სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა, ერთგულება და ურთიერთგაგება... სწორედ ეს ქმნის ჯანსაღ გარემოს კლასში...
Monday, December 9, 2019
Wednesday, May 22, 2019
Thursday, May 9, 2019
წინსაფარი
რიტუალს
ჰგავდა.
ბებო მიუჯდებოდა ხოლმე ძველისძველ კიდობანს,
ახდიდა, მზის სინათლეზე გამოიტანდა საკუთარ ნივთებს და ისევ ინახავდა. სულ მეგონა,
რომ ამ დროს წარსულს ალაგებდა. სიყოჩაღე ეტყობოდა ამ საქმეს. თვალებშიც მიქანცული ვარსკვლავები
ენთებოდნენ.
ერთხელ ოთახში შემომაკითხა, ხელში წინსაფარი
ეჭირა... ტილოს ლამაზად მოქარგული წინსაფარი მაგიდაზე დამიდო, იქვე ჩამომიჯდა, ნახე,
ხომ ლამაზიაო, მკითხა.
დავხედე, მართლაც, საოცრად ლამაზი იყო...
სადა და უბრალო, თუმცა ძალიან ლამაზი - სიმეტრიულად მოქარგული. ნაქარგი ჯიბიდან იწყებოდა,
ამოდიოდა, ორნამენტად იშლებოდა. ძოწისფერი, ქარვისფერი სხივები თითქოს პატარა ზურმუხტისა
და ფირუზისფერ ჯვრებს იკავებდნენ... ეს პატარა ჯვრები კი სადღაც ზევით, გულისპირთან,
ყვავილების გვირგვინად იწვნებოდნენ.
მომეწონა, თითი გადავუსვი სხივებს... ბებომ
შემომხედა: შენზე პატარა ვიყავი, დედამ რომ შემიკერა და მომიქარგა. თვალს ვადევნებდი,
როგორ მოხატა, მერე კი საღამოობით იჯდა და ქარგავდა. მეგონა, წინსაფარი მზად რომ იქნებოდა,
მეც მაშინ ვიქნებოდი დიდი. მივიფარებდი, ცომს მოვზელდი, მოზელილ ცომს ჯვარს გარდავსახავდი
და მერე ხაჭაპურს გამოვაცხობდი...
დღესაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ მივიფარე
ეს წინსაფარი. სტუმრების მოსვლის დროსაც ვიფარებდი ხოლმე... მერე დედა წავიდა (ცრემლები
ძლივს გადაყლაპა ბებომ). წინსაფარს ვუფრთხილდებოდი. პაპაშენიც პირველად რომ ვნახე,
ეს წინსაფარი მეკეთა. მეზობელ დათიას მოჰყვა ჩვენთან, მაშინაც ცომს ვზელდი; დარჩით,
ხინკალს აკეთებს ჩემი ყოჩაღი გოგოვო! - უთხრა მამაჩემმა. დარჩნენ. მახსოვს, როგორ შეავლეს
სტუმრებმა ჩემს წინსაფარზე გადაშლილ ნაქარგებს თვალი.
უკვე დაქალებული მხოლოდ ღირსშესანიშნავ დღეებში
ვიკეთებდი ამ წინსაფარს. იცი, მაშინაც, თუ დედა ძალიან, ძალიან მენატრებოდაა... (ხელი
სიყვარულით გადაუსვა!)
ახლა შენ მოგცემ, შვილო... უკვე დიდი ხარ...
შენც მიიფარებ ამას, გაცრი ფქვილს, მოზელ ცომს, გამოაცხობ ხაჭაპურს... რომ აღარ ვიქნები,
გამიხსენებ! მე მიყვარს ეს წინსაფარი, ბები, შენც ხომ გეყვარება?! ხომ ლამაზია, შვილო?!
გამეღიმა...
ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი!
