Thursday, May 9, 2019

წინსაფარი


რიტუალს ჰგავდა.
          ბებო მიუჯდებოდა ხოლმე ძველისძველ კიდობანს, ახდიდა, მზის სინათლეზე გამოიტანდა საკუთარ ნივთებს და ისევ ინახავდა. სულ მეგონა, რომ ამ დროს წარსულს ალაგებდა. სიყოჩაღე ეტყობოდა ამ საქმეს. თვალებშიც მიქანცული ვარსკვლავები ენთებოდნენ.
          ერთხელ ოთახში შემომაკითხა, ხელში წინსაფარი ეჭირა... ტილოს ლამაზად მოქარგული წინსაფარი მაგიდაზე დამიდო, იქვე ჩამომიჯდა, ნახე, ხომ ლამაზიაო, მკითხა.
          დავხედე, მართლაც, საოცრად ლამაზი იყო... სადა და უბრალო, თუმცა ძალიან ლამაზი - სიმეტრიულად მოქარგული. ნაქარგი ჯიბიდან იწყებოდა, ამოდიოდა, ორნამენტად იშლებოდა. ძოწისფერი, ქარვისფერი სხივები თითქოს პატარა ზურმუხტისა და ფირუზისფერ ჯვრებს იკავებდნენ... ეს პატარა ჯვრები კი სადღაც ზევით, გულისპირთან, ყვავილების გვირგვინად იწვნებოდნენ.
          მომეწონა, თითი გადავუსვი სხივებს... ბებომ შემომხედა: შენზე პატარა ვიყავი, დედამ რომ შემიკერა და მომიქარგა. თვალს ვადევნებდი, როგორ მოხატა, მერე კი საღამოობით იჯდა და ქარგავდა. მეგონა, წინსაფარი მზად რომ იქნებოდა, მეც მაშინ ვიქნებოდი დიდი. მივიფარებდი, ცომს მოვზელდი, მოზელილ ცომს ჯვარს გარდავსახავდი და მერე ხაჭაპურს გამოვაცხობდი...
          დღესაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ მივიფარე ეს წინსაფარი. სტუმრების მოსვლის დროსაც ვიფარებდი ხოლმე... მერე დედა წავიდა (ცრემლები ძლივს გადაყლაპა ბებომ). წინსაფარს ვუფრთხილდებოდი. პაპაშენიც პირველად რომ ვნახე, ეს წინსაფარი მეკეთა. მეზობელ დათიას მოჰყვა ჩვენთან, მაშინაც ცომს ვზელდი; დარჩით, ხინკალს აკეთებს ჩემი ყოჩაღი გოგოვო! - უთხრა მამაჩემმა. დარჩნენ. მახსოვს, როგორ შეავლეს სტუმრებმა ჩემს წინსაფარზე გადაშლილ ნაქარგებს თვალი.
          უკვე დაქალებული მხოლოდ ღირსშესანიშნავ დღეებში ვიკეთებდი ამ წინსაფარს. იცი, მაშინაც, თუ დედა ძალიან, ძალიან მენატრებოდაა... (ხელი სიყვარულით გადაუსვა!)
          ახლა შენ მოგცემ, შვილო... უკვე დიდი ხარ... შენც მიიფარებ ამას, გაცრი ფქვილს, მოზელ ცომს, გამოაცხობ ხაჭაპურს... რომ აღარ ვიქნები, გამიხსენებ! მე მიყვარს ეს წინსაფარი, ბები, შენც ხომ გეყვარება?! ხომ ლამაზია, შვილო?!
          გამეღიმა...
          ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი!
          ლამაზი და სავსე...მივხვდი, ეს წინსაფარი ბებიას გრძნობებს, განცდებს, სიყვარულს, მონატრებას, ქალობას „ინახავდა“ თითქოს.
-       მომწონს, ბები, ძალიან მომწონს!
ბებიას ცრემლები გადმოსცვივდა, სიხარულით სავსე ცრემლები... (ესენი აღარ გადაყლაპა, აღარც დამალა) უფრო მეტიც, წინსაფარზე დაეცნენ...
წინსაფარი ავიღე, კრძალვით დავკეცე და ჩემს კარადაში შევინახე. ბებიას თვალი არ მოუშორებია.
·      იმ შემოდგომით ბებო წავიდა...
კარადა რამდენჯერმე დავალაგე, დალაგებისას ბებიას წინსაფარი მომხვდა თვალში. მას თავისი ადგილი ჰქონდა. სიყვარულით შევახე ხელი... ვერ გავშალე, გული მეკუმშებოდა! ჯერ მონატრებაზე დიდი ტკივილი იყო...
·                დღეს კი საოცარი მონატრება ვიგრძენი... ბებიის თვალები გამახსენდა, სიყვარულით სავსე თვალები. სითბოთი გვიყურებდა ხოლმე შვილიშვილებს მაშინაც კი, თუ ზედმეტად ვიცელქებდით. „შემოგევლოთ ბებოვო!“ - ესეც მომენატრა...  მისი გულიწყრომაც მომენატრა, საჭმელს რომ არ ვჭამდით მაშინდელი. მომენატრა და წინსაფარი გამოვიღე კარადიდან. სწორედ იმ მაგიდაზე გავშალე, თვითონ რომ გაშალა რამდენიმე თვის წინ. ღმერთო,ეს ლამაზი წინსაფარი ბებიას ცხოვრებას როგორ იტევდა ... განცდები, ფიქრები, ცრემლი და სიხარული ეტყობოდა... კუთხეს შევავლე ხელი, ვინ იცის, რამდენჯერ მოუწმენდია ამით ცრემლი?! ნაქარგებს წავუსვი თითი, პატარა ნაწიბურები თვალებს მიჭრელებდნენ.
-                უკვე დიდი ხარ... მიიფარებ! გაცრი ფქვილს, მოზელ ცომს, გამოაცხობ ხაჭაპურს... - ბებიას სიტყვები გამახსენდა.
მივიფარებ, ბებო!
მივიფარებ, მაგრამ მე რომ ფქვილს არ ვცრი, არც ცომს ვზელ და ხაჭაპურსაც საკონდიტროში ვყიდულობ. ხინკალსაც სახინკლეში ვჭამთ... როდის მივიფარო?!
ბურუსში ბებიას გაწბილებულ ღიმილს ვხედავ!
ეს გაწბილებული ღიმილიც ბებიას წინსაფარზე დასახლდება სამუდამოდ!
2019 წლის მაისი
ქ. ილურიძე