Sunday, June 10, 2018

ჩემი შეხედულება ექსკურსიაზე

   მასწავლებლის პროფესია მუდმივი პასუხისმგებლობაა. ერთ-ერთი საპასუხისმგებლო აქტივობა შენობის გარეთ დაგეგმილი ღონისძიებაა. სად წაიყვანო? როგორ წაიყვანო? რაზე გაამახვილო მეტი ყურადღება? არაფერი გამოგეპაროს... უყურებ ცას, არ გაგიწვიმდეს, არ გაგიცივდნენ; მგზავრობა არ გაჭირდეს. (ტრანსპორტზე ნაკლებად დარდობ, ჩვენი სკოლა ზრუნავს მის უსაფრთხოებააზე).
   ჩემს მეგობრებს უთქვამთ: რა ძალა გადგია? თავს რატომ იტკიებო?! თავის ატკიებაა, მაგრამ ესეც რომ საჭიროა?! ერ არ არის გართობა... გართობით სწავლაა და გართობის დროს აღმზრდელის დაკვირვება. ვის უჭირს ურთიერთობები, ვინ ვერ "იხსნება", ვის შეუძლია სითბოს გამოხატვა, ვინ არის სოციუმს განდგომილი,... თურმე ის მღერის, ის ძალიან ლაღია, ის კი საოცარი მზრუნველობით გამორჩეული. გაკვეთილის მოყოლის დროს არ შეგინიშნავს, რომ დედის სითბოს ეძებს შენში, უნდა მოვიდეს, მოგეხვიოს და გითხრას, რომ უყვარხარ...ის კი  კრძალვითა და მოწიწებით შესცქერის იმ ეროვნულ-კულტურულ სიძველეებს, რომლებთანაც მიიყვანე და აჩვენე. არადა, ფიქრობდი, რომ ეს ცელქი ბიჭი უინტერესო იყო. ხომ არ გშიაო? გზაში ჰკითხე და გაკვირვებულმა შემოგხედა... მორიდებით გამოგართვა ბუტერბროდი. მერე დაჯექი მათთან ერთად და ითამაშე, მათ ხუმრობებზე იცინე და თავადაც იხუმრე... ზომიერება შეინარჩუნე და ისინიც მიხვდნენ, სადამდე შეეძლოთ "გასვლა".
   7 საათზე ავტობუსში უნდა ვისხდეთო, რომ უთხარი, შეწუხდნენ, მაგრამ 7 საათს 10 წუთი აკლდა, რომ უკვე ისხდნენ... ეფერები და ხვდები, ორშაბათიდან კიდევ უფრო შენები რომ იქნებიან..
   ერთად ხართ-შენ, მშობელი და მოსწავლე- ვერ გათითოკაცდებით, თუ გინდა, რომ დასახული მიზნები ბოლომდე მიიყვანო.
   გზაში ისევ ნერვიულობ... (არ იმჩნევ!)
   მერე სათითაოდ არკვევ, სახლამდე როგორ მივიდნენ.
   ბრუნდები დაღლილი, ენერგიაგამოლეული და ფიქრობ, რა გაგიკეთებია, რა გაქვს გასაკეთებელი, ვის როდის უნდა უთხრა, როგორ უთხრა... არა! არაფერი არ უნდა გამოგეპაროს...
   კარგად დაგეგმილი ექსკურსია ერთი დიდი გაკვეთილია, შენთვისაც, მშობლებისათვისაც, მოსწავლეებისთვისაც... რთული და საპასუხისმგებლო გაკვეთილი!
    რთულია, მაგრამ ამასაც გავართმევთ თავს...მთავარია ------
    ღმერთმა ყოველთვის მშვიდობიანად გვამგზავროს!

                                                          ქეთევან ილურიძე
                                                                 10 ივნისი








No comments:

Post a Comment