ლამაზი და სავსე...მივხვდი, ეს წინსაფარი
ბებიას გრძნობებს, განცდებს, სიყვარულს, მონატრებას, ქალობას „ინახავდა“ თითქოს.
-
მომწონს,
ბები, ძალიან მომწონს!
ბებიას
ცრემლები გადმოსცვივდა, სიხარულით სავსე ცრემლები... (ესენი აღარ გადაყლაპა, აღარც
დამალა) უფრო მეტიც, წინსაფარზე დაეცნენ...
წინსაფარი
ავიღე, კრძალვით დავკეცე და ჩემს კარადაში შევინახე. ბებიას თვალი არ მოუშორებია.
· იმ
შემოდგომით ბებო წავიდა...
კარადა რამდენჯერმე
დავალაგე, დალაგებისას ბებიას წინსაფარი მომხვდა თვალში. მას თავისი ადგილი ჰქონდა.
სიყვარულით შევახე ხელი... ვერ გავშალე, გული მეკუმშებოდა! ჯერ მონატრებაზე დიდი ტკივილი
იყო...
·
დღეს კი საოცარი მონატრება ვიგრძენი... ბებიის თვალები
გამახსენდა, სიყვარულით სავსე თვალები. სითბოთი გვიყურებდა ხოლმე შვილიშვილებს მაშინაც
კი, თუ ზედმეტად ვიცელქებდით. „შემოგევლოთ ბებოვო!“ - ესეც მომენატრა... მისი გულიწყრომაც მომენატრა, საჭმელს რომ არ ვჭამდით
მაშინდელი. მომენატრა და წინსაფარი გამოვიღე კარადიდან. სწორედ იმ მაგიდაზე გავშალე,
თვითონ რომ გაშალა რამდენიმე თვის წინ. ღმერთო,ეს ლამაზი წინსაფარი ბებიას ცხოვრებას
როგორ იტევდა ... განცდები, ფიქრები, ცრემლი და სიხარული ეტყობოდა... კუთხეს შევავლე
ხელი, ვინ იცის, რამდენჯერ მოუწმენდია ამით ცრემლი?! ნაქარგებს წავუსვი თითი, პატარა
ნაწიბურები თვალებს მიჭრელებდნენ.
-
უკვე დიდი ხარ... მიიფარებ! გაცრი ფქვილს, მოზელ ცომს,
გამოაცხობ ხაჭაპურს... - ბებიას სიტყვები გამახსენდა.
მივიფარებ,
ბებო!
მივიფარებ, მაგრამ მე რომ ფქვილს არ ვცრი, არც ცომს ვზელ და ხაჭაპურსაც
საკონდიტროში ვყიდულობ. ხინკალსაც სახინკლეში ვჭამთ... როდის მივიფარო?!
ბურუსში
ბებიას გაწბილებულ ღიმილს ვხედავ!
ეს გაწბილებული ღიმილიც ბებიას წინსაფარზე დასახლდება
სამუდამოდ!
2019 წლის მაისი
ქ. ილურიძე
Tuesday, April 23, 2019
"ვაჩუქეთ ერთმანეთს წიგნები" - წიგნებთან ერთად სიყვარული, სითბო, ყურადღება... კიდევ ერთი ლამაზი მოგონება!
ბავშვებო, თქვენ იცით, როგორ გაულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება... თქვენ დიდი სიყვარული შეგიძლიათ!
23 აპრილი - წიგნებითა და სიყვარულით სავსე დღე!
"თქვენთან ერთად ვიცხოვრო, რომ მოვყვე" - (მარკესის "იცხოვრო, რომ მოჰყვე")
ბავშვებო, თქვენ იცით, როგორ გაულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება... თქვენ დიდი სიყვარული შეგიძლიათ!
23 აპრილი - წიგნებითა და სიყვარულით სავსე დღე!
