Sunday, September 20, 2020

***

 

სექტემბერია...

შემოდგომის სურნელი უცნაურად ეპარება ბუნებას. მზე ლამობს ოთახებში შემოღწევას... ვზივარ და ვფიქრობ არცთუ მზიან საფიქრალზე!

რეალობა მუდმივად ძერწავს მხატვრულ სახეებს. სულ მალე აიღებს ვიღაც კალამს და დღევანდელი მასწავლებლის მხატვრულ სახეს შექმნის. დარწმუნებული ვარ, ირონიასაც არ დაიშურებს... აუცილებლად დაწერენ და გადაიღებენ იმას, რაც მკითხველს და მაყურებელს გააცინებს, უარეს შემთხვევაში, დასცინებენ კიდეც... აი, სწორედ აქ დაირღვევა ზნეობა, მორალი; აქ, ამ დროს, გატყდება ან გაიბზარება ადამიანური ფიქრები, განცდები, რადგან ეს არ იქნება ობიექტური კრიტიკა.

ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, დისტანციური გაკვეთილებიდან სულ ისმისო: „გესმის ჩემი ხმა?“ „ჩართე კამერა!“ „ჩართე მიკროფონი“ „ნუ აწკაპუნებ კლავიატურას“. უარესიც, ბავშვებმა მასწავლებელი პროგრამიდან გააგდესო, მასწავლებელს ხმა გაუთიშესო, მასწავლებელი თავის სიმაღლეზე რომ იდგეს, ამას როგორ გაუბედავენო?! ინტონაცია, ტონი, ფრაზა არ მოსწონთ... და ამაზე იცინიან კიდეც! სასაცილოა? საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე ვერასდროს ვიზრუნებთ მაგ სიცილით!

ყველამ უნდა იცოდეს, რას გრძნობს და რას განიცდის მასწავლებელი დისტანციური გაკვეთილების დროს...

მასწავლებლისთვის მოსწავლე შვილია... (ირწმუნეთ ეს!)

სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც შვილებს ვუზრდით ქვეყანას...

მოსწავლეს შვილივით მოფერება, ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა სჭირდება. ალერსთან ერთად ხანდახან ტონისა და ინტონაციის შეცვლაც... ტყუილ - მართალის ამოკითხვა შვილების ცხოვრებაში მშობელს უწევს, მოსწავლეების ცხოვრებაში - მასწავლებლებს... და, წარმოიდგინეთ, რა რთულია ამის კეთება დისტანციურად...

სიცარიელეა დისტანციურ გაკვეთილებზე.

რამხელა ძალა სჭირდება მასწავლებელს ეს სიცარიელე ამოუვსოს პატარებს... ცოდნასთან ერთად გრძნობებიც მიაწოდოს...

ალბათ, გაჭირდება იმის დაჯერება, რომ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ცრემლებსაც იწმენდს მასწავლებელი თვალებიდან... მე ეს ცრემლები საკუთრ ღაწვებზეც მიგრძვნია (საკმაოდ მწარეა!) და ჩემი კოლეგების თვალებზეც შემინიშნავს (სკოლიდან რომ ვატარებთ გაკვეთილებს, ერთმანეთის თვალებში ამის მეტს რას ვხედავთ?!)

რისაა ეს ცრემლი?!

მონატრების?! აწმყოს სამდურავის?! ღრმა ფიქრის - ურთიერთობები რომ აკლიათ დღეს ჩვენს შვილებს?! მომავლის შიშის - ვინ იცის, რამდენი რამ გამოგვეპარა ამ დისტანციური ურთიერთობების დროს?!

არ ვიცი...

ამ ცრემლებს სახელი იმ ადამიანებმა შეურჩიონ, რომლებიც დღევანდელი თავდადებული მასწავლებლების მხატვრული სახის შექმნას დააპირებენ...

ქეთევან ილურიძე