Sunday, July 19, 2020

მშობლები და შვილები

დღევანდელი ჩემი პოსტი მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ეხება - ეს ხომ მუდმივი, თან აქტუალური პრობლემაა.
დღევანდელი ჩემი წერილი ჩემი ასაკის და ჩემზე უფროსი, უფრო გამოცდილი მშობლების ხმამაღალი ფიქრია.
ხმამაღლა ვფიქრობ და ვიცი, ამ ფიქრს მხოლოდ მშობლების თაობა წაიკითხავს. შვილებს, სამწუხაროდ, კითხვა ეზარებათ... (არადა, როგორ მინდა, რომ წაიკითხონ!)
თაობებს შორის დაპირისპირება ცხოვრების თანმდევი პრობლემაა. ამას „თაობათ ბრძოლას“ ვუწოდებთ და ობიექტური თვალით შევაფასებთ კიდეც. დაპირისპირება არ ნიშნავს გაუცხოებას, დაშორებას, ცალ-ცალკე ყოფნას, ერთმანეთისგან გაქცევას, დამალვას.
თაობების ერთობა ცხოვრების ყველაზე ძლიერი გაკვეთილია... რამდენს ვსწავლობთ ერთმანეთისგან! შვილიც ვარ და დედაც, დიდიც ვარ და პატარაც, დედაჩემისთვის და ჩემი დედამთილისთვის შვილი ვარ, ჩემი შვილებისათვის - მშობელი... შუაში ვდგავარ, ამიტომაც მგონია, რომ რაღაცების შეფასება და დაფასება უკვე შემიძლია.
პროტესტი ორივე თაობას შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთის მიმართ. პატარა რომ ვიყავი, ხშირად მიფიქრია: არასდროს დავუშლიდი ჩემს შვილებს იმას, რასაც მე მიშლიდნენ. გავხდი მშობელი და ამ გადმოსახედიდან მეღიმება, დღეს მეც ისე ვიქცევი, როგორც ჩემი დედ-მამა იქცეოდა. ამ დაშლას, თურმე, სიფრთხილე ჰქვია.
მახსოვს, მარტყოფში როგორ გვსტუმრობდნენ ჩემი ბიძაშვილის - ბადრი ილურიძის მეგობრები. როგორ მასპინძლობდნენ უფროსები, ფრთხილად ემეგობრებოდნენ ერთმანეთს თაობები. ბიძაჩემი აუცილებლად იკითხავდა: ბავშვები რჩებიან თუ მიდიანო... უფრო მშვიდად იყო, თუ რჩებოდნენ. უფროსები არ დაიძინებდნენ, სანამ შვილის სტუმრები (ოჯახის სტუმრები) არ დაიძინებდნენ.
მახსოვს, უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, როგორ შემოგვთავაზეს ჩემი ჯგუფელის თიკო ბურჭულაძის მშობლებმა - პროფესორმა ბ-ნმა გენადი ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ციციმ, რომ ბანკეტი მათ სახლში გაგვეკეთებინა. ეს ზრუნვა იყო, თავიანი შვილის მეგობრებზე ზრუნვა, რადგან იმ არეულ პერიოდში (90-იანი წლები!) სხვაგან უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდით. გვიმასპინძლეს, გვიპატრონეს, ქ-ნი ციცი დავღალეთ კიდეც... ის ბანკეტი ჩემი ცხოვრების საინტერესო გაკვეთილია, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, დამაფიქრა, გამაბედნიერა.
დღეს უფროსებისგან დამოუკიდებლად გეგმავენ შვილები ე.წ „ფართებს“, ცალკე, სადღაც, უცნაურად... წვეულებამაც იერი დაკარგა და წვეულების წევრებიც ვერ უფრთხილდებიან ერთმანეთს ისე, როგორც საჭიროა. (იქნებ, ამ გაფრთხილებასაც მშობლების თაობამ უნდა მიაჩვიოს შვილების თაობა!)
შვილები მშობლებს გაურბიან, ცალკე „ერთობიან“... არც კი უთანხმდებიან, როგორ სჯობს, სად სჯობს, რატომ სჯობს... მშობლებმაც სიფრთხილე დავკარგეთ, არ ვუშლით, არ ვურჩევთ, იქნებ, არც ვცდილობთ, რომ ფეხაკრეფით მივუახლოვდეთ ჩვენი შვილების მეგობრებს, კარგად გავიცნოთ და ისე ვენდოთ.
თაობების ერთობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შვილებმა მშობლებს არ უნდა „ეომონ“. ჩარლი ჩაპლინი თავის შვილს - ჯერალდინას სწერდა: „მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე, ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე“. ჯანსაღ დაპირისპირების ურთიერთობები ადვილად იტანს; სწორად ვიცხოვროთ, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა წამითაც არ უნდა დავივიწყოთ... ღირსებები და ღირებულებები შევინარჩუნოთ; ამ ხანმოკლე წუთისოფელში ვიყოთ ერთად, ერთმანეთისთვის... ნუ დაემალება მშობლების თაობას შვილების თაობა, ნურც რჩევის კითხვას მოერიდებიან და ნურც პასუხთან „ომს“... თაობათა ერთობა არ ნიშნავს შვილების დამოუკიდებლობის დაკარგვას. სიცოცხლეს გაუფრთხილდით, იცოდეთ, თაობათა ერთობა სულაც არ შეგვიშლით ხელს, რომ პროგრესისათვის „ომში“ შვილების თაობამ გაიმარჯვოს!
                                                          ქეთევან ილურიძე