"თქვენთან ერთად ვიცხოვრო, რომ მოვყვე" - (მარკესის "იცხოვრო, რომ მოჰყვე")
Tuesday, April 9, 2019
დავბრუნდი
ვიცოდი,
ბევრი რომ მექნებოდა საფრენი. ვიცოდი, ფრთებიც დამეღლებოდა და გულიც, მაგრამ ეს არაფერია
იმ სურვილთან შედარებით, რომელსაც საქართველოში დაბრუნება ერქვა. ერთად ვიფრინოთო,
- უხმოდ ვუთხარით ერთმანეთს. აბა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ერთმანეთს ვპატრონობთ,
ვამხნევებთ და ასე ვთელავთ ცის კამარას.
მოვფრინავდით...
ცად
არაფერს ვეუბნებოდით ერთმანეთს. აფორიაქებული გულები გვიძგერდა, ყველა ვგრძნობდით ერთმანეთის
გრძნობას. საჭიკჭიკო ხმებსაც საქართველოსთვის ვინახავდით. იცით, რა საოცარი გრძნობაა
ცის ბილიკების გავლა, მათზე ჩვენი ნაფრთალი რომ ატყვია...
დაღლა
ვიგრძენით, მე თქვენ გეტყვით, სადმე ჩამოსკუპდები და დაისვენებ. ყველაზე გამოცდილმა
ბერდედამ ამბების გახსენება დაიწყო. არ ვიცი, იმ წუთებში ეს თავად უფრო სჭირდებოდა
თუ სხვებს. ჩვენი წინაპრისა და ბიჭო სესეს ამბავს იხსენებდა. აი, იმას, ქვა რომ ესროლა
თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ჩვენს ბაბუა მერცხალს. ამ ამბავმა ის პატარა ბიჭი გამახსენა,
ჩემი ბუდის სახლში რომ დაიბადა შარშან გაზაფხულზე. რანდენჯერაც ავჭიკჭიკდებოდი , ბიჭის
დედა ფარდას გადასწევდა და პატარას ეუბნებოდა: მზე შენთვის ანათებს, მერცხალი შენთვის
ჭიკჭიკებსო. მე ხმას კიდევ უფრო ვიუკეთესებდი, ნელ-ნელა, მეც დავიჯერე, რომ იმ პატარასთვის
ვჭიკჭიკებდი. ჩემი ბუდე... რამდენი ვიწვალე მის ასაშენებლად... როგორც ჩანს, ბერდედას
მცდელობა - ჩვენ აველაპარაკებინეთ, კარგად
გამიზნული იყო. დაღლილები ავლაპარაკდით, ჩვენს ბუდეებს ვიხსენებდით... ნეტავ, ისევ
თუ დაგვხვდებაო?! - იკითხა ერთმა. ამ შეკითხვას წუწუნი მოჰყვა. ყველამ თქვა სათქმელი,
წინასწარი სინანული, რამდენიმემ ცრემლებიც გადმოყარა, ასეთი დაღლილი ახალ ბუდეს როგორ
ავაშენებო.
ბერდედამ
გამოცდილი თვალით გადმოგვხედა და გამოცდილი სიტყვა გვითხრა: ნუ, შვილო, ნუ დაიბოღმებით!
ნუ იჯავრებთ წინასწარ დანგრეული ბუდეების გამო... ადამიანებსაც აქვთ, ალბათ, თავიანთი
სიმართლე. დაალაგებენ აივნებს, მოხვდებათ ხელში მიტოვებული ჩვენი სასახლეები, იფიქრებენ,
ჭუჭყის ბუდეაო, ღმერთო, გვაპატიეო და გადააგდებენ. მათ ხომ ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ
სხვების სიხარულისა და სხვისი ტკივილის გაზიარება. მათ ხშირად ერთმანეთის არ ესმით,
ერთმანეთს ვერ უფრთხილდებიან და ნუ გაიკვირვებთ, რომ ჩვენ გაგვიმეტონ... ისინი ხომ
ერთმანეთის ბუდეებსაც ადვილად ანგრევენ!
