____________________________________
როგორ გავზარდოთ მკითხველი
აკაკი ბაქრაძე
წერდა: „არის ნიჭი მწერლისა და არის ნიჭი მკითხველისა. რა დიდებული წიგნიც უნდა დაწეროს
მწერალმა, მნიშვნელობა არა აქვს, თუ მას ნიჭიერი მკითხველი არ კითხულობს“.
როგორ გავზარდოთ
ნიჭიერი მკითხველი?
როგორ ვაქციოთ
მხატვრული ლიტერატურა თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნების გზად?
დღეს ეს საკმაოდ
აქტუალური საკითხია. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ დავიჩივლოთ - მოზარდები
წიგნებს არ კითხულობენ. როგორ გავაცნობიერებინოთ მოსწავლეებს, რატომ უნდა წაიკითხონ
მხატვრული ნაწარმოებები.
ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი მოსწავლისათვის უნდა იყოს ლიტერატურული გზამკვლევი. ინტერესისა და ასაკის მიხედვით შევურჩიოთ მხატვრული ლიტერატურა. თუ სწორად არ
შეირჩა ნაწარმოებები, ეს იქნება ამოკითხვა და არა გააზრებული კითხვა. მაია ინასარიძე
შენიშნავს: „კითხვა
რომ სასარგებლო იყოს, მკითხველმა უნდა შეძლოს ტექსტის გაგება და ინტერპრეტაცია“. სამწუხაროდ,
ხშირად გამიგია, რომ
III-IV კლასების მოსწავლეებს წასაკითხად აძლევენ
ანტუან დე-სენტ- ეგზიუპერის „ პატარა უფლისწულს“. საინტერესოა, რა ასაკის
მკითხველი გაიაზრებს ფრაზებს: „ საკუთარი თავის
განსჯა ასჯერ უფრო რთულია, ვიდრე სხვების. თუ საკუთარი თავის სამართლიანად განსჯას
მოახერხებ, ე. ი. ნამდვილი ბრძენი ხარ“ // „თვალი ბრმაა, გულით უნდა ეძებო“ // „ როცა
თავს მოათვინიერებ, შეიძლება ხანდახან ცრემლების ღვრამაც მოგიწიოს“. გამოცდილი მასწავლებელი ამ „ფიქრის წყარო“ ნაწარმოებს VII-
VIII კლასებამდე არ წააკითხებს მოსწავლეებს, კითხვის პროცესში კი პერიოდულად დაეხმარება
გააზრებაში. მანამდე კი იკითხონ პატარებმა
ასტრიდ ლინდგერის გმირების სახალისო თავგადასავლები, თავგადასავლებამდე --- ზღაპრები,
პატარ-პატარა ლეგენდები, საყმაწვილო მოთხრობები.
ყოველი წიგნის დასახელებისას უნდა შევძლოთ მოსწავლეთა
ინტერესის პროვოცირება. მოვუყვეთ პატარა ,მაგრამ ძალიან
საინტერესო ეპიზოდი ნაწარმოებიდან. სიყვარულით ვახსენოთ მათთან პერსონაჟები : „ იცით, ერთხელ ჩვენს პეპის დაბადების დღეზე ვინ
ესტუმრა...“ // „ ჩვენი პეპი ცირკში უცნაურად მოიქცა, ჯერ ცხენზე შეხტა, მერე...“
(ასტრიდ ლინდგრენის „ პეპი გრძელწინდა“)“ ძალიან ცელქი და საინტერესო ბიჭია ემილი.
მას ერთხელ თავი ბულიონიან ჯამში გაეჭედა...“ ( ასტრიდ ლინდგრენის „ ლიონერბერგელი
ემილის თავგადასავალი“). ჩვენმა ნათქვამმა მოსწავლეს აუცილებლად უნდა
ათქმევინოს „ მერე?“ სწორედ ამ ინტერესით ნათქვამმა
„მერემ“ წააკითხოს მოსწავლეს მხატვრული ლიტერატურა.
დიდტანიანი მხატვრული
ნაწარმოებების კითხვა დაწყებით საფეხურზე შესაძლოა მოსწავლისათვის მოსაბეზრებელი გახდეს.
მაგალითად ინტერესით დაიწყოს „ ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონის“ კითხვა, მაგრამ
გაუჭირდეს მისი ბოლომდე მიყვანა. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, სასურველია,უფროსებმა (მშობლებმა,
მასწავლებლებმა) პერიოდულად გამოვნახოთ დრო და ორიოდე ფურცელი ან თუნდაც ერთი თავი
ჩვენ წავუკითხოთ. შემდეგ ერთად წაკითხულზე ვიმსჯელოთ, შევაფასოთ პერსონაჟთა ქცევები.
ეს მეთოდი „ დაგვამეგობრებს“ პატარა მკითხველთან.
