Sunday, September 20, 2020

***

 

სექტემბერია...

შემოდგომის სურნელი უცნაურად ეპარება ბუნებას. მზე ლამობს ოთახებში შემოღწევას... ვზივარ და ვფიქრობ არცთუ მზიან საფიქრალზე!

რეალობა მუდმივად ძერწავს მხატვრულ სახეებს. სულ მალე აიღებს ვიღაც კალამს და დღევანდელი მასწავლებლის მხატვრულ სახეს შექმნის. დარწმუნებული ვარ, ირონიასაც არ დაიშურებს... აუცილებლად დაწერენ და გადაიღებენ იმას, რაც მკითხველს და მაყურებელს გააცინებს, უარეს შემთხვევაში, დასცინებენ კიდეც... აი, სწორედ აქ დაირღვევა ზნეობა, მორალი; აქ, ამ დროს, გატყდება ან გაიბზარება ადამიანური ფიქრები, განცდები, რადგან ეს არ იქნება ობიექტური კრიტიკა.

ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, დისტანციური გაკვეთილებიდან სულ ისმისო: „გესმის ჩემი ხმა?“ „ჩართე კამერა!“ „ჩართე მიკროფონი“ „ნუ აწკაპუნებ კლავიატურას“. უარესიც, ბავშვებმა მასწავლებელი პროგრამიდან გააგდესო, მასწავლებელს ხმა გაუთიშესო, მასწავლებელი თავის სიმაღლეზე რომ იდგეს, ამას როგორ გაუბედავენო?! ინტონაცია, ტონი, ფრაზა არ მოსწონთ... და ამაზე იცინიან კიდეც! სასაცილოა? საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე ვერასდროს ვიზრუნებთ მაგ სიცილით!

ყველამ უნდა იცოდეს, რას გრძნობს და რას განიცდის მასწავლებელი დისტანციური გაკვეთილების დროს...

მასწავლებლისთვის მოსწავლე შვილია... (ირწმუნეთ ეს!)

სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც შვილებს ვუზრდით ქვეყანას...

მოსწავლეს შვილივით მოფერება, ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა სჭირდება. ალერსთან ერთად ხანდახან ტონისა და ინტონაციის შეცვლაც... ტყუილ - მართალის ამოკითხვა შვილების ცხოვრებაში მშობელს უწევს, მოსწავლეების ცხოვრებაში - მასწავლებლებს... და, წარმოიდგინეთ, რა რთულია ამის კეთება დისტანციურად...

სიცარიელეა დისტანციურ გაკვეთილებზე.

რამხელა ძალა სჭირდება მასწავლებელს ეს სიცარიელე ამოუვსოს პატარებს... ცოდნასთან ერთად გრძნობებიც მიაწოდოს...

ალბათ, გაჭირდება იმის დაჯერება, რომ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ცრემლებსაც იწმენდს მასწავლებელი თვალებიდან... მე ეს ცრემლები საკუთრ ღაწვებზეც მიგრძვნია (საკმაოდ მწარეა!) და ჩემი კოლეგების თვალებზეც შემინიშნავს (სკოლიდან რომ ვატარებთ გაკვეთილებს, ერთმანეთის თვალებში ამის მეტს რას ვხედავთ?!)

რისაა ეს ცრემლი?!

მონატრების?! აწმყოს სამდურავის?! ღრმა ფიქრის - ურთიერთობები რომ აკლიათ დღეს ჩვენს შვილებს?! მომავლის შიშის - ვინ იცის, რამდენი რამ გამოგვეპარა ამ დისტანციური ურთიერთობების დროს?!

არ ვიცი...

ამ ცრემლებს სახელი იმ ადამიანებმა შეურჩიონ, რომლებიც დღევანდელი თავდადებული მასწავლებლების მხატვრული სახის შექმნას დააპირებენ...