გამოცდილმა
ჭეშმარიტებამ თითქმის ყველა გააჩუმა... მე გამეღიმა. რაო? რას იღიმიო? -მკითხეს...
მე ცაში კიდევ უფრო მაღლა ავიჭერი, ერთი გემრიელად დავტრიალდი და ჩამოვძახე: მე ბუდე
დამხვდება! მე ისეთ სახლში მაქვს ბუდე, რომ მისმა პატრონებმა იციან მზისა და მერცხლის
ჭიკჭიკის მადლის ძალა.
მერცხლები
ჩემს ჭიკჭიკს აჰყვნენ.
ვიფრინეთ...
საქართველოს
სიო ვიგრძენით და უფრო მეტად გავიხმატკბილეთ... ცად ერთმანეთს დავშორდით. ყველა საკუთარი
ბუდისკენ გაეშურა.
ჩემი
ბუდე მოვძებნე... შეშინებული ვუახლოვდებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, ნამდვილად ვგრძნობდი,
რომ დამხვდებოდა. ფრთააკრეფით მივუახლოვდი. ჩემი სახლი, ჩემი ნაწვალ-ნაშრომი ფუძე ხელუხლებელი
დამხვდა.
ნუთუ
ამ სახლის პატრონს ჯერ არ დაულაგებია ნაზამთრალი აივანი?! დაალაგებს და ჩემს ბუდესაც
მოანგრევს?! - საკუთარი ნაფიქრის შემეშინა. დაღლილი სხეული ბუდეში ჩავასვენე. რა სჯობს
საკუთარ კუთხეში დასვენებას, თან ამხელა მგზავრობის შემდეგ! შევხედე საქართველოს ცას,
მთებს, ბუნებას... ავჭიკჭიკდი... ნელ-ნელა ხმას მოვუმატე.
შევნიშნე,
ფარდა გადასწია ჩემი სახლის პატრონმა ქალმა, პატარა ბიჭიც ხელში ეჭირა (როგორ გაზრდილა
უკვე!), ფანჯარა გამოაღო და შვილს უთხრა: ნახე, შენთვის დაბრუნდა ჩვენი მერცხალი! ნახე,
შენთვის ჭიკჭიკებს! შენთვის ანათებს გაზაფხულის მზე!
პატარა
ბიჭი გულუბრყვილო, კეთილი თვალებით იყურებოდა.
დავბრუნდი!
დავბრუნდი!
თურმე,
ღირდა დაბრუნება!
ქ. ილურიძე
Thursday, April 4, 2019
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გაიცნეს ლუარსაბ თათქარიძე
Saturday, March 2, 2019
„ყველაზე კარგი გაკვეთილები“ აღარ ტარდება
დღეს ბევრს ვსაუბრობთ მოზარდების სრულფასოვან აღზრდაზე,
მათ განათლებაზე. ვწერთ გაკვეთილების გეგმებს, ვარჩევთ სამოდელო გაკვეთილების სახეებს.
ვაყალიბებთ ჩვენს მიზნებს და შემდეგ ვკამათობთ, შევძელით თუ არა, რომ შედეგზე გავსულიყავით.
ზოგადი განათლების
ეროვნულ მიზნებში ვკითხულობთ: „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების
საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: ა)ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ საკუთრი პასუხისმგებლობის გააზრება.“ მიზანი, რასაკვირველია, დიდია და ღირებული.
წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა და უნარი უნდა ჰქონდეს სასწავლო დაწესებულებას, რომ თაობებს
ქვეყნის ინტერესები დაანახოს, გააცნობიერებინოს, რას ნიშნავს ტრადიციები, ღირებულებები
და მათ წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა შეაგრძნობინოს. მშობლები ყურადღებით ადევნებენ
თვალს სკოლის მუშაობას, მოლოდინი დიდი აქვთ, ხშირ შემთხვევაში შეფასებებსაც ცდილობენ, ხან ობიექტურები
არიან, ხან კი ზედმეტად კრიტიკულები. „კარგ სკოლაში დაჰყავთ ბავშვები“, მაგრამ მაინც
არ არიან კმაყოფილები. (ასეთ დროს ჩემთვის ბუნდოვანია, რას მოიაზრებს კარგი სკოლა,
კარგი გაკვეთილი, კარგი მასწავლებელი!)