მეგობრობის ეს ფორმა კი მიზნისაკენ მისაღწევი საუკეთესო გზაა.
თუ შევძელით და
დაწყებით საფეხურზე კითხვა „ საყვარელ საქმედ“ ვუქციეთ მოსწავლეებს, პროცესი ისევ ჩვენ
უნდა ვმართოთ. ისევ ვურჩიოთ, რა წაიკითხონ. თვალი ვადევნოთ, რა სახის ლიტერატურას ირჩევენ
თავად. არასდროს უყურადღებოდ არ დავტოვოთ ის ნაწარმოებები, რომლებიც თავად შეარჩიეს
და მოსწონთ. ყურადღებით მოვუსმინოთ, რიგ შემთხვევებში მათი რჩევით ჩვენც წავიკითხოთ.
ხშირად ვეცადოთ, ლიტერატურის გაკვეთილებზე დავაფიქროთ
მოსწავლეები, როგორ იბადებიან და როგორ ცხოვრობენ ლიტერატურული პერსონაჟები. რეალურად ისინი ხომ ცხოვრებიდან მოდიან.
პაოლო იაშვილი წერდა: „ რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო...“ // „რამდენი
სახე მე თვით უნდა გავაპარტახო“, მართლაც, ვინ იცის, რამდენი ქართველის თვისებების
შერწყმით შექმნა ილიამ თათქარიძეების, ოთარაანთ ქვრივისა და ლელთ ღუნიას მხატვრული
სახეები. იპოვა და მხატვრული სიცოცხლე შესძინა მიხეილ ჯავახიშვილმა კვაჭი კვაჭანტირაძეს,
გივი შადურს, თეიმურაზს. პერსონაჟები ჯერ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ისინი ორჯერ იბადებიან
-რეალურ ცხოვრებასა და მწერლის მიერ შექმნილ სასურველ სამყაროში. მოსწავლეებმა ლიტერატურული
ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ უნდა იფიქრონ, რამდენი დადიანის ასული ცხოვრობს მათ
გარშემო, რამდენი მარიტაა და რამდენი ციციკორე. ვის ახასიათებს ჯეინ ეარის თვისებები.
რა შეძლო მარტინ იდენმა, რომლისთვისაც „ ყოველი წიგნის გვერდი თითქოს სათვალთვალო ჭუჭრუტანად
იქცა, საიდანაც ცოდნის სამყაროს ჭვრეტდა“. რასაკვირველია, ვერ შევძლებ ყველა ავტორისა
და ყველა პერსონაჟის დასახელებას, მაგრამ სასურველია, ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელს კლასების მიხედვით ჰქონდეს შერჩეული სავალდებულო კლასგარეშე ლიტერატურის სია, რომელსაც
მიზნობრივად გამოიყენებს.
დამეთანხმებით, არის გარკვეული მხატვრული ნაწარმოებები ,რომლებსაც ადამიანი სკოლაში
სწავლის პერიოდში აუცილებლად უნდა გაეცნოს, მათში წარმოდგენილ მხატვრულ სახეებთან ერთად იფიქროს, მათთან ერთად გადაწყვიტოს, მათთან
ერთად ეწყინოს და გაუხარდეს. და თუ კარგად გაიცნობს პერსონაჟებს, მიხვდება, რომ თითოეული
მათგანი ჯერ რეალურ სამყაროში დაიბადა, მერე მწერლებმა ნაწარმოებებში „გადაიყვანეს“,სიცოცხლე
კი იმ ადამიანებმა გაუხანგრძლივეს, მკითხველი
რომ ჰქვია. ნიჭიერ მკითხველს ჩვენ გავზრდით, თუ შევაყვარებთ კითხვის პროცესს, ჩამოვუყალიბებთ
ლიტერატურულ გემოვნებას და წაკითხულზე ფიქრს ვასწავლით.მაშინ ლიტერატურა მოსწავლისათვის
თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნების გზად იქცევა.
ქართული ენისა და ლიტერატურის
წამყვანი მასწავლებელი
ქეთევან ილურიძე
არასახელმწიფო
საერო სკოლა „ალბიონი“
გამოყენებული ლიტერატურა:
1.აკაკი ბაქრაძე
, „სკოლას“,2004 წელი
2.მაია ინასარიძე,ქართული
ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე
მეთოდები,2006 წელი.
__________________________________________
ილია ჭავჭავაძის
„ მგზავრის წერილების“
იდეათა გააზრება
თანამედროვე ჭრილში
„მგზავრის წერილები“
ილიას შემოქმედებისა და პრაქტიკულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის პროგრამის უშუალო ასახვას
წარმოადგენს. ის მოგზაურულ ჟანრს განეკუთვნება.
