Friday, June 8, 2018

"ბლუმის ტაქსონომია-ანალიტიკური აზროვნების განვითარებს გზა"


ბლუმის ტაქსონომია - ანალიტიკური აზროვნების განვითარების გზა


ქართული ლიტერატურის გაკვეთილების ძირითადი მიზანი მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. ამის მისაღწევად მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობასა და მეთოდს ვიყენებთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბლუმის ტაქსონომიაა.
„ტაქსო“ ბერძნული სიტყვაა და რიგის მიხედვით განლაგების კანონს ნიშნავს. ბლუმის პედაგოგიური მიზნების ტაქსონომია ეხმარება მასწავლებელს, გაერკვეს სწავლების მიზნებში  და ეს მიზნები დაალაგოს მათი მნიშვნელობის მიხედვით. ბლუმის კოგნიტური მიზნების იერარქიაში გამოიყოფა ექვსი კლასი - დაბალიდან მაღალი დონისაკენ: 1
                  ცოდნა à გაგებაàგამოყენებაàანალიზიàსინთეზიàშეფასება
ამ საფეხურების გათვალისწინებით ნაწარმოებების შესწავლის დაგეგმვა მოსწავლეებს გაუადვილებთ ტექსტის გაგებას, გააზრებას, ქვეტექსტების ამოკითხვას, მორალურ-ეთიკური პრობლემების ამოცნობასა და განზოგადებას, პერსონაჟებისა და ლირიკული გმირების შინაგანი სამყაროს „გახსნას“, მხატვრული ღირებულებების შეფასებას. თუ დავუკვირდებით, ექვსივე საფეხურის „ ავლაა“ საჭირო იმისათვის, რომ ნაწარმოები კარგად შეისწავლოს მოზარდმა, შეძლოს მასზე მსჯელობა, საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება.
VIII კლასში მოსწავლეები სწავლობენ ნ. ბარათაშვილის ლექსს “ ფიქრნი მტკვრის პირას“.ლექსი ფილოსოფიური ხასიათისაა, ლირიკული გმირი რიტორიკული შეკითხვებით მკითხველს მოუწოდებს იფიქროს: „ მაინც, რა არის ჩვენი ყოფა- წუთისოფელი?“რატომ მოვედით ამ ქვეყნად? როგორები ვართ ჩვენ, ადამიანები? ღირდა თუ არა წუთისოფელში მოსვლა?პოეტი ცდილობს, არგუმენტებით ( ორი მეფის ცხოვრების მაგალითით) გასცეს პასუხები კითხვებს.
13-14 წლის მოზარდებისათვის, ფაქტობრივად, ეს ლექსი ადამიანად ყოფნის სირთულეებზე დაფიქრების საწყისს წარმოადგენს. ამ დროს ჩამოყალიბებული შეხედულებები არაერთხელ გაახსენდებათ შემდგომ კლასებშიც, ნ. ბარათაშვილის „ ფიქრნი მტკვრის პირას“ ხომ საუკეთესო ლიტერატურული პარალელია მსგავსი თემატიკის ნაწარმოებების შესწავლის დროს. ეს ლექსი მკითხველს საკუთარი თავის შეცნობასა და შემდგომ წუთისოფელში დასამკვიდრებლად ეხმარება - აპოვნინებს ცხოვრების მიზანს ( „ მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა...“). ამიტომაც, მნიშვნელოვანია  ლექსის სიღრმისეული გააზრება და შეფასება, რაშიც ხელს შეგვიწყობს ბლუმის ტაქსონომია.
I საფეხური (ცოდნა)
გავიგოთ,რა იციან მოსწავლეებმა ცხოვრებაზე, წუთისოფელზე? რა გაუგიათ წუთისოფლის ამაოებაზე? რატომ იბადება ადამიანი, რა არის მისი ამქვეყნიური დანიშნულება?
II საფეხური( გაგება)
წავაკითხოთ ლექსი; გავაპერიფრაზებინოთ; ვამუშაოთ ლექსიკაზე; დავავალოთ, რაც გაიგეს, გადმოსცენ საკუთარი სიტყვებით.
III საფეხური (გამოყენება)
დავავალოთ ლექსში მოცემული საკითხები დააკავშირონ ცხოვრებას. დღესაც არიან თუ არა კეთილი და ბოროტი მეფეების მსგავსი ადამიანები. რა არის მათი ცხოვრებისეული მიზნები?
IV საფეხური ( ანალიზი)
ლექსი დავაშლევინოთ ნაწილებად:
·         პოეტის მიერ დასმული პრობლემა ( რიტორიკული შეკითხვები: „ მაინც რა არის ჩვენი ყოფა წუთისოფელი,თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?“ / „არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?“))
·         არგუმენტებით მსჯელობა დასმული პრობლემის გარშემო ( ორი მეფე...)
·         პრობლემის გადაჭრა ( „ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს...“)
·         მხატვრული საშუალებების ამოკრება და მათი მნიშვნელობების ახსნა
               V  საფეხური ( სინთეზი)
            დავავალოთ, ლექსის ნაწილები ერთ მთლიანობად წარმოიდგინონ და მსჯელობის საფუძველზე დაასახელონ, რა არის ლექსის თემა და რა არის ლექსის იდეა. რა საკითხზე დაფიქრებულა პოეტი და რა საკითხზე დააფიქრებს მკითხველს.
                VI საფეხური ( შეფასება)
            დავავალოთ, იმსჯელონ და შეაფასონ ლექსი, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები ლექსში წარმოდგენილ მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე. აღნიშნონ, რა გამოადგებათ ცხოვრებაში .ლექსის მიხედვით  დაწერონ თემები: „ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“ ან „ ჩვენ- შვილნი სოფლისა“.
            თუ კარგად დავაკვირდებით, ბლუმის ტაქსონომიით მიწოდებული მხატვრული ნაწარმოები მოსწავლეებს მიეხმარება, ტექსტის შესწავლის დროს იყვნენ უფრო თანამიმდევრულნი, ამოიკითხონ და გაიაზრონ,გაიგონ და შეისწავლონ, იმსჯელონ და შეაფასონ  - ეს ყველაფერი კი ანალიტიკური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მიერ განხილული კონკრეტული  მაგალითით კი მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ „ ნ. ბარათაშვილი ამ ლექსით ამქვეყნიურ ამაოებაში მარადისობას განჭვრეტს და ჩვენც წარმავალი, ფუჭი ღირებულებების უარყოფას, ყოფით პრობლემებზე ამაღლებას გვასწავლის“ 2
                                                          ქეთევან ილურიძე
                                 არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ ქართული ენისა და      ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
1.      განათლების ფსიქოლოგია (დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის) თბ.2005წ.
2.      ლ. დათაშვილი, შვილი სოფლისა, ქართველი მწერლები სკოლებში, თბ. 2007წ.

No comments:

Post a Comment