მე ვიცი „კარგი
გაკვეთილი“, რომელიც, სამწუხაროდ აღარ ტარდება.
ილია ჭავჭავაძე
წერდა: „მამაჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა ყურისგდება
ზღაპრისა.“ მამა შვილებს იცით, როგორ ზღაპრებს უყვებოდა?! „ყველას უყვარს, შვილებო,
თავისი ქვეყანა და როცა უჭირს, ძნელია, კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს. ბევრიც
იმეტებდა თავს და ბევრმაც სახელი დაიგდო, სახელი გაითქვა თავისის ვაჟკაცობითა და ქვეყნის
თავდადებით. აი, ერთი ამისთანა ვაჟკაცის ამბავს გეტყვით და კარგად დაიმახსოვრეთ.“
(ილია ჭამჭავაძე, „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი“).
შვილებიც ისმენდნენ
და იმახსოვრებდნენ, რომ ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილმა ყიზილბაში ცხენიდან ჩამოაგდო, მაგრამ
არ მოკლა... ცოტნემ თაფლი წაისვა და თანამოძმეების გვერდით დაჯდა... ცხრა ძმა ხერხეულიძის
დედაც შვილებთან ერთდ ბრძოლის ველზე იმყოფებოდა... მამები შვილებს ვაჟკაცობაზე უამბობდნენ,
აქებდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც არ იყიდებოდა ფულადა.“
„ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ ეჯდა გვერდზედა
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა“ (ვაჟა, „სტუმარ-მასპინძელი“).
მამა-პაპის საგმირო საქმეებით ზრდიდნენ
პატარებს; მათ გონებაში ნელ-ნელა ილექსებოდა მონათხრობი. ბუნებრივად აანალიზებდნენ
საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ეცნობოდნენ ტრადიციებსა და ღირებულებებს... საკუთარი
პასუხისმგებლობაც ნელ-ნელა ჩნდებოდა.
რა ხდება დღეს?!
უსმენენ მოზარდები „დროულ კაცებს“?!
უყვებიან მამები წინაპრების საგმირო საქმეებს?! არსებობს კიდევ ის უხილავი, მტკიცე
ჯაჭვი, რომელიც თაობებს ასეთი საუბრების დროს ერთმანეთთან აკავშირებდა.
დღეს აღარ სცალიათ მამებს. მაშინ
კი ეცალათ?! მაშინ კი არ იყვნენ დატვირთულნი და დაკავებულნი?! იქნებ, მამებს მოსაყოლი
აღარ აქვთ?! იქნებ მამებიც ვეღარ პოულობენ სათქმელს?! თუ ასეა, რატომ ვემდურით მომავალ
თაობას?!... ისინ ხომ რასაც ჩავძახებთ, იმას ამოგვძახებენ...
სამწუხაროდ, რეალობაა, დღეს აღარ
ტარდება „ყველაზე კარგი გაკვეთილები“... დღეს ჩვენი შვილები „წრიპა ბიჭის დღიურებით“
(ჯეფ კინი) იზრდებიან... უფროსებმაც წავიკითხოთ ეს კომიქსი და მიხვდებით, რისი თქმა
მინდა...
მეშინია, საქართველო წრიპა ბიჭების
ქვეყნად არ იქცეს!
ისევ ჩავატაროთ „ყველაზე კარგი გაკვეთილები“!
ქ. ილურიძე
01. 03.
2019 წ.