„ მოგზაურული ჟანრის თხზულება ხელოვანის შესაძლებლობების გამომჟღავნების თვალსაზრისით
მარჯვე სასინჯი ქვაა, რადგანაც სწორედ ასეთ თხზულებაში მკაფიოდ ჩანს მწერლის ინტერესთა
სფერო, დაკვირვების უნარი“(ლ. მინაშვილი). თემად წარმოდგენილია ახალგაზრდა ქართველის
პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნება, რაც შეეხება იდეას, ნაწარმოები სავსეა იდეებით.
მთავარია, მკითხველმა შეძლოს ქვეტექსტების ამოკითხვა, ისინი ეროვნულ იდეალებს დაუკავშიროს
და დროში განაზოგადოს. ნაწარმოების ღირებულებას ხომ სწორედ იდეათა უკვდავება განაპირობებს.
მოსწავლეებს
უადვილდებათ ილიას „ კაცია-ადამიანის?!“ შესწავლა, სიამოვნებით კითხულობენ და აანალიზებენ
„ ოთარაანთ ქვრივს“, „განდეგილს“. შედარებით უჭირთ „ მგზავრის წერილების“ გააზრება.
ამ დროს მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი. თუ მე-11 კლასის მოსწავლეებს ნაწარმოების
ეპიზოდებს თანამიმდევრულ (ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებულ) იდეებად „გავუშლით“,
სწავლაც გაუადვილდებათ და ვფიქრობ, ის მხოლოდ ილიას სამოქმედო-საპროგრამო ნაწარმოებად
კი არ დასახელდება, თითოეული ქართველი ილიას მიერ წარმოდგენილი ამ პროგრამით იცხოვრებს.
ნაწარმოები
შეგვიძლია, ხუთ ძირითად საკითხად დავყოთ. თითოეული საკითხის იდეა დავანახოთ მოსწავლეებს
და ხუთივე დავუკავშიროთ თანამედროვე ცხოვრებას.
№
|
მასალა
ტექსტიდან
|
ქვეტექსტი
|
1
|
„საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი
ამ სქელ-კისერა „იამშჩიკის“ ბრიყვული სახე...“
|
ხელოვნების მთავარი დანიშნულება - რეალური თუ სასურველი სამყაროს წარმოდგენა.
|
2
|
„ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი...ოო, ძვირფასო ოთხო
წელიწადო!“ //რუსი აფიცერი, იზლერის ბაღი და გენერლების რაოდენობა...
|
ორი რუსეთის არსებობა - კულტურის( განათლების) გამიჯვნა პოლიტიკისაგან.
|
3
|
„როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე. რას ვეტყვი
მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“
|
პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი სამშობლოს წინაშე. ( მოსალოდნელი
გაუცხოების დაძლევა).
|
4
|
თერგი და მყინვარი
დღე და ღამე
ბაირონი და გოეთე
|
მოძრაობა - პიროვნებისა და ზოგადად ერის ხსნის, წინსვლის ერთადერთი გზა.
|
5
|
ლელთ ღუნია - „ადამიანი, რომელსაც ძილშიაც კი არ სძინავს ქვეყნის უბედობით
გულ - აღტკინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყენავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ
და თუ ვიპოვე, ვეთაყვანები“.
|
პატრიოტი ადამიანების ძიების საკითხი...
( რას უნდა ფიქრობდეს და როგორ უნდა ცხოვრობდეს პატრიოტი)
|
ქვეტექსტების
განზოგადება
1.
ხელოვნებას ხალხის ზნეობრივი, მორალური, კულტურული აღზრდა
ევალება. ყოველ ეპოქას სჭირდება შემოქმედი ადამიანების ობიექტური ხედვა, რაც ერს თვალს
აუხელს, რეალურად დაანახებს პრობლემებს და მათზე ფიქრს ასწავლის.
2.
ილია ჭავჭავაძე არ იყო მომხრე კულტურისა და განათლების
კარჩაკეტილობისა. პირიქით, ნაწარმოებში ერთმანეთისაგან მიჯნავს „ განათლებულ რუსეთსა“
და „აფიცრის რუსეთს“. დღეს ეს საკითხი პრობლემებს ქმნის. სამწუხაროდ, მოზარდები არ
ფლობენ რუსულ ენას, არ ეცნობიან ალექსანდრე პუშკინის, ლევ ტოლსტოის, თეოდორ დოსტოევსკის
გენიალურ ნაწარმოებებს, არ უყურებენ ფილმებს რუსულ ენაზე. ავიწყდებათ, რომ პოლიტიკა
და კულტურა ორი სხვადასხვა ცნებაა.
3.
ახალგაზრდებს გული მიუწევთ სხვა ქვეყნებისაკენ განათლების
მისაღებად. რასაკვირველია, ეს ცუდი არ არის, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ, რომ დაგროვებული
ცოდნა საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას მოახმარონ. იგრძნონ პასუხისმგებლობა მამულის
წინაშე, არ შეუშინდნენ მოსალოდნელ გაუცხოებას („ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ
ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა?“), პირიქით, სწამდეთ,
რომ „ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ რომ იმისი სისხლი და ხორცი
ვარ“.
