Wednesday, March 14, 2018

იასამანი

პატარ-პატარა ოცნებებად დაიბადა.
ლურჯი რტოები შემოხვია სამყაროს და ცის სიღრმიდან ჩამოსული ნამი თვალებზე იცხო. საკუთარმა სურნელმა თავბრუ დაახვია. ვარსკვლავებად აენთო. დარდს სიხარული არჩია, ჩრდილს-მზე, ქარს-სიო, წელიწადის სხვა დროებს - გაზაფხული...
ლურჯ კაბას სინათლის ფერი შეურია.
ტოტები ზეცისკენ აღაპყრო...
სიყვარულით გაიღიმა.
-ვინ ხარო?-ჰკითხა სხივმა, რომელიც მის ლურჯ რტოებზე ჩამოფრინდა,-არც ია ხარ და არც ყოჩივარდა... მაშ, ვინ ხარ?
-იასამანი! იასამანი! იასამანი! - გაცოცხლებული მუსიკალური ბგერებივით გაისმა ხმა...
ხმა და სურნელი იმ ლამაზი ყვავილისა, გუშინ პატარ-პატარა ოცნებებად რომ დაიბადა.
ქეთევან ილურიძე
13/III-2018 წელი

No comments:

Post a Comment