Friday, January 11, 2019
2018 წლის დეკემბერი (სამოდელო გაკვეთილი მე-9 კლასში)
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
(პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი)
მასწავლებლის
სახელი და გვარი --- ქეთევან ილურიძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი)
საგანი ---
ქართული ლიტერატურა
კლასი --- IX2
თარიღი ---
2018 წლის 19დეკემბერი
მოსწავლეთა რაოდენობა
---15
გაკვეთილის თემა
---ომი და ომის შედეგები ნ. შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა
აფრიკაში“ მიხედვით
გაკვეთილის მიზანი
--- შეფარული მთავარი სათქმელის ძიება ტექსტში. მწერლის
მიერ წარმოდგენილი ლექსიკის მხატვრული
ღირებულების განსაზღვრა
სტანდარტი
----
ქართ.I X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის
მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
·
დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ
ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს
აზრს;
·
მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს
ადეკვატური დასკვნა;
ქართ. IX. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის
ეთიკური ნორმები.
·
აკონტროლებს საკუთარ ხმას, მიმიკას
და ჟესტიკულაციას;
·
არ არის ზედმეტად კატეგორიული;
ქართ.I X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია
ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.
·
გამოყოფს მთავარს, არსებითს
(იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“,
„მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას
ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ
ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“,
„აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.)
ქართ.I X.
10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
·
მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან
კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს.
რესურსები
---I X
კლასის სახელმძღვანელო (ქართული ენა და ლიტერატურა,
ვ. როდონაია, მ.გიგინეიშვილი, ლ. გრიგოლაშვილი 2012წ.)
ფორმატები, მარკერები
დამატებითი ლიტერატურული
მასალები ( ბარათებზე ამოწერილი ციტირებები)
შეფასების სქებემი
პლაზმური დაფა
გაკვეთილის მსვლელობა
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
მივესალმები
მოსწავლეებს. გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს. შევახსენებ კლასის ორგანიზების
ფორმის (წყვილებში)
მუშაობის წესებს.ასევე გავაცნობ შეფასების სქემებს, რომლებიც წინასწარ
გამოკრული გვექნება საკლასო ოთახში.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
შეფასების რუბრიკები
|
2წთ
|
2
|
პრობლემის გამოსაკვეთად მოსწავლეებს
დავუსვამ კითხვებს:
რომელი ისტორიული
ფაქტი უდევს საფუძვლად ამ ნაწარმოების შექმნას?
რა იციან აფხაზეთის
ომის შესახებ?
ვინ არის მთხრობელი?
სად დაიბადა
და სად გაატარა ადრეული ყრმობა ბიჭმა?
როგორ მოხვდა
თბილისში?
როგორ შეცვალა
გამოქცეულების ცხოვრება ბედისწერამ?
რატომ მოხვდა
ბიჭი ქუჩაში?(რას ითხოვს ე. წ. ,,ქუჩის ცხოვრება“ მისგან?)
რატომ გადაწყვიტა
მამის ნახვა?
დაძლეული აქვს
შიში თუ საკუთარ თავს არწმუნებს ამაში?
როგორ იქცევა
ბიჭი, როდესაც თავიანთ ,,ნასახლარში“ შევა? რა ლიტერატურულ-სიმბოლური დატვირთვა აქვს
მის სათამაშო დათუნიას? რატომ მოაქვს ის თბილისში?
საკვანძო კითხვა-რისთვის სჭირდება
ნ. შატაიძეს პატარა ბიჭის თავგზაარეული ცხოვრების
ჩვენება ?რატომ იყენებს ის ვულგარიზმებსა და ჟარგონებს ამ ბიჭის მეტყველების დროს?
|
დემონსტრირება
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
|
|
8წთ
|
3
|
პრობლემის გასააზრებლად,
ვთხოვ მოსწავლეებს, რომ წაიკითხონ საშინაო დავალება ( დავალებად ჰქონდათ თემა ,,რა
არის ბავშვობა?“)
რამდენიმე თემის
წაკითხვის შემდეგ დავუბრუნდებით ნაწარმოებს. გაიაზრებენ, ჰქონდა თუ არა თედოს დაკარგული
ბავშვობა? სახიფათოო მოგზაურობით მამას ეძებს თუ წარსულს, სადაც მამაცაა, ბავშვობაც
და ლამაზთვალება დედაც? რას პოულობს? (რა ლიტერატურული დატვირთვა აქვს ტექსტში სათამაშოს - ,,დათუნია გერასიმეს“?)