4.
ილია ერის ხსნის გზას მოძრაობაში ხედავს. ის „ მთელი
ერის სიცოცხლის ნიშნად აღიარებს მოძრაობას, მოქმედებას. ილია თხზულებაში არ აკონკრეტებს
თვითონ მოძრაობის შინაარსს. მისი აზრით, მთავარია, იყოს მოძრაობა, ადამიანი მიზანმიმართული
არსებაა და ამდენად მისი მოძრაობაც მიზანსწრაფული მოქმედება უნდა იყოს - ესაა ადამიანის
სიცოცხლის გამოხატულებაც და გამართლებაც“.
( ლ. მინაშვილი).
5.
სამშობლოზე ფიქრი არ უნდა ასვენებდეს ქართველს. მან
ყოველთვის სწორად უნდა შეაფასოს პრობლემები, იცოდეს, სად როგორ უნდა მოიქცეს, „ ჭკუიანი
ვაჟ-კაცობანი ეგე არნ: სად ღონეი ვერ ღონობს, იქაიდ ხერხს ემუდვნის“. შესაძლებლობები
სწორად გამოიყენოს და ყველაფერი სიყვარულით აკეთოს. გააცნობიეროს, როდის რა არის პატრიოტობა.
ხუთივე საკითხი
ურთიერთკავშირშია:
ხელოვნების
როლი ßà პრობლემის სწორად დანახვა ßà პიროვნების პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე ß à მოძრაობა, აქტიურობა ß à პატრიოტობა
თუ
ამას კარგად დააკვირდებიან მოსწავლეები, მიხვდებიან, რომ ილიას „მგზავრის წერილები“
მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, ის ყველა დროში ყველა ქართველისათვის სამოქმედო-საპროგრამო
ხასიათის თხზულებაა. მისი გააზრებული კითხვა აუცილებლად დაგვაფიქრებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ.
სკოლა
„ალბიონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის
წამყვანი
მასწავლებელი ქეთევან ილურიძე
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
ლ. მინაშვილი, ილია ჭავჭავაძე, თბ.
1995წ.
2.
ილ. ჭავჭავაძე , თხზულებანი, თ.1984წ.
______________________________
ნუ
შეგვაშინებს ნაწარმოებში
გამოყენებული ვულგარიზმები,
ვასწავლოთ მოსწავლეებს
ნ. შატაიძის
მოთხრობა „მოგზაურობა
აფრიკაში“
„ ნუ ითამაშებ, შვილო, ომობანას, ნუ ითამაშებ, ცუდი თამაშია“
იოსებ ნონეშვილი
·
IX
კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში (ავტორ-შემდგენელები:
ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი...) შეტანილია ნ. შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“.ნაწარმოებმა
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.მშობლებისა და მოსწავლეების ნაწილი შეშფოთებულია იმ ვულგარიზმებით, რომლებიც
მოთხრობაში გვხვდება. გაჩნდა კითხვები: რატომ უნდა ისწავლონ მოზარდებმა ასეთი ნაწარმოები?
რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა ამ ნაწარმოებით?
გადავწყვიტე, ჩემი წერილით ვუპასუხო მათ კითხვებს.
·
ილია
ერენბურგი წერდა : „ომი ხალხისათვის - ეს არის ცრემლი, სისხლი, ესაა ქვრივები და უპატრონოები,
ეს დაფანტული ბუდეებია, დაღუპული ახალგაზრდობა და დამცირებული სიბერე“. ზუსტად ეს სიტყვებია
ამბად გადმოცემული ნ. შატაიძის მოთხრობაში. პატარა მთხრობელი აფხაზეთის ომის მსხვერპლია.
ოჯახში სამნი იყვნენ - დედა, მამა და შვილი. მშობლები შრომობდნენ, შემდეგ ერთად ისვენებდნენ,
„ ზაფხულობით თითქმის მთელ დღეს კელასურში, ზღვის პირას ვატარებთ - ვბანაობთ, მზეს
ვეფიცხებით“, „ ზამთარში ქალაქში ვსეირნობთ, შევდივართ კინოში, მაღაზიებში, მერე ზღვისპირა
რესტორანში“, „ ჩემი მშობლები წყნარად საუბრობენ“.ომმა ოჯახური იდილია დაარღვია, მამის
დაჟინებული მოთხოვნით დედა და შვილი თბილისში უნდა წამოსულიყვნენ. ოჯახი „გაიყო“, მამა
დარჩა,ავადმყოფობის გამო მგზავრობას ვერ გაუძლებდა. ერთი მთლიანი ორად დაიშალა ( სწორედ
ისე, როგორც აფხაზეთი და საქართველო). მოზარდი იხსენებს, რა გაჭირვებით გადმოიარეს
უღელტეხილი. „ხალხი გზადაგზა ეცემოდა და იხოცებოდა, განსაკუთრებით მოხუცები და ძუძუთა
ბავშვები“. დედა და შვილი ფიზიკურად გადარჩნენ - „ ჩვენ გადავრჩით და ახლა აქა ვართ,
ოღონდ ცალ- ცალკე, ის თავისთვის, მე- ჩემთვის“.
