თოვლქვეშ მიწამ ნაპრალი გაიკეთა.
ჯერ სითბო იგრძნო, მერე - გულისცემა.
გულისცემას სუნთქვა მოჰყვა.
პაწაწინა რძისფერი ფრთები ამოიწვერა მიწის გულიდან
პეპელას ჰგავდა, მაგრამ გაფრენას არ აპირებდა.
მიწა უფრო თბილი იყო, ვიდრე საბანი, მიწას რომ ეფარა ზემოდან. თუ სციოდა, ეს რატომ დაიფარაო? - გულუბრყვილო ფიქრმა შეაწუხა ახალი სიცოცხლე. წყალი ინატრა, სველმა მიწამ უცებ შეასვა. ძალა ინატრა. მიწამ ძლიერი მკლავები მოხვია და ფესვები გაუმაგრა.
ჯერ თრთოდა, დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით, მერე ცას ახედა. ზეცა უღიმოდა, ლოცავდა და პაწაწინა მძივებად აყრიდა სხივებს.
რამდენიმე წუთში ზეცამ ღიმილი ასწავლა.
გაიღიმა...
ღიმილმა წელში გაასწორა.
მზე ღრუბლებიდან გამობრძანდა, შენიშნა. ხმამაღლა გაიცინა. შეძლო, რამხელა ძალა აქვს, ნახეთ, თოვლისქვეშ დაიბადა!
პაწაწინა ენძელა ნაზად იდგა... უღიმოდა მზეს, ზეცას, ბუნებას ... იდგა და ჯერ კიდევ თოვლში გახვეულ დედამიწას ეჩურჩულებოდა: გილოცავ, ხვალ გაზაფხულია!!!
ქეთევან ილურიძე
26.02. 2018 წელი
No comments:
Post a Comment