ქეთევან ილურიძე




Sunday, July 19, 2020

მშობლები და შვილები

დღევანდელი ჩემი პოსტი მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ეხება - ეს ხომ მუდმივი, თან აქტუალური პრობლემაა.
დღევანდელი ჩემი წერილი ჩემი ასაკის და ჩემზე უფროსი, უფრო გამოცდილი მშობლების ხმამაღალი ფიქრია.
ხმამაღლა ვფიქრობ და ვიცი, ამ ფიქრს მხოლოდ მშობლების თაობა წაიკითხავს. შვილებს, სამწუხაროდ, კითხვა ეზარებათ... (არადა, როგორ მინდა, რომ წაიკითხონ!)
თაობებს შორის დაპირისპირება ცხოვრების თანმდევი პრობლემაა. ამას „თაობათ ბრძოლას“ ვუწოდებთ და ობიექტური თვალით შევაფასებთ კიდეც. დაპირისპირება არ ნიშნავს გაუცხოებას, დაშორებას, ცალ-ცალკე ყოფნას, ერთმანეთისგან გაქცევას, დამალვას.
თაობების ერთობა ცხოვრების ყველაზე ძლიერი გაკვეთილია... რამდენს ვსწავლობთ ერთმანეთისგან! შვილიც ვარ და დედაც, დიდიც ვარ და პატარაც, დედაჩემისთვის და ჩემი დედამთილისთვის შვილი ვარ, ჩემი შვილებისათვის - მშობელი... შუაში ვდგავარ, ამიტომაც მგონია, რომ რაღაცების შეფასება და დაფასება უკვე შემიძლია.
პროტესტი ორივე თაობას შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთის მიმართ. პატარა რომ ვიყავი, ხშირად მიფიქრია: არასდროს დავუშლიდი ჩემს შვილებს იმას, რასაც მე მიშლიდნენ. გავხდი მშობელი და ამ გადმოსახედიდან მეღიმება, დღეს მეც ისე ვიქცევი, როგორც ჩემი დედ-მამა იქცეოდა. ამ დაშლას, თურმე, სიფრთხილე ჰქვია.
მახსოვს, მარტყოფში როგორ გვსტუმრობდნენ ჩემი ბიძაშვილის - ბადრი ილურიძის მეგობრები. როგორ მასპინძლობდნენ უფროსები, ფრთხილად ემეგობრებოდნენ ერთმანეთს თაობები. ბიძაჩემი აუცილებლად იკითხავდა: ბავშვები რჩებიან თუ მიდიანო... უფრო მშვიდად იყო, თუ რჩებოდნენ. უფროსები არ დაიძინებდნენ, სანამ შვილის სტუმრები (ოჯახის სტუმრები) არ დაიძინებდნენ.
მახსოვს, უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, როგორ შემოგვთავაზეს ჩემი ჯგუფელის თიკო ბურჭულაძის მშობლებმა - პროფესორმა ბ-ნმა გენადი ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ციციმ, რომ ბანკეტი მათ სახლში გაგვეკეთებინა. ეს ზრუნვა იყო, თავიანი შვილის მეგობრებზე ზრუნვა, რადგან იმ არეულ პერიოდში (90-იანი წლები!) სხვაგან უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდით. გვიმასპინძლეს, გვიპატრონეს, ქ-ნი ციცი დავღალეთ კიდეც... ის ბანკეტი ჩემი ცხოვრების საინტერესო გაკვეთილია, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, დამაფიქრა, გამაბედნიერა.
დღეს უფროსებისგან დამოუკიდებლად გეგმავენ შვილები ე.წ „ფართებს“, ცალკე, სადღაც, უცნაურად... წვეულებამაც იერი დაკარგა და წვეულების წევრებიც ვერ უფრთხილდებიან ერთმანეთს ისე, როგორც საჭიროა. (იქნებ, ამ გაფრთხილებასაც მშობლების თაობამ უნდა მიაჩვიოს შვილების თაობა!)
შვილები მშობლებს გაურბიან, ცალკე „ერთობიან“... არც კი უთანხმდებიან, როგორ სჯობს, სად სჯობს, რატომ სჯობს... მშობლებმაც სიფრთხილე დავკარგეთ, არ ვუშლით, არ ვურჩევთ, იქნებ, არც ვცდილობთ, რომ ფეხაკრეფით მივუახლოვდეთ ჩვენი შვილების მეგობრებს, კარგად გავიცნოთ და ისე ვენდოთ.
თაობების ერთობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შვილებმა მშობლებს არ უნდა „ეომონ“. ჩარლი ჩაპლინი თავის შვილს - ჯერალდინას სწერდა: „მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე, ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე“. ჯანსაღ დაპირისპირების ურთიერთობები ადვილად იტანს; სწორად ვიცხოვროთ, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა წამითაც არ უნდა დავივიწყოთ... ღირსებები და ღირებულებები შევინარჩუნოთ; ამ ხანმოკლე წუთისოფელში ვიყოთ ერთად, ერთმანეთისთვის... ნუ დაემალება მშობლების თაობას შვილების თაობა, ნურც რჩევის კითხვას მოერიდებიან და ნურც პასუხთან „ომს“... თაობათა ერთობა არ ნიშნავს შვილების დამოუკიდებლობის დაკარგვას. სიცოცხლეს გაუფრთხილდით, იცოდეთ, თაობათა ერთობა სულაც არ შეგვიშლით ხელს, რომ პროგრესისათვის „ომში“ შვილების თაობამ გაიმარჯვოს!
                                                          ქეთევან ილურიძე

Monday, December 9, 2019

2019 წლის 9 დეკემბერი - XI კლასი

სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა, ერთგულება და ურთიერთგაგება... სწორედ ეს ქმნის ჯანსაღ გარემოს კლასში...


