მასწავლებლობა რთულიაო, - ხშირად გამიგია. ამ სირთულეში იმდენი ინტერესი და სიყვარული დევს, რომ საოცარი ძალა გემატება... ცხოვრობ ხვალინდელი დღით, ახალი გეგმით, ახალი ინტერესით. იღლები, მაგრამ მეორე დილით გავიწყდება. უყურებ შენს მოსწავლეებს და ხვდები, მათზე ფიქრი, ზრუნვა ძალას გმატებს. მათი წარმატება სულს გიმაღლებს. მათ მომავალში საკუთარ გამარჯვებას ხედავ და საოცარ სიამაყეს გრძნობ... მოსწავლეები შენი ცხოვრების მიზნად ქცეულან. შენ და ისინი ერთად ცხოვრობთ, ერთ შენობაში - სკოლაში. ერთად ფიქრობთ და როცა ერთად არ ხართ, ამ ფიქრს უნებურად აგრძელებთ...
მასწავლებლობა რთულიაო...
მასწავლებლობა სიყვარულია...
მასწავლებლობა უცნაური დედაშვილობაა...
მასწავლებლობა გზაა, რომელიც მარტომ კი არ უნდა გაიარო, არამედ შენს მოსწავლეებთან ერთად...
ბედნიერი ხარ, თუ სწორი გზით მიდიხარ, ისინიც სწორი გზით მიგყავს. ამაზე მეტი რა უნდა გაუკეთო ქვეყანას...
ქეთევან ილურიძე
25.03.2018წელი