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
|
10წთ
|
4
|
შემდეგ მოსწავლეებს
დავურიგებ ბარათებს, რომლებშიც მოცემული იქნება ცნობილი ადამიანების გამონათქვამები
ომზე. ასევე მე-8 კლასში ნასწავლი ლექსიდან შოთა ნიშნიანიძის ,,აფხაზური კანტატა“.
დავავალებ წყვილებში განიხილონ მოცემული გამონათქვამი და დაუკავშირონ ნაწარმოების
კონკრეტულ ეპიზოდებს.
|
|
ინდივიდუალური
|
ფორმატი
|
6წთ
|
5
|
წყვილების პრეზენტაციის
შემდეგ გადავალთ მსჯელობაზე -რამ შეცვალა ბიჭის ცხოვრება? რამ დაშალა ოჯახი?რამ წაართვა
მოზარდს ბავშვობა? რამ შეცვალა მისი ლექსიკა, სხვა შემთხვევაშიც ისაუბრებდა თუ არა
ასეთი სიტყვებით?
|
ვერბალური
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
|
5წთ
|
6
|
ერთად შევავსებთ
წინასწარ შედგენილ დიაგრამას ( ბიჭის ცხოვრება ომამდე და ომის შემდეგ)ცხრილის ანალიზის
შემდეგ გადავალთ საკითხის შეჯამებაზე.
|
კითხვა- პასუხი
|
ინდივიდუალური
|
|
3წთ
|
7
|
მოსწავლეები
გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებას პრობლემის გადასაჭრელად. იპოვიან ნაწარმოების მთავარ
სათქმელს, განსაზღვრავენ , რატომ ,,ალაპარაკებს“ მწერალი ბიჭს ვულგარიზმებითა და
დიალექტებით.
|
ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
პლაზმური ეკრანი
|
5წთ
|
8
|
მივცემ საშინაო
დავალებას
დაწერონ ესე
- ,,ომობანა ცუდი თამაშია“;
მოიძიონ და
წაიკითხონ იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,ნუ ითამაშებ, შვილო, ომობანას“
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელ კლასთან
|
|
3წთ
|
9
|
შევაფასებ მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
შევაფასებ საშინაო დავალებებსა და კლასში მუშაობას.
|
ვერბალური
|
წყვილებთან
ინდივიდუალურად
მთელ კლასთან
|
|
3წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოებებიდან ქვეტექსტების
ამოკითხვას
მოსწავლეები შეძლებენ არგუმენტირებული მსჯელობის დროს
ტექსტიდან სათანადო მაგალითების მოყვანას
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ წყვილებში მუშაობის უნარ-
ჩვევები
მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თვალსაზრისის მკაფიოდ
ჩამოყალიბებას, თანაკლასელების თვალსაზრისის მოსმენასა და მის კრიტიკას
მოსწავლეები შეძლებენ ამონარიდების ტექსტთან დაკავშირებას
და მასზე მსჯელობას.
მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის გადაჭრას ---იპოვიან
ნაწარმოების შეფარულ მთავარ სათქმელს. განსაზღვრავენ ნაწარმოებში წარმოდგენილი ლექსიკის
მხატვრულ ღირებულებას.
ხელმოწერა ქ.ილურიძე
თარიღი
10.12.2018 წელი
Subscribe to:
Posts (Atom)