დღეს ბევრს ვსაუბრობთ მოზარდების სრულფასოვან აღზრდაზე,
მათ განათლებაზე. ვწერთ გაკვეთილების გეგმებს, ვარჩევთ სამოდელო გაკვეთილების სახეებს.
ვაყალიბებთ ჩვენს მიზნებს და შემდეგ ვკამათობთ, შევძელით თუ არა, რომ შედეგზე გავსულიყავით.
ზოგადი განათლების
ეროვნულ მიზნებში ვკითხულობთ: „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების
საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: ა)ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ საკუთრი პასუხისმგებლობის გააზრება.“ მიზანი, რასაკვირველია, დიდია და ღირებული.
წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა და უნარი უნდა ჰქონდეს სასწავლო დაწესებულებას, რომ თაობებს
ქვეყნის ინტერესები დაანახოს, გააცნობიერებინოს, რას ნიშნავს ტრადიციები, ღირებულებები
და მათ წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა შეაგრძნობინოს. მშობლები ყურადღებით ადევნებენ
თვალს სკოლის მუშაობას, მოლოდინი დიდი აქვთ, ხშირ შემთხვევაში შეფასებებსაც ცდილობენ, ხან ობიექტურები
არიან, ხან კი ზედმეტად კრიტიკულები. „კარგ სკოლაში დაჰყავთ ბავშვები“, მაგრამ მაინც
არ არიან კმაყოფილები. (ასეთ დროს ჩემთვის ბუნდოვანია, რას მოიაზრებს კარგი სკოლა,
კარგი გაკვეთილი, კარგი მასწავლებელი!)
მე ვიცი „კარგი
გაკვეთილი“, რომელიც, სამწუხაროდ აღარ ტარდება.
ილია ჭავჭავაძე
წერდა: „მამაჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა ყურისგდება
ზღაპრისა.“ მამა შვილებს იცით, როგორ ზღაპრებს უყვებოდა?! „ყველას უყვარს, შვილებო,
თავისი ქვეყანა და როცა უჭირს, ძნელია, კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს. ბევრიც
იმეტებდა თავს და ბევრმაც სახელი დაიგდო, სახელი გაითქვა თავისის ვაჟკაცობითა და ქვეყნის
თავდადებით. აი, ერთი ამისთანა ვაჟკაცის ამბავს გეტყვით და კარგად დაიმახსოვრეთ.“
(ილია ჭამჭავაძე, „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი“).
შვილებიც ისმენდნენ
და იმახსოვრებდნენ, რომ ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილმა ყიზილბაში ცხენიდან ჩამოაგდო, მაგრამ
არ მოკლა... ცოტნემ თაფლი წაისვა და თანამოძმეების გვერდით დაჯდა... ცხრა ძმა ხერხეულიძის
დედაც შვილებთან ერთდ ბრძოლის ველზე იმყოფებოდა... მამები შვილებს ვაჟკაცობაზე უამბობდნენ,
აქებდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც არ იყიდებოდა ფულადა.“
„ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ ეჯდა გვერდზედა
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა“ (ვაჟა, „სტუმარ-მასპინძელი“).
მამა-პაპის საგმირო საქმეებით ზრდიდნენ
პატარებს; მათ გონებაში ნელ-ნელა ილექსებოდა მონათხრობი. ბუნებრივად აანალიზებდნენ
საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ეცნობოდნენ ტრადიციებსა და ღირებულებებს... საკუთარი
პასუხისმგებლობაც ნელ-ნელა ჩნდებოდა.
რა ხდება დღეს?!
უსმენენ მოზარდები „დროულ კაცებს“?!
უყვებიან მამები წინაპრების საგმირო საქმეებს?! არსებობს კიდევ ის უხილავი, მტკიცე
ჯაჭვი, რომელიც თაობებს ასეთი საუბრების დროს ერთმანეთთან აკავშირებდა.
დღეს აღარ სცალიათ მამებს. მაშინ
კი ეცალათ?! მაშინ კი არ იყვნენ დატვირთულნი და დაკავებულნი?! იქნებ, მამებს მოსაყოლი
აღარ აქვთ?! იქნებ მამებიც ვეღარ პოულობენ სათქმელს?! თუ ასეა, რატომ ვემდურით მომავალ
თაობას?!... ისინ ხომ რასაც ჩავძახებთ, იმას ამოგვძახებენ...
სამწუხაროდ, რეალობაა, დღეს აღარ
ტარდება „ყველაზე კარგი გაკვეთილები“... დღეს ჩვენი შვილები „წრიპა ბიჭის დღიურებით“
(ჯეფ კინი) იზრდებიან... უფროსებმაც წავიკითხოთ ეს კომიქსი და მიხვდებით, რისი თქმა
მინდა...
მეშინია, საქართველო წრიპა ბიჭების
ქვეყნად არ იქცეს!
ისევ ჩავატაროთ „ყველაზე კარგი გაკვეთილები“!
ქ. ილურიძე
01. 03.
2019 წ.