Thursday, May 9, 2019

წინსაფარი


რიტუალს ჰგავდა.
          ბებო მიუჯდებოდა ხოლმე ძველისძველ კიდობანს, ახდიდა, მზის სინათლეზე გამოიტანდა საკუთარ ნივთებს და ისევ ინახავდა. სულ მეგონა, რომ ამ დროს წარსულს ალაგებდა. სიყოჩაღე ეტყობოდა ამ საქმეს. თვალებშიც მიქანცული ვარსკვლავები ენთებოდნენ.
          ერთხელ ოთახში შემომაკითხა, ხელში წინსაფარი ეჭირა... ტილოს ლამაზად მოქარგული წინსაფარი მაგიდაზე დამიდო, იქვე ჩამომიჯდა, ნახე, ხომ ლამაზიაო, მკითხა.
          დავხედე, მართლაც, საოცრად ლამაზი იყო... სადა და უბრალო, თუმცა ძალიან ლამაზი - სიმეტრიულად მოქარგული. ნაქარგი ჯიბიდან იწყებოდა, ამოდიოდა, ორნამენტად იშლებოდა. ძოწისფერი, ქარვისფერი სხივები თითქოს პატარა ზურმუხტისა და ფირუზისფერ ჯვრებს იკავებდნენ... ეს პატარა ჯვრები კი სადღაც ზევით, გულისპირთან, ყვავილების გვირგვინად იწვნებოდნენ.
          მომეწონა, თითი გადავუსვი სხივებს... ბებომ შემომხედა: შენზე პატარა ვიყავი, დედამ რომ შემიკერა და მომიქარგა. თვალს ვადევნებდი, როგორ მოხატა, მერე კი საღამოობით იჯდა და ქარგავდა. მეგონა, წინსაფარი მზად რომ იქნებოდა, მეც მაშინ ვიქნებოდი დიდი. მივიფარებდი, ცომს მოვზელდი, მოზელილ ცომს ჯვარს გარდავსახავდი და მერე ხაჭაპურს გამოვაცხობდი...
          დღესაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ მივიფარე ეს წინსაფარი. სტუმრების მოსვლის დროსაც ვიფარებდი ხოლმე... მერე დედა წავიდა (ცრემლები ძლივს გადაყლაპა ბებომ). წინსაფარს ვუფრთხილდებოდი. პაპაშენიც პირველად რომ ვნახე, ეს წინსაფარი მეკეთა. მეზობელ დათიას მოჰყვა ჩვენთან, მაშინაც ცომს ვზელდი; დარჩით, ხინკალს აკეთებს ჩემი ყოჩაღი გოგოვო! - უთხრა მამაჩემმა. დარჩნენ. მახსოვს, როგორ შეავლეს სტუმრებმა ჩემს წინსაფარზე გადაშლილ ნაქარგებს თვალი.
          უკვე დაქალებული მხოლოდ ღირსშესანიშნავ დღეებში ვიკეთებდი ამ წინსაფარს. იცი, მაშინაც, თუ დედა ძალიან, ძალიან მენატრებოდაა... (ხელი სიყვარულით გადაუსვა!)
          ახლა შენ მოგცემ, შვილო... უკვე დიდი ხარ... შენც მიიფარებ ამას, გაცრი ფქვილს, მოზელ ცომს, გამოაცხობ ხაჭაპურს... რომ აღარ ვიქნები, გამიხსენებ! მე მიყვარს ეს წინსაფარი, ბები, შენც ხომ გეყვარება?! ხომ ლამაზია, შვილო?!
          გამეღიმა...
          ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი!
          ლამაზი და სავსე...მივხვდი, ეს წინსაფარი ბებიას გრძნობებს, განცდებს, სიყვარულს, მონატრებას, ქალობას „ინახავდა“ თითქოს.
-       მომწონს, ბები, ძალიან მომწონს!
ბებიას ცრემლები გადმოსცვივდა, სიხარულით სავსე ცრემლები... (ესენი აღარ გადაყლაპა, აღარც დამალა) უფრო მეტიც, წინსაფარზე დაეცნენ...
წინსაფარი ავიღე, კრძალვით დავკეცე და ჩემს კარადაში შევინახე. ბებიას თვალი არ მოუშორებია.
·      იმ შემოდგომით ბებო წავიდა...
კარადა რამდენჯერმე დავალაგე, დალაგებისას ბებიას წინსაფარი მომხვდა თვალში. მას თავისი ადგილი ჰქონდა. სიყვარულით შევახე ხელი... ვერ გავშალე, გული მეკუმშებოდა! ჯერ მონატრებაზე დიდი ტკივილი იყო...
·                დღეს კი საოცარი მონატრება ვიგრძენი... ბებიის თვალები გამახსენდა, სიყვარულით სავსე თვალები. სითბოთი გვიყურებდა ხოლმე შვილიშვილებს მაშინაც კი, თუ ზედმეტად ვიცელქებდით. „შემოგევლოთ ბებოვო!“ - ესეც მომენატრა...  მისი გულიწყრომაც მომენატრა, საჭმელს რომ არ ვჭამდით მაშინდელი. მომენატრა და წინსაფარი გამოვიღე კარადიდან. სწორედ იმ მაგიდაზე გავშალე, თვითონ რომ გაშალა რამდენიმე თვის წინ. ღმერთო,ეს ლამაზი წინსაფარი ბებიას ცხოვრებას როგორ იტევდა ... განცდები, ფიქრები, ცრემლი და სიხარული ეტყობოდა... კუთხეს შევავლე ხელი, ვინ იცის, რამდენჯერ მოუწმენდია ამით ცრემლი?! ნაქარგებს წავუსვი თითი, პატარა ნაწიბურები თვალებს მიჭრელებდნენ.
-                უკვე დიდი ხარ... მიიფარებ! გაცრი ფქვილს, მოზელ ცომს, გამოაცხობ ხაჭაპურს... - ბებიას სიტყვები გამახსენდა.
მივიფარებ, ბებო!
მივიფარებ, მაგრამ მე რომ ფქვილს არ ვცრი, არც ცომს ვზელ და ხაჭაპურსაც საკონდიტროში ვყიდულობ. ხინკალსაც სახინკლეში ვჭამთ... როდის მივიფარო?!
ბურუსში ბებიას გაწბილებულ ღიმილს ვხედავ!
ეს გაწბილებული ღიმილიც ბებიას წინსაფარზე დასახლდება სამუდამოდ!
2019 წლის მაისი
ქ. ილურიძე

