2017 წლის 26 დეკემბერი
X1 კლასი - სამოდელო გაკვეთილი (პრობლემაზე ორიენტირებული)
მასწავლებელი - ქეთევან ილურიძე
თემა - პიროვნული თავისუფლების საკითხი ჰაგიოგრაფიულ გმირთა მხატვრულ სახეებში
Tuesday, December 26, 2017
Thursday, December 7, 2017
***
შენ ალგეთის ლეკვი ხარ!
შენ ჩემი ქვეყნის მომავალი ხარ!
შენ ხვალინდელი დღის გათენება ხარ!
თვალებში შემომხედე
და მომისმინე! ცხოვრება შენია, სიცოცხლე ლამაზია, საღად ფიქრი - ჯანმრთელობაა, სიყვარული-
გადარჩენაა...
იკითხე, ისწავლე, ცოდნა დაიგროვე და მამულს ისე უპატრონე.
ძმას ხელი ჩასჭიდე, მოყვასი გულით შეიყვარე და იცოდე, სამშობლო მიწის ერთ გოჯსაც ვეღარ
წაგართმევენ.
შეისისხლხორცე
თანაგანცდა. შეძელი, ხანდახან ცხოვრებას სხვისი თვალითაც შეხედო. იცოდე, მაშინ აღარ
შეგაწუხებს ბრაზი. საკუთარ თავს მიტევება ასწავლე. ადამის ძის მოღერებულ მუშტს ორივე
ხელი მოჰკიდე, მაგრად მოჰკიდე, გააშლევინე და ხელი ჩამოართვი. ეცადე და გადაარჩინე,
რომ ის მუშტის მონად არ იქცეს.
აპატიე... გული
გატკინეს? გაწყენინეს? ცუდად შემოგხედეს? შენი ღირსება შეილახა? მაინც აპატიე... ამაღლდი
სიძულვილზე, სამაგიეროს გადახდაზე...სისხლს ხომ სისხლით ვერ გადარეცხავ.მიიყვანე დამნაშავე
სინანულამდე, „ სიკეთით სძლიე შენს მტერსა...“დარწმუნდები, ღირსეულს უღირსები ღირსებას
ვერ შეულახავენ.
შეიყვარე მზე,
სითბო, სინათლე. დაწერე, დახატე, გამოძერწე...იფიქრე სხვებზე. მიეცი საშუალება გულსა
და გონებას, დრო და ადგილი ასწავლონ შენს ყოველ ნაბიჯს! შეიყვარე და გაუფრთხილდი. ყველაძე
მთავარი სიყვარულის შენარჩუნებაა. შეიგრძენი ბედნიერება და ყოველ წუთს გახსოვდეს, შენი
ბედნიერება სხვებსაც ეკუთვნით.
არც მწუხარებაა
მხოლოდ სხვისი. სხვისი მწუხარება გაიყავი. დამიჯერე, ეს შენს ბედნიერებას არაფერს დააკლებს.
უბრალოდ, შეძლებ, სხვას გაუადვილო ტვირთის ტარება.
ისწავლე მეგობრობის
ფასი. გაითანაბრე შენი მეგობრები, იფიქრე მათზე. თუ მათ თვალებში დარდს შენიშნავ, საკუთარ
თავს ჰკითხე: „რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა-თქო“.ამოუდექი მხარში, ნუ მიატოვებ
ჭირსა და ლხინში. მუდამ გახსოვდეს, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. ნუ
იქცევი საკუთარი თავის მტრად. წაიკითხე „ვეფხისტყაოსანი“ . რთული სასწავლია და არ გიყვარს?
ბევრი საზეპირო მოგცეს და ინტერესი დაკარგე? არა! არ ისწავლო, წაიკითხე, აუცილებლად
წაიკითხე...წაიკითხე , როგორც სიბრძნით სავსე წმინდა წიგნი. უბრალოდ, ყურადღებით კითხვას
მიეჩვიე და მერე მიხვდები, რატომ მოგვეცა ჩვენ, „კაცთა“, უთვალავი ფერებით სავსე სამყარო...
„იავთანდილე“ და მერე მასავით ამაყად თქვი: „ ნუ გეშინია! კაცი ვარ, ადამიანი!“-თქო.