ბიჭმა ბავშვობა სოხუმში დატოვა, სოხუმის მზის
ქვეშ. დედამაც სახე იცვალა. ომმა, ბუდის დანგრევამ სოციალურად მოკლა მასში დედა. ვერ
შეძლო ოთარაანთ ქვრივის შინაგანი სიმტკიცე გამოეჩინა და გაეგრძელებინა ქალის საპასუხისმგებლო
მისია - დედობა. თვალის ფერიც კი შეეცვალა. დაიწყო სმა, მრუშობა, შვილის ცემა - „ მცემა
სკამის ფეხით...წარბი გამისკდა და მარჯვენა ნეკა თითი მომტყდა“. აფხაზეთში ცხოვრებისას
მდინარეზეც არ უშვებდა, შიშობდა, „ალიკას მთიდან“
არ გადმოხტესო. მკითხველი ხვდება, როგორ დაკარგა ქეთომ დედობრივი სიფრთხილე,
ბიჭიც გრძნობდა ამას, რასაკვირველია, მოტეხილი თითიც სტკიოდა, მაგრამ შინიდან ამის
გამო არ გაქცეულა, გაიქცა მაშინ, როცა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაკარგა თავისი
მშობლების „ საქორწინო ბეჭედმა“ ძალა - სიწმინდე და ერთგულება.
ბიჭი სახლიდან გაიქცა. გაიქცა და თან წაიღო
თავისი მშობლების საქორწინო ბეჭედი ( იქნებ გადაარჩინოს!) და 30 მანეთი ( მისი ბავშვობაც
ხომ 30 ვერცხლად გაყიდა ბედისწერამ!), წავიდა წარსულისაკენ ( მამა უნდა ნახოს!). აწმყოში
მხოლოდ გულგრილობა და სისასტიკე იყო _ მოწყალებას თხოულობდა, პოლიციელები სცემდნენ,
ან მუყაოს ყუთში ეძინა და ან სარდაფში, წებოს ყნოსავდა ,ადამიანების ეშინოდა. აწმყომ
წყალობის გამღებთა ფსიქოლოგია შეასწავლა, ადამიანების შიშმა კი საკუთარი სახელის დამალვა
,თითქოს ამ გზით უფრთხილდებოდა საკუთარ ბავშვობას. ( „ რა გქვია? - გია,-ვიცრუე უნებურად”).
ცხოვრებისაგან გაწბილებულს მადლიერების გრძნობა
არ დაუკარგავს. გულგრილ გარემოში მაინც ხედავდა სითბოს, ყურადღებას, ერთჯერად მზრუნველობას
და უსაზღვრო ბედნიერებით ევსებოდა გული. „ დეიდა მანანა ალერსიანად მიყურებდა და უცებ
ვხედავ, დედაჩემისნაირი თვალები არა აქვს?“// „ვნუკ, მოი ვნუკ!“ მოისმინა დედაბრისაგან
და ბიჭმა იგრძნო, „ საკუთარი ბებიასავით მიყვარდა, გული ამომიჯდა, ყელში ხორკლიანი
გორგალი მომაწვა და კინაღამ ღრიალი მოვრთე“.
ბიჭი ჯერ სახლიდან გაიქცა, მერე წუპაკასთან
ერთად რეალობისაგან გარბოდა ( ყნოსავდა წებოს და მოგზაურობდა აფრიკაში), ბოლოს კი გადაწყვიტა,
ირეალურ სამყაროსაც მოშორებოდა
,წარსულს დაუბრუნებოდა, მამასთან წასულიყო.. პატარაა, მაგრამ საკუთარ გამბედაობას აცნობიერებს
- „ რა შიში, რის შიში, პირიქით, მიხარია, მე ხომ იმას ვაკეთებ, რაც სხვამ ვერავინ
შეძლო, ვერ გაბედა,მე კი გადავწყვიტე!“ ( ეს ხომ მამამ ვერ შეძლო, შვილის მონატრებამ
ვერ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი!).
