოვუმატე.
შევნიშნე,
ფარდა გადასწია ჩემი სახლის პატრონმა ქალმა, პატარა ბიჭიც ხელში ეჭირა (როგორ გაზრდილა
უკვე!), ფანჯარა გამოაღო და შვილს უთხრა: ნახე, შენთვის დაბრუნდა ჩვენი მერცხალი! ნახე,
შენთვის ჭიკჭიკებს! შენთვის ანათებს გაზაფხულის მზე!
პატარა
ბიჭი გულუბრყვილო, კეთილი თვალებით იყურებოდა.
დავბრუნდი!
დავბრუნდი!
თურმე,
ღირდა დაბრუნება!
ქ. ილურიძე_______________________
წინსაფარი
რიტუალს
ჰგავდა.
ბებო მიუჯდებოდა ხოლმე ძველისძველ კიდობანს,
ახდიდა, მზის სინათლეზე გამოიტანდა საკუთარ ნივთებს და ისევ ინახავდა. სულ მეგონა,
რომ ამ დროს წარსულს ალაგებდა. სიყოჩაღე ეტყობოდა ამ საქმეს. თვალებშიც მიქანცული ვარსკვლავები
ენთებოდნენ.
ერთხელ ოთახში შემომაკითხა, ხელში წინსაფარი
ეჭირა... ტილოს ლამაზად მოქარგული წინსაფარი მაგიდაზე დამიდო, იქვე ჩამომიჯდა, ნახე,
ხომ ლამაზიაო, მკითხა.
დავხედე, მართლაც, საოცრად ლამაზი იყო...
სადა და უბრალო, თუმცა ძალიან ლამაზი - სიმეტრიულად მოქარგული. ნაქარგი ჯიბიდან იწყებოდა,
ამოდიოდა, ორნამენტად იშლებოდა. ძოწისფერი, ქარვისფერი სხივები თითქოს პატარა ზურმუხტისა
და ფირუზისფერ ჯვრებს იკავებდნენ... ეს პატარა ჯვრები კი სადღაც ზევით, გულისპირთან,
ყვავილების გვირგვინად იწვნებოდნენ.
მომეწონა, თითი გადავუსვი სხივებს... ბებომ
შემომხედა: შენზე პატარა ვიყავი, დედამ რომ შემიკერა და მომიქარგა. თვალს ვადევნებდი,
როგორ მოხატა, მერე კი საღამოობით იჯდა და ქარგავდა. მეგონა, წინსაფარი მზად რომ იქნებოდა,
მეც მაშინ ვიქნებოდი დიდი. მივიფარებდი, ცომს მოვზელდი, მოზელილ ცომს ჯვარს გარდავსახავდი
და მერე ხაჭაპურს გამოვაცხობდი...
დღესაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ მივიფარე
ეს წინსაფარი. სტუმრების მოსვლის დროსაც ვიფარებდი ხოლმე... მერე დედა წავიდა (ცრემლები
ძლივს გადაყლაპა ბებომ). წინსაფარს ვუფრთხილდებოდი. პაპაშენიც პირველად რომ ვნახე,
ეს წინსაფარი მეკეთა. მეზობელ დათიას მოჰყვა ჩვენთან, მაშინაც ცომს ვზელდი; დარჩით,
ხინკალს აკეთებს ჩემი ყოჩაღი გოგოვო! - უთხრა მამაჩემმა. დარჩნენ. მახსოვს, როგორ შეავლეს
სტუმრებმა ჩემს წინსაფარზე გადაშლილ ნაქარგებს თვალი.
უკვე დაქალებული მხოლოდ ღირსშესანიშნავ დღეებში
ვიკეთებდი ამ წინსაფარს. იცი, მაშინაც, თუ დედა ძალიან, ძალიან მენატრებოდაა... (ხელი
სიყვარულით გადაუსვა!)
ახლა შენ მოგცემ, შვილო... უკვე დიდი ხარ...
შენც მიიფარებ ამას, გაცრი ფქვილს, მოზელ ცომს, გამოაცხობ ხაჭაპურს... რომ აღარ ვიქნები,
გამიხსენებ! მე მიყვარს ეს წინსაფარი, ბები, შენც ხომ გეყვარება?! ხომ ლამაზია, შვილო?!
გამეღიმა...
ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი!
ლამაზი და სავსე...მივხვდი, ეს წინსაფარი
ბებიას გრძნობებს, განცდებს, სიყვარულს, მონატრებას, ქალობას „ინახავდა“ თითქოს.
-
მომწონს,
ბები, ძალიან მომწონს!
ბებიას
ცრემლები გადმოსცვივდა, სიხარულით სავსე ცრემლები... (ესენი აღარ გადაყლაპა, აღარც
დამალა) უფრო მეტიც, წინსაფარზე დაეცნენ...
წინსაფარი
ავიღე, კრძალვით დავკეცე და ჩემს კარადაში შევინახე. ბებიას თვალი არ მოუშორებია.
· იმ
შემოდგომით ბებო წავიდა...
კარადა რამდენჯერმე
დავალაგე, დალაგებისას ბებიას წინსაფარი მომხვდა თვალში. მას თავისი ადგილი ჰქონდა.
სიყვარულით შევახე ხელი... ვერ გავშალე, გული მეკუმშებოდა! ჯერ მონატრებაზე დიდი ტკივილი
იყო...
·
დღეს კი საოცარი მონატრება ვიგრძენი... ბებიის თვალები
გამახსენდა, სიყვარულით სავსე თვალები. სითბოთი გვიყურებდა ხოლმე შვილიშვილებს მაშინაც
კი, თუ ზედმეტად ვიცელქებდით. „შემოგევლოთ ბებოვო!“ - ესეც მომენატრა... მისი გულიწყრომაც მომენატრა, საჭმელს რომ არ ვჭამდით
მაშინდელი. მომენატრა და წინსაფარი გამოვიღე კარადიდან. სწორედ იმ მაგიდაზე გავშალე,
თვითონ რომ გაშალა რამდენიმე თვის წინ. ღმერთო,ეს ლამაზი წინსაფარი ბებიას ცხოვრებას
როგორ იტევდა ... განცდები, ფიქრები, ცრემლი და სიხარული ეტყობოდა... კუთხეს შევავლე
ხელი, ვინ იცის, რამდენჯერ მოუწმენდია ამით ცრემლი?! ნაქარგებს წავუსვი თითი, პატარა
ნაწიბურები თვალებს მიჭრელებდნენ.
-
უკვე დიდი ხარ... მიიფარებ! გაცრი ფქვილს, მოზელ ცომს,
გამოაცხობ ხაჭაპურს... - ბებიას სიტყვები გამახსენდა.
მივიფარებ,
ბებო!
მივიფარებ, მაგრამ მე რომ ფქვილს არ ვცრი, არც ცომს ვზელ და ხაჭაპურსაც
საკონდიტროში ვყიდულობ. ხინკალსაც სახინკლეში ვჭამთ... როდის მივიფარო?!
ბურუსში
ბებიას გაწბილებულ ღიმილს ვხედავ!
ეს გაწბილებული ღიმილიც ბებიას წინსაფარზე დასახლდება
სამუდამოდ!
2019 წლის მაისი
ქ. ილურიძე
__________________
მომეწონა
ReplyDeleteდიდი მადლობა თქვენი სტატიები მომეწონა გამოვიყენებ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას
ReplyDelete