შეიყვარე ვარსკვლავები,
დაბნელებულცაზე რომ კიაფობენ. დაწერე... დახატე... გამოძერწე...იცეკვე...დაუკარი...იმღერე...ძალა
შენებას მოახმარე და არა ნგრევას. ახალი ხე დარგე, მაგრამ მამაშენის დარგულსაც დაუსხი
წყალი, ნუ გაახმობ! შენს ვენახში გახარებულ ვაზს მიწა გაუფხვიერე, მზე მიუშვი მასთან,
გასხალი, ტოტები შეუსწორე, აკეთე ის, რასაც პაპაშენი აკეთებდა და სულ გახსოვდეს, რომ
მისი ცხოვრების გაგრძელება ხარ. მისი სიცოცხლე შენში დარჩა, ნუ მოკლავ მას შენში! ნუ
იქნები საკუთარი სისხლის მკვლელი!
სასთუმალთან ილიას
და ვაჟას ნაწერები დაიწყე. ძილისწინ მხოლოდ ერთი გვერდი წაიკითხე და დამიჯერე, სწორად
ფიქრს ისწავლი. არ დაიზარო, წაიკითხე...გადაშალე „კაცია-ადამიანი?!“...გადაშალე „მგზავრის
წერლიები“...დააკვირდი, როგორ ზრდის ოთარაანთ ქვრივი თავის შვილს...თვალი მიადევნე,
რა არის „დასაწყისი განთიადისა“...უკვე ისწავლე და აღარ გინდა ახლიდან წაკითხვა?მაინც
წაიკითხე...მიხვდები, როგორ გაიზრდება და დაიხვეწება შენი შეხედულებები.გაინტერესებს,
რა თქვა კლდემ მხოლოდ ერთხელ?გაინტერესებს, რა აწუხებს დაობლებულ შვლის ნუკრს. ხმელ
წიფელს, იას? V –VI კლასებში რომ ისწავლე, საკმარისია?! არა, კიდევ წაიკითხე. იტირე
შვლის ნუკრთან ერთად და ეგ ცრემლები გაგიწმენდს სულს... თუ ხმელ წიფელს ყურს კარგად
დაუგდებ, მიგახვედრებს , როგორ უნდა მოექცე ბებიებსა და პაპებს, დარწმუნდები, რომ მათ
ფესვებზე ამოსული ყლორტი ხარ- მათი ერთადერთი იმედი...ნუ მოუკლავ მათ იმედს!
თვალებში შემომხედე
და გულწრფელად მომიყევი, რა გაწუხებს... ნუ დამიმალავ.შეიძლება, ცოტა გაგიბრაზდე, მაგრამ
დამიჯერე, მოგეხმარები...სიბრაზე ნუ შეგაშინებს, ეგეც შენთვის მჭირდება, იცოდე.გაგიგებ,
მეც ჩაგკიდებ ხელს..
დამეყრდენი...
მკითხე...
თუ საჭიროდ ჩათვლი, მირჩიე კიდეც. დამიმეგობრდი, მაგრამ
სულ გახსოვდეს, რომ მე შენი უფროსი მეგობარი ვარ...
შენ კი ალგეთის ლეკვი...
შენ ჩემი ქვეყნის მომავალი ხარ...
შენ ხვალინდელი დღის გათენება ხარ! (ნუ დაღამდები...)
მე კი...
მე მშობელი ვარ შენი, რომელმაც სწორად სავალი ბილიკი
უნდა გაგიკვალო.
მე დედა ვარ შენი, „ ქართლის ვედრება რომ უნდა ვისმინო“
და ისე აღვზარდო შენი სული ( და არა მარტო სხეული!)
მე მასწავლებელი ვარ, რომელმაც თითოეული გაკვეთილი შენი
ბედნიერი მომავლისთვის უნდა დავგეგმო...
და თუ ეს ასეა, მაშინ თვალებში შემომხედე.შემომხედე
და მომისმინე...მომისმინე, გთხოვ!
ქეთევან ილურიძე
2017 წლის დეკემბერი
Subscribe to:
Posts (Atom)