ერთი ღამე აფხაზების ოჯახში მოხვდა. დაურს (
მასპინძელი), „ქართველისაგან ვერ გაარჩევდი“, ბიჭს უკვირდა , აფხაზები არიან და ქართული
საიდან იციან...“ როგორ საიდან, ქართველი დედები გვყავდა“ - სწორედ ამ პასუხში მოიზარება
ქართველთა და აფხაზთა განუყოფლობა. ბავშვი დააპურეს, მოუარეს, ტყვარჩელში მანქანით
გაუშვეს. პატარა მთხრობელს რა არ ჰქონდა ნანახი, მაგრამ ომის შემდეგ აფხაზებისა და
ქართველების ურთიერთობა არა. ზიტასთან და დაურთან სტუმრობამ ახალი საფიქრალი გაუჩინა
- ვის სჭირდებოდა ომი? აფხაზებმა ქართველი ბავშვი ხომ ლამაზად ისტუმრეს.
ნ. შატაიძე ემოციურად წარმოუდგენს მკითხველს,
როგორ მიუახლოვდა მოზარდი ტყვარჩელში თავის სახლს. „ გულაჩქარებული ზემოთ შევუყევი“,
„მთელ კორპუსს ერთი ფანჯარაც აღარ შერჩენია“, „ ჩვენს ბინას კარი აღარა აქვს“., „გახევებული
ვდგავარ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე“. ბიჭი პატარა გმირია, შევიდა „ნასახლარში“, ნაგავსა
და სიცარიელეში თავისი ნაჭრის დათუნია - გერასიმე იპოვა. მკლავმოგლეჯილი, გათელილი,
მნიშვნელობადაკარგული თავისი ბავშვობა. მამაც აღარ დახვდა, ცოლი შეურთავს,მათი მეზობელი
ლიდა, ორი გოგო ჰყოლიათ უკვე...კიდევ ერთი ტკივილი იგემა ბიჭმა, „სანამ არ ჩავახველე,
ხმა ვერ ამოვიღე“. თურმე, აღარც მამას სჭირება ის საქორწინო ბეჭედი, ვერც მამა მოფრთხილებია
მას. აქ უკვე ზედმეტია, მის გულს ახალი ნაწიბური დაემატა, ტკივილებით სავსე ცხოვრებას
- კიდევ ერთი ტკივილი. ამიტომაც, ისევ თბილისში უნდა დაბრუნდეს, უკან წამოიღოს საქორწინო
ბეჭედი და თავისი ბავშვობის აჩრდილი -დათუნია გერასიმე.
აფხაზეთი ბიჭის
წარსულია,
თბილისი - აწმყო.
აფხაზეთში სიცარიელე
დახვდა,
თბილისში სისასტიკე
დახვდება.
არჩევანს
ისევ სისასტიკეზე აკეთებს, როგორც ჩანს, ეს უფრო ადვილი „სატარებელია“მისთვის. .თუმცა,
თუ მხრები ეტკინება,ისევ იმოგზაურებს აფრიკაში და გაექცევა სისასტიკეს . წუპაკაც ყნოსავდა
წებოს და მერე დედ- მამას ელაპარაკებოდა , ბიჭი კი მშობლეთან კი არა, აფრიკაში მცხოვრებ
სპილოებთან ერთადაა. „ მოვიდნენ სპილოები“. აფრიკა სითბოა, მას ხომ ყველაზე მეტად სითბო
ენატრებოდა („ზოგჯერ ახლოს ჩაგირბენენ,ამ დროს
გრძნობ მათ სუნს, სითბოს...“). სამწუხაროა, რომ ამ მავნე ჩვევით გაურბის ადამიანებს
და ცხოველთა სამყაროში მოგზაურობს. რა უნდა იყოს იმაზე მეტად საშინელი,მოზარდი სპილოებთან და ანტილოპებთან უფრო უსაფრთხოდ გრძნობდეს
თავს, ვიდრე ადამიანებთან.
მოთხრობა
მკითხველს დააფიქრებს ცხოვრებისაგან დაღლილ ბიჭზე,ადამიანთა გულგრილობაზე, ომის შედეგებზე.
ეს თანამედროვე რეალიზმია. ვინ მოთვლის, რამდენი ოჯახი დაანგრია ომმა, რამდენ ბავშვს
აურია მომავალი, რამდენის ცხოვრებაა ამ ერთ მხატვრულ სახეში გაერთიანებული, რამდენი
ადამიანის ტკივილზე გვიყვება პატარა მთხრობელი.
ტექსტში ვხვდებით რამდენიმე ვულგარიზმს - (
„კაიფობ“, „აცეტონზე შეჯდა“, „აბხაზებმა რომ დაგიჭირონ და გაგჟიმონ“). ეს მხატვრული
გამომსახველობითი საშუალებაა, რომელსაც მწერალი მიზნობრივად იყენებს, ამბავს ბუნებრიობას
მატებს. ბიჭი ქუჩაში ცხოვრობს, მიუღებელი ლექსიკა და არასასურველი ცხოვრების სტილიც
ქუჩამ მოუტანა .
