Sunday, January 21, 2018

ცხოვრება

   მე რეჟისორი ვარ.
   შენც რეჟისორი ხარ...
   ისიც...
   ჩვენ ვდგამთ საკუთარ ცხოვრებას.თუ ნიჭი გვიწყობს ხელს,სცენარის ავტორებიც ვართ. რთულია და უინტერესო "ცხოვრების დადგმა" სხვისი სცენარით. მსახიობებსაც თავად ვირჩევთ, საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით, ჩვენი ცხოვრების "უნიჭო" და "ნიჭიერი", "თავმდაბალი" და "ქედმაღალი", " გონიერი" და "უგუნური" მსახიობები ჩვენ რომ ამოვირჩიეთ. გარემოს ვაბრალებთ, ხან - ბედისწერას, ხან- წუთისოფელს.
   ცხოვრება დიდი სცენაა.
   ჩვენ კი განუწყვეტლივ ვთამაშობთ.
   ვთამაშობთ დედაშვილობანას, სახლობანას, მასწავლებლობანას, მეზობლობანას, მეგობრობანას...( გახსოვთ, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დავიწყეთ ეს თამაში...).კითხულობ და მიბრაზდები: აბა, ქეთო, რას ამბობ? მე სულ ასეთი ვარ, არა, არა, არ შემიძლია თამაშიო! მეღიმება, როგორი ხარ? როგორი ეგეთი? სწორედ ეგ არის შენი როლი. როგორიც ხარ, ეგ უნდა შეასრულო კარგად.შენს ნიჭიერებაზეა დამოკიდებული, იყო თავისთავადი, სწორედ ეგეთი უყვარდე ხალხს.
    ნიღაბსაც ვირგებთ. აქაც ბრაზდები. ნიღაბი არ გინდა? ნუ გინდა, თუმცა იცოდე, ხანდახან ეგეც საჭიროა. ცხოვრების რომელიმე ეპიზოდმა შეიძლება ეგეც მოგთხოვოს და შენ ისე უნდა მოირგო, რომ სასაცილო არ გახდე...ესეც ცხოვრებაა!
   ის , სხვა, ჩვენზე ბედნიერია?
   იქნებ, ის, სხვა, ჩვენზე ნიჭიერი რეჟისორია...
   იქნებ, სცენარიც უფრო საინტერესო დაწერა ან დააწერინა ვინმეს...
   იქნებ, ის, სხვა, ჩვენზე კარგად თამაშობს საკუთარი ცხოვრების სპექტაკლში...( ჩვენ ხომ არ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მის რეპეტიციებზე!)
    მე რეჟისორი ვარ..
         შენც...
            ისიც..
                  და სხვაც..
    მთავარია, ჩვენი ცხოვრების სპექტაკლის მთავარი თემა სიყვარული იყოს...იდეა კი ამ სიყვარულით ერთმანეთის ცხოვრების გალამაზება!!!!!
                                                                                    ქეთევან ილურიძე
                                                                                       21.01.2018 წელი