Tuesday, April 23, 2019

"ვაჩუქეთ ერთმანეთს წიგნები" - წიგნებთან ერთად სიყვარული, სითბო, ყურადღება... კიდევ ერთი ლამაზი მოგონება!
ბავშვებო, თქვენ იცით, როგორ გაულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება... თქვენ დიდი სიყვარული შეგიძლიათ!
23 აპრილი - წიგნებითა და სიყვარულით სავსე დღე!
"თქვენთან ერთად ვიცხოვრო, რომ მოვყვე" - (მარკესის "იცხოვრო, რომ მოჰყვე")












Tuesday, April 9, 2019

დავბრუნდი


            ვიცოდი, ბევრი რომ მექნებოდა საფრენი. ვიცოდი, ფრთებიც დამეღლებოდა და გულიც, მაგრამ ეს არაფერია იმ სურვილთან შედარებით, რომელსაც საქართველოში დაბრუნება ერქვა. ერთად ვიფრინოთო, - უხმოდ ვუთხარით ერთმანეთს. აბა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ერთმანეთს ვპატრონობთ, ვამხნევებთ და ასე ვთელავთ ცის კამარას.
            მოვფრინავდით...
            ცად არაფერს ვეუბნებოდით ერთმანეთს. აფორიაქებული გულები გვიძგერდა, ყველა ვგრძნობდით ერთმანეთის გრძნობას. საჭიკჭიკო ხმებსაც საქართველოსთვის ვინახავდით. იცით, რა საოცარი გრძნობაა ცის ბილიკების გავლა, მათზე ჩვენი ნაფრთალი რომ ატყვია...
            დაღლა ვიგრძენით, მე თქვენ გეტყვით, სადმე ჩამოსკუპდები და დაისვენებ. ყველაზე გამოცდილმა ბერდედამ ამბების გახსენება დაიწყო. არ ვიცი, იმ წუთებში ეს თავად უფრო სჭირდებოდა თუ სხვებს. ჩვენი წინაპრისა და ბიჭო სესეს ამბავს იხსენებდა. აი, იმას, ქვა რომ ესროლა თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ჩვენს ბაბუა მერცხალს. ამ ამბავმა ის პატარა ბიჭი გამახსენა, ჩემი ბუდის სახლში რომ დაიბადა შარშან გაზაფხულზე. რანდენჯერაც ავჭიკჭიკდებოდი , ბიჭის დედა ფარდას გადასწევდა და პატარას ეუბნებოდა: მზე შენთვის ანათებს, მერცხალი შენთვის ჭიკჭიკებსო. მე ხმას კიდევ უფრო ვიუკეთესებდი, ნელ-ნელა, მეც დავიჯერე, რომ იმ პატარასთვის ვჭიკჭიკებდი. ჩემი ბუდე... რამდენი ვიწვალე მის ასაშენებლად... როგორც ჩანს, ბერდედას მცდელობა -  ჩვენ აველაპარაკებინეთ, კარგად გამიზნული იყო. დაღლილები ავლაპარაკდით, ჩვენს ბუდეებს ვიხსენებდით... ნეტავ, ისევ თუ დაგვხვდებაო?! - იკითხა ერთმა. ამ შეკითხვას წუწუნი მოჰყვა. ყველამ თქვა სათქმელი, წინასწარი სინანული, რამდენიმემ ცრემლებიც გადმოყარა, ასეთი დაღლილი ახალ ბუდეს როგორ ავაშენებო.