·
14- 15 წლის მოსწავლეები უკვე იწყებენ ფიქრს
ადამიანთა ცხოვრებაზე. მე-8 კლასში ისწავლეს ნ. ბარათაშვილის ლექსი „ ფიქრნი მტკვრის
პირას“. ლირიკულ გმირთან ერთად ეძებდნენ პასუხს რიტორიკულ შეკეთხვაზე - „მაინც რა არის
ჩვენი ყოფა, წუთისოფელი?“ წუთისოფლის ამაოებაზე უკვე ნაფიქრი აქვთ, ნ. შატაიძის მოთხრობა „ მოგზაურობა
აფრიკაში“ კარგად მიახვედრებს მოზარდებს, ვინ ხდის წუთისოფელს ამაოს. ადამიანები ცხოვრებას
ომებით, მკვლელობებით, ღალატით, გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით როგორ ამძიმებენ.
·
მოსწავლეებმა ეს ფიქრიანი ნაწარმოები მასწავლებლის
დახმარებით უნდა ისწავლონ , ამოიკითხონ სათქმელი, რომელიც სტრიქონებს მიღმა იმალება;
იმსჯელონ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, ნაწარმოებში რომ არის წარმოდგენილი; გამართონ
დისკუსია, განსაზღვრონ მწერლის სტილი. ერთად უყურონ ფილმს „გაღმა ნაპირი“ ( რეჟისორი
გიორგი ოვაშვილი, სცენარის ავტორი ნ. შატაიძე). ნაწარმოები და ფილმი ერთმანეთს დაუკავშირონ
. მაშინ მოსწავლეები სწორად შეაფასებენ მოცემილი ნაწარმოების ღირებულებას და შეშფოთებულ
მშობლებს თავად აუხსნიან, რატომ უნდა ისწავლებოდეს ეს IX კლასში.
იქნებ, ამ ნაწარმოების შესწავლამ ადამიანებს
ბავშვობიდანვე შეაძულოს ომი...არ ითამაშონ ომობანა,დარწმუნდნენ, რომ „ომობანა ცუდი თამაშია“.
არასახელმწიფო
საერო სკოლა „ალბიონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის
წამყვანი
მასწავლებელი
ქეთევან ილურიძე
გამოყენებული ლიტერატურა:
1. სიბრძნის ენციკლოპედია, 2015 წელი.
2. ქართული ენა და ლიტერატურა, IXკლასი,
ავტორ- შემდგენელები:ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი...“სწავლანი“ 2012წ.
3. ნ. შატაიძე, „ გაღმა ნაპირი“, თბ.2010წ.
__________________________________________________
ბლუმის ტაქსონომია - ანალიტიკური აზროვნების განვითარების გზა
ქართული ლიტერატურის
გაკვეთილების ძირითადი მიზანი მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. ამის
მისაღწევად მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობასა და მეთოდს ვიყენებთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი
საუკეთესო გზა ბლუმის ტაქსონომიაა.
„ტაქსო“ ბერძნული
სიტყვაა და რიგის მიხედვით განლაგების კანონს ნიშნავს. ბლუმის პედაგოგიური მიზნების
ტაქსონომია ეხმარება მასწავლებელს, გაერკვეს სწავლების მიზნებში და ეს მიზნები დაალაგოს მათი მნიშვნელობის მიხედვით.
ბლუმის კოგნიტური მიზნების იერარქიაში გამოიყოფა ექვსი კლასი - დაბალიდან მაღალი დონისაკენ:
1
ცოდნა à გაგებაàგამოყენებაàანალიზიàსინთეზიàშეფასება
ამ საფეხურების
გათვალისწინებით ნაწარმოებების შესწავლის დაგეგმვა მოსწავლეებს გაუადვილებთ ტექსტის
გაგებას, გააზრებას, ქვეტექსტების ამოკითხვას, მორალურ-ეთიკური პრობლემების ამოცნობასა
და განზოგადებას, პერსონაჟებისა და ლირიკული გმირების შინაგანი სამყაროს „გახსნას“,
მხატვრული ღირებულებების შეფასებას. თუ დავუკვირდებით, ექვსივე საფეხურის „ ავლაა“
საჭირო იმისათვის, რომ ნაწარმოები კარგად შეისწავლოს მოზარდმა, შეძლოს მასზე მსჯელობა,
საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება.
VIII კლასში მოსწავლეები
სწავლობენ ნ. ბარათაშვილის ლექსს “ ფიქრნი მტკვრის პირას“.ლექსი ფილოსოფიური ხასიათისაა,
ლირიკული გმირი რიტორიკული შეკითხვებით მკითხველს მოუწოდებს იფიქროს: „ მაინც, რა არის
ჩვენი ყოფა- წუთისოფელი?“რატომ მოვედით ამ ქვეყნად? როგორები ვართ ჩვენ, ადამიანები?
