Monday, November 26, 2018

თუ საქმე შორდება მიზანს

  რას ნიშნავს მასწავლების პროფესიული ზრდა?! რა მიზანს ემსახურება ე.წ. სქემა?! რატომ მიანიჭეს მასწავლებლებს სტატუსები და რას ითხოვენ ამ სტატუსების შენარჩუნების ან ამაღლებისათვის?! რას აძლევს მასწავლებელს პროფესიულ საქაღალდეში ატვირთული პირადი სამოქმედო გეგმა?! რას ემსახურება ე. წ. რეფლექსიების წერა თითოეული აქტივობის განხორციელების შემდეგ?! მასწავლებლების რამდენი პროცენტისათვის არის რეფლექსია საკუთარი აქტივობის კვლევა?! ვინ წერს და ვინ იწერს?!დღეს  რის მიხედვით არჩევენ  მასწავლებლები ტრენინგებს - თემების აქტუალურობის თუ კრედიტების რაოდენობით...
    საინტერესოა და დასაფიქრებელი - ,,კრედიტების შემგროვებელი " მასწავლებელი რამდენად იზრდება პროფესიულად?! რამდენად იცლის მოსწავლეებისათვის?! რიგ შემთხვევაში 0,5 კრედიტიანი აქტივობა ( მაგალითად, სასწავლო ან სოციალური პროექტები) გრძელვადიან შრომას მოიაზრებს, საინტერესოა, ვინ როგორ და რის ხარჯზე აკეთებს ამას?!
    რა არის მასწავლებლობა?
    ისწავლება თუ არა მასწავლებლობა?
    ვინ არის მასწავლებელი?
    როგორ უნდა გაიზარდოს ის პროფესიული თვალსაზრისით?
    მასწავლებლობა შინაგანი გამოძახილია. ეს არის საგნის ცოდნა, მართვის უნარები, სწავლება, მოსწავლეების სიყვარული, პასუხისმგებლობა, უმცროსებთან მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული; ეს ყოველდღიური ზრდაა, ჯანსაღი გარემოსათვის ზრუნვაა, სიფრთხილეა და განსაკუთრებული დაკვირვება. საკუთარ ავტორიტეტზე ზრუნვაა, ყოველი დღის, ყოველი გაკვეთილის მიზნობრივად დაგეგმვაა. ნუთუ შეიძლება, ეს პროცესი ვადებში ჩავსვათ?! ნუთუ შეიძლება, მასწავლებლების თავდაუზოგავ შრომას მივამატოთ ,,ექვსთვიანი კვლევა" სტატუსის ასამაღლებლად მაშინ, როცა მას ევალება სამშობლოს ღირსეული მოქალაქეები გაუზარდოს. რა უნდა გამოიკვლიოს, რას უნდა დააკვირდეს, რა უნდა წეროს 2 კრედიტის მოსაპოვებლად?! კარგი მასწავლებელი ხომ ისედაც საკუთარ პრაქტიკას ძირითადად კვლევებითა და დაკვირვებებით იღრმავებს. ვისთვის უნდა წეროს რეფლექსია? კარგი მასწავლებელი ხომ ისედაც ბევრს ფიქრობს საკუთარ შრომაზე. მარტო დარჩენილი აანალიზებს, რა გააკეთა, რატომ გააკეთა, როგორ სჯობდა...სწორედ ამ ფიქრში იბადება ახალი აზრები, შეხედულებები, ახალი სტრატეგიები...ამას რად უნდა კრედიტქულები?! მასწავლებლობა ხომ ამას ისედაც მოიაზრებს.
     ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება, რასაკვირველია, ზრდის მასწავლებლის პროფესიონალიზმს. კათედრაზე საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელია. რას ნიშნავს გარედაკვირვება?! რამდენად კარგია ეს მოსწავლეებისათვის?! გაიგზავნოს ხუთი გაკვეთილის გეგმა. რა თქმა უნდა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ განსაზღვრეთ, მასწავლებელი რამდენ დროს უთმობს ამ ხუთ ,,სცენარს"...აქ ისიც გასარკვევია, ვინ არის ,,სცენარის ავტორი" და ,,რეჟისორი"...დაკარგული დრო კი "მასწავლებლის ბედის გადამწყვეტია" და არა მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა.
   მასწავლებელი ''მწყემსი კეთილია". მან თავისი "სამწყსო" სწორი გზით უნდა ატაროს. საკუთარი საქმე უნდა უყვარდეს და აცნობიერებდეს, რომ სამშობლოს მომავალი მის ხელშია.
    ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. თუ მას საკუთარი პროფესიონალიზმის ზრდა არ შეუძლია, ის ვერც მოსწავლეს გაზრდის. ბევრი უნდა იკითხოს, მუდმივად უნდა სწავლობდეს როგორც საკუთარ საგანს, ასევე პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას. იყოს ტრადიციებზე ამოზრდილი თანამედროვე, ერკვეოდეს მოზარდთა ინტერესებში. ეს უწყვეტი პროცესი უნდა იყოს და არა ,,სამწლიანი". მასწავლებლობა სიკეთეა. შეიძლება, სიკეთეს დრო შეურჩიო და განსაკუთრებულ ჩარჩოში მოაქციო?!
   "სქემამ" მასწავლებლებს სტატუსები მიანიჭა.გავხდით "პრაქტიკოსი", "უფროსი", "წამყვანი" მასწავლებლები. სამხედრო პირები ჩინს რომ მიიღებენ, მერე ცდილობენ, რომ ღირსეულად ატარონ ის. მასწავლებლებმა კი უნდა იზრუნონ, რომ სამი წლის შემდეგ არ  " წაართვან" სტატუსი, რომელიც, ალბათ, დაიმსახურეს.
  ***
    მასწავლებელი ბევრს მუშაობს. მისი მიზანი განათლებული და ღირსეული მოქალაქეების აღზრდაა. დღეს, სამწუხაროდ, სქემა ისეთ საქმეებს მოითხოვს, რომ მასწავლებლის შრომა მთავარ მიზანს შორდება. სამწუხაროდ, აქტივობები, რომლებიც კრედიტების მოსაგროვებლად ხორციელდება, მასწავლებლებს საკუთარ სტატუსებზე დააფიქრებს და არა მოსწავლეების განათლებაზე. ვიფიქროთ ბევრი, დროის არასწორმა ხარჯვამ ჩვენი " სამწყსო" გზას არ ააცდინოს, " მწყემსო კეთილებო"!
    ცუდია, როცა საქმე მიზანს შორდება!
                               
                                                                         ქეთევან ილურიძე
                                                                          25 ნოემბერი
                                                                               2018 წ.

Friday, November 23, 2018

ანონიმური წერილი

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა IX კლასელებს აბრაამ ლინკოლის წერილი გააცნო "შვილის მასწავლებელს". შემდეგ დაავალა, რომ  შეერჩიათ მასწავლებელი და მისთვის წერილი მიეწერათ. მეც გავხდი ერთ-ერთი წერილის ადრესატი. ვკითხულობ ამ სტრიქონებს და გული საოცარი ძალით მევსება.
დიდი მადლობა, ელენე!