            ბერდედამ გამოცდილი თვალით გადმოგვხედა და გამოცდილი სიტყვა გვითხრა: ნუ, შვილო, ნუ დაიბოღმებით! ნუ იჯავრებთ წინასწარ დანგრეული ბუდეების გამო... ადამიანებსაც აქვთ, ალბათ, თავიანთი სიმართლე. დაალაგებენ აივნებს, მოხვდებათ ხელში მიტოვებული ჩვენი სასახლეები, იფიქრებენ, ჭუჭყის ბუდეაო, ღმერთო, გვაპატიეო და გადააგდებენ. მათ ხომ ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ სხვების სიხარულისა და სხვისი ტკივილის გაზიარება. მათ ხშირად ერთმანეთის არ ესმით, ერთმანეთს ვერ უფრთხილდებიან და ნუ გაიკვირვებთ, რომ ჩვენ გაგვიმეტონ... ისინი ხომ ერთმანეთის ბუდეებსაც ადვილად ანგრევენ!
            გამოცდილმა ჭეშმარიტებამ თითქმის ყველა გააჩუმა... მე გამეღიმა. რაო? რას იღიმიო? -მკითხეს... მე ცაში კიდევ უფრო მაღლა ავიჭერი, ერთი გემრიელად დავტრიალდი და ჩამოვძახე: მე ბუდე დამხვდება! მე ისეთ სახლში მაქვს ბუდე, რომ მისმა პატრონებმა იციან მზისა და მერცხლის ჭიკჭიკის მადლის ძალა.
            მერცხლები ჩემს ჭიკჭიკს აჰყვნენ.
            ვიფრინეთ...
            საქართველოს სიო ვიგრძენით და უფრო მეტად გავიხმატკბილეთ... ცად ერთმანეთს დავშორდით. ყველა საკუთარი ბუდისკენ გაეშურა.
            ჩემი ბუდე მოვძებნე... შეშინებული ვუახლოვდებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, ნამდვილად ვგრძნობდი, რომ დამხვდებოდა. ფრთააკრეფით მივუახლოვდი. ჩემი სახლი, ჩემი ნაწვალ-ნაშრომი ფუძე ხელუხლებელი დამხვდა.
            ნუთუ ამ სახლის პატრონს ჯერ არ დაულაგებია ნაზამთრალი აივანი?! დაალაგებს და ჩემს ბუდესაც მოანგრევს?! - საკუთარი ნაფიქრის შემეშინა. დაღლილი სხეული ბუდეში ჩავასვენე. რა სჯობს საკუთარ კუთხეში დასვენებას, თან ამხელა მგზავრობის შემდეგ! შევხედე საქართველოს ცას, მთებს, ბუნებას... ავჭიკჭიკდი... ნელ-ნელა ხმას მოვუმატე.
            შევნიშნე, ფარდა გადასწია ჩემი სახლის პატრონმა ქალმა, პატარა ბიჭიც ხელში ეჭირა (როგორ გაზრდილა უკვე!), ფანჯარა გამოაღო და შვილს უთხრა: ნახე, შენთვის დაბრუნდა ჩვენი მერცხალი! ნახე, შენთვის ჭიკჭიკებს! შენთვის ანათებს გაზაფხულის მზე!
            პატარა ბიჭი გულუბრყვილო, კეთილი თვალებით იყურებოდა.
            დავბრუნდი!
            დავბრუნდი!
            თურმე, ღირდა დაბრუნება!
ქ. ილურიძე