Saturday, September 22, 2018

შემოდგომა

   დამწიფებულიყო მზეც...
   ცაც მისი იყო და დედამიწაც.
   მისი ყვითელი, ატლასის მოსასხამის შრიალი ისმოდა.
   ქარვისფერ მტევნებშიც ცხორობდნენ მზის სხივები... მარცვლებში ჩამსხდარიყვნენ, იჭყიტებოდნენ ფოთლებიდან... ვენახი სითბოთი იყო სავსე, სიმყუდროვეს ფუტკრების ბზუილი არღვევდა. ისინის ფრთააფარფატებულები უახლოვდებოდნენ მტევნებს, მათში ჩასახლებული სხივებს ერიდებოდნენ თითქოს.
   მზის შვილები ყველგან იყვნენ...
   სიმინდს ბაჯაღლოსფერი მარცვლები...
   ძოწისფერი ბურთები, ბროწეულის გადამსკდარი კანიდან რომ იჭვრიტებიან...
   ჩაშაქრებული გულაბი მსხლები, ტოტები რომ დაუმძიმებიათ.
   მიწაზე წამოგორებული გოგრები, სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნებიერა შვილები...
   დამწიფებულიყო მზე... გავსებულსა და ჩახჩახასთითქოს თავისი სიმძიმის ცაც დაბლა ჩამოეწია. სიოს დაბერვაზე საამოდ ირწეოდა. ირწეოდა და ბედნიერად იწერებოდა...
   ყურძნის ჩამწიფებული, მზეჩასახლებული მტევნები საწნახელზე ფიქრობდნენ...
   ურმის ჭრიალი ჭრიჭინებს აკრთობდა...
   შემოდგომას კი უკვირდა...
   ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ნეტა მზე რაღამ დაამწიფაო?!
                                                                                             ქ. ილურიძე