ღირდა თუ არა წუთისოფელში მოსვლა?პოეტი ცდილობს, არგუმენტებით ( ორი მეფის ცხოვრების
მაგალითით) გასცეს პასუხები კითხვებს.
13-14 წლის მოზარდებისათვის,
ფაქტობრივად, ეს ლექსი ადამიანად ყოფნის სირთულეებზე დაფიქრების საწყისს წარმოადგენს.
ამ დროს ჩამოყალიბებული შეხედულებები არაერთხელ გაახსენდებათ შემდგომ კლასებშიც, ნ.
ბარათაშვილის „ ფიქრნი მტკვრის პირას“ ხომ საუკეთესო ლიტერატურული პარალელია მსგავსი
თემატიკის ნაწარმოებების შესწავლის დროს. ეს ლექსი მკითხველს საკუთარი თავის შეცნობასა
და შემდგომ წუთისოფელში დასამკვიდრებლად ეხმარება - აპოვნინებს ცხოვრების მიზანს (
„ მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა...“). ამიტომაც, მნიშვნელოვანია ლექსის სიღრმისეული გააზრება და შეფასება, რაშიც
ხელს შეგვიწყობს ბლუმის ტაქსონომია.
I საფეხური (ცოდნა)
გავიგოთ,რა იციან
მოსწავლეებმა ცხოვრებაზე, წუთისოფელზე? რა გაუგიათ წუთისოფლის ამაოებაზე? რატომ იბადება
ადამიანი, რა არის მისი ამქვეყნიური დანიშნულება?
II საფეხური( გაგება)
წავაკითხოთ ლექსი;
გავაპერიფრაზებინოთ; ვამუშაოთ ლექსიკაზე; დავავალოთ, რაც გაიგეს, გადმოსცენ საკუთარი
სიტყვებით.
III საფეხური (გამოყენება)
დავავალოთ ლექსში
მოცემული საკითხები დააკავშირონ ცხოვრებას. დღესაც არიან თუ არა კეთილი და ბოროტი მეფეების
მსგავსი ადამიანები. რა არის მათი ცხოვრებისეული მიზნები?
IV საფეხური ( ანალიზი)
ლექსი დავაშლევინოთ
ნაწილებად:
·
პოეტის მიერ დასმული პრობლემა ( რიტორიკული შეკითხვები:
„ მაინც რა არის ჩვენი ყოფა წუთისოფელი,თუ არა
ოდენ საწყაული აღუვსებელი?“ / „არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება რად იყო
ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?“))
·
არგუმენტებით მსჯელობა დასმული პრობლემის გარშემო (
ორი მეფე...)
·
პრობლემის გადაჭრა ( „ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს...“)
·
მხატვრული საშუალებების ამოკრება და მათი მნიშვნელობების
ახსნა
V საფეხური ( სინთეზი)
დავავალოთ, ლექსის ნაწილები ერთ მთლიანობად
წარმოიდგინონ და მსჯელობის საფუძველზე დაასახელონ, რა არის ლექსის თემა და რა არის
ლექსის იდეა. რა საკითხზე დაფიქრებულა პოეტი და რა საკითხზე დააფიქრებს მკითხველს.
VI საფეხური ( შეფასება)
დავავალოთ,
იმსჯელონ და შეაფასონ ლექსი, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები ლექსში წარმოდგენილ მორალურ-ეთიკურ
პრობლემებზე. აღნიშნონ, რა გამოადგებათ ცხოვრებაში .ლექსის მიხედვით დაწერონ თემები: „ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი
მკვდარსა ემსგავსოს“ ან „ ჩვენ- შვილნი სოფლისა“.
თუ
კარგად დავაკვირდებით, ბლუმის ტაქსონომიით მიწოდებული მხატვრული ნაწარმოები მოსწავლეებს
მიეხმარება, ტექსტის შესწავლის დროს იყვნენ უფრო თანამიმდევრულნი, ამოიკითხონ და გაიაზრონ,გაიგონ
და შეისწავლონ, იმსჯელონ და შეაფასონ - ეს
ყველაფერი კი ანალიტიკური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მიერ განხილული
კონკრეტული მაგალითით კი მოსწავლეები გააცნობიერებენ,
რომ „ ნ. ბარათაშვილი ამ ლექსით ამქვეყნიურ ამაოებაში მარადისობას განჭვრეტს და ჩვენც
წარმავალი, ფუჭი ღირებულებების უარყოფას, ყოფით პრობლემებზე ამაღლებას გვასწავლის“
2
ქეთევან ილურიძე
არასახელმწიფო საერო
სკოლა „ალბიონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის
წამყვანი მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
განათლების ფსიქოლოგია (დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგიური
უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის) თბ.2005წ.
2.
ლ. დათაშვილი, შვილი სოფლისა, ქართველი მწერლები სკოლებში,
თბ. 2007წ.
_______________________________________________